2026 წელს ესტონეთი უკრაინას €100 მილიონზე მეტის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

2026 წელს ესტონეთი უკრაინას €100 მილიონზე მეტის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ესტონეთი მომავალ წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 100 მილიონ ევროზე მეტის (დაახლოებით $117 მილიონზე მეტი) გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა, 14 სექტემბერს კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ესტონეთი გააგრძელებს უკრაინისთვის მიზნობრივი მხარდაჭერის გაწევას რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში. მომავალ წელს ჩვენ ასევე დავიცავთ პრინციპს – ჩვენი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 0.25% უკრაინის დახმარებისთვის იქნება გამოყოფილი“, – აღნიშნა პევკურმა.

მინისტრის ინფორმაციით, 2026 წელს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში ესტონური თავდაცვის კომპანიები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ.

როგორც ირკვევა, ტალინი ასევე გააგრძელებს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნასა და ქვეყნის თავდაცვის სექტორში IT-გადაწყვეტილებების მხარდაჭერას.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ესტონეთი კიევის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია და მას ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას აქტიურად სთავაზობს.

The Kyiv Independent-ის ცნობით, ომის დაწყებიდან ესტონეთმა უკრაინას 500 მილიონ ევროზე მეტის (527 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია, რაც ქვეყნის მშპ-ის 1.4%-ს შეადგენს.