ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი 20-ზე მეტი სახელმწიფო წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს დახარჯავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავდაცვის ხარჯები ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ გაზარდა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მინიმალურ სამიზნე ბიუჯეტს აკმაყოფილებდა, ხუთი წლის წინ 10-ზე ნაკლებს შეადგენდა.
მთლიანობაში ევროპულმა სახელმწიფოებმა და კანადამ ნატოს ბიუჯეტი წელს 18%-ით გაზარდეს, რაც ათწლეულების განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. „ხოლო ნატოს 23 წევრი სახელმწიფო თავდაცვაზე წელს მშპ-ის 2%-სა და მეტს დახარჯავს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ ნატომ 2%-იანი ზღვარი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ დააწესა. იმ დროისათვის კი სამიზნე ზღვარს მხოლოდ სამი ქვეყანა: აშშ, საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი აკმაყოფილებდა. მაშინ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში 28 წევრი ერთიანდებოდა. დღეს ნატოს წევრ სახელმწიფოთა რიცხვი 32-ს შეადგენს.
ზღვართან თანხვდენილობის საკითხი აქტიურად დონალდ ტრამპმა საკუთარი პრეზიდენტობისას წამოჭრა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი აღნიშნული საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა.