2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა

2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 358.5 ათასი მგზავრია გადაყვანილი. მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 875.3 მილიონ მგზავრ-კილომეტრს შეადგენს. საინტერესოა, რომ გადაყვანილი მგზავრების მაჩვენებელი 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 100%-ითაა გაზრდილი.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 224.2 ათასი ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც 66.4%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთების მოცულობა ყველაზე მაღალი 2022 წელს იყო და 667 ათას ტონას შეადგენდა. 2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 1,100 სატვირთო რეისი განხორციელდა. გასულ წელს ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობა 19.6 ათასი ტონით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 34.8%-ით მაღალია. აეროპორტებმა მიიღო 2.9, ხოლო გაამგზავრა 3.1 მილიონი მგზავრი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის საერთაშორისო მოგზაურობის მაჩვენებელი სრულად აღდგა, ვინაიდან იგი აღემატება პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემსაც. 2019 წელს საქართველოს აეროპორტები 5.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა. 2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. ჯამში, აეროპორტებიდან განხორციელებული რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი შეადგინა, რაც ასევე აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელს (23.5 ათასი).

ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში 60 ერთეული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული. საქართველოს აეროპორტებში ფუქციონირებს  6 ასაფრენი ბილიკი, 56 გამშვები პუნქტი და 25 სამგზავრო გასასვლელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *