ილონ მასკმა ახალი კომპანია xAI დააფუძნა

ილონ მასკმა ახალი კომპანია xAI დააფუძნა

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა 12 ივლისს ახალი AI კომპანიის, xAI-ს დაფუძნების შესახებ განაცხადა. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამომავლო გეგმებსა და ახალ კომპანიასთან დაკავშირებულ დეტალებს მასკი და მისი გუნდი პარასკევს, 14 ივლისს Twitter Spaces-ის პირდაპირ ეთერში წარმოადგენენ.

მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტის ახალი კომპანია xAI-ს მიზანი „სამყაროს ნამდვილი ბუნების გაგება“ იქნება.

ახალი xAI-ს გუნდში იპოვით ისეთი კომპანიების ყოფილ თანამშრომლებს, როგორიცაა: DeepMind, OpenAI, Google Research, Microsoft Research, Twitter და Tesla. მათ შორის არიან ისინიც, ვინც მუშაობდნენ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა DeepMind-ის AlphaCode და OpenAI-ის GPT-3.5 და GPT-4 ჩეთბოტები. როგორც ჩანს, მასკი ახალი კომპანიის საშუალებით კონკურენციას გაუწევს OpenAI, Google და Anthropic, რომლებიც წამყვანი ჩეთბოტების, ChatGPT-ის, Bard-ისა და Claude-ის უკან დგანან.

ახალი კომპანიის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მიმდინარე წლის აპრილში, Financial Times-მა გაავრცელა. გამოცემა იუწყებოდა, რომ მასკმა ახალი წამოწყებისთვის Nvidia-სგან ათასობით GPU პროცესორი შეიძინა. აპრილშივე, მასკმა Fox News Channel-ზე ინტერვიუს დროს გააზიარა თავისი გეგმების დეტალები ახალი AI ინსტრუმენტის შესახებ, სახელწოდებით “TruthGPT”. მილიარდერმა დაამატა, რომ შიშობს, რადგან არსებული AI კომპანიები პრიორიტეტს “პოლიტიკურად კორექტულ” სისტემებს ანიჭებენ.