საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე გასულ წლის ბოლოსთვის 2,400 კილომეტრს შეადგენდა. აღნიშნულის 98.4% კი ელექტრიფიცირებული გახლდათ.
საქსტატის თანახმად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზამ 2.2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 42.3%-ით აღემატება. მათი სრული უმრავლესობა (98.2%) ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმშია გადაყვანილი. მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2023 წლის ბოლოსთვის 687.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრით განისაზღვრა. გასულ წელს საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში საქართველოს რკინიგზამ 40.7 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 15.8%-ით ნაკლებია. საერთაშორისო მიმოსვლის ერთადერთი მიმართულება 2023 წელს სომხეთი გახლდათ.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზით 13.6 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც გასული წლის მონაცემზე 8.2%-ით ნაკლებია . აღნიშნული მოცულობის 12% – ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.1% – საერთაშორისო გადაზიდვაზე, 56.9% კი ტრანზიტულ გადაზიდვებზე მოდის. გასულ წელს რკინიგზით გადატანილი ტვირთის 27.4% – ექსპორტზე, 72.6% კი იმპორტზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 47.4% რუსეთის ფედერაციიდან, 26.5% კი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. სხვა შემომტანებს შორის არიან თურქმენეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ბელარუსი და ჩინეთი.
რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს რკინიგზით ქვეყნიდან გატანილი ტვირთების 12%-ისთვის დანიშნულების ადგილს ყაზახეთი, 10%-ისთვის – სომხეთი, 9.5%-ისთვის – რუსეთი, ხოლო 4.5%-ისთვის აზერბაიჯანი წარმოადგენდა.