2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 2023 წლის იანვარი-ივნისის ექსპრეს-მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.26 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს 20.1%-ით აჭარბებს.

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი 3.05 მილიარდ აშშ დოლარს, იმპორტის წილი კი 7.21 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირველ შემთხვევაში ზრდამ 19.2%, მეორე შემთხვევაში კი – 20.4% შეადგინა.

2023 წლის იანვარ-ივნისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.1 მილიარდს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6%-ს წარმოადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივლისს გამოქვეყნდება.