კომპანიები, რომელთაც 2021 წელს საკუთარი აქციები საფონდო ბირჟებზე განათავსეს

კომპანიები, რომელთაც 2021 წელს საკუთარი აქციები საფონდო ბირჟებზე განათავსეს

მიუხედავად გასული წლის სირთულეებისა, 2021 წელი მაინც ნაყოფიერი გამოდგა გლობალური ბაზრისათვის და განსაკუთრებით იმ კომპანიებისათვის, რომელთაც სწორედ შარშან განათავსეს საკუთარი აქციები საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ. ასეთი კომპანიების რიცხვი კი საკმაოდ ბევრი იყო. ზოგ მათგანს ეს ნაბიჯი 2020 წელს უნდა გადაედგა, თუმცა პანდემიის გამო პროცესი შეფერხდა. ზოგმაც ბაზრის მზარდი ტემპი თავის სასიკეთოდ გამოიყენა და სწორი დრო შეარჩია.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ კომპანიებს, რომლებიც საჯარო სწორედ შარშან გახდნენ და ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდათ. თუმცა, სანამ უშუალოდ კომპანიების მიღწევებზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა პროცესია აქციების საჯაროდ გატანა.

როდესაც კომპანიას სურს, რომ საკუთარი მომხმარებლები კომპანიის აქციონერებად აქციოს და ამით კომპანიის ზრდას შეუწყოს ხელი, კლასიკური მეთოდი აქციების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ გატანაა. ამისათვის ყველაზე გავრცელებული გზა Initial Public Offering-ი, იგივე IPO გახლავთ. IPO-ს დროს კომპანია უკვე არსებულ აქციებს რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შექმნილ ახალ აქციებს ამატებს და ამ ყველაფერს საჯაროდ ყიდის.

თუმცა, აქციების საჯაროდ ხელმისაწვდომობის სხვა გზებიც არსებობს. SPAC-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზაა. ის ახალი კომპანიის შექმნას გულისხმობს მხოლოდ იმ მიზნობრიობით, რომ კომპანიის აქციების საჯაროდ განთავსებისათვის დამატებით კაპიტალს მოიძიებს. აღნიშნული გზა ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული ხდება. არსებობს მესამე გზაც, რაც უკვე არსებული აქციების საჯაროდ განთავსებას გულისხმობს, თუმცა ასეთ შემთხვევაში კომპანიის ღირებულება ბევრად დაბალია.

2021 წლის ყველაზე ძვირად ღირებული IPO-ების უმეტესობა ტექნოლოგიების სფეროდან იყო. მათ უმეტესობას კი მობილური აპლიკაციები, ვებგვერდები და ონლაინსერვისები შეადგენდა. ერთ-ერთი ასეთი სამხრეთკორეული ონლაინბაზრობის  პლატფორმა Coupang-ი გახლდათ, რომელიც IPO-ს შემდეგ 60 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. საკმაოდ დიდი შეფასება დაიმსახურა ჩინურმა Didi-მაც. მისმა ღირებულებამ აქციების საჯაროდ გატანის შემდეგ 73 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გარდა ამისა, საკუთარი აქციები საფონდო ბირჟებზე განათავსა ცნობილმა ონლაინთამაშმა,  Roblox-მაც, რომლის ღირებულებამაც 30 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს საჯარო გახდა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პლატფორმა Coinbase-ც.

2021 წელს ავტოინდუსტრიულ რბოლას კიდევ ერთი ამერიკული ავტომწარმოებელი, Rivian-ი შეუერთდა. ის 2021 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკული IPO-ც კი გახდა. ელექტრომობილების მწარმოებლის ღირებულებამ IPO-ს შემდეგ 66.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ბაზრის ანალიტიკოსებისა და ექსპერტების მოლოდინით, 2022 წელსაც მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება და კვლავ ტექნოლოგიური კომპანიები განაგრძობენ ლიდერობას.