2026 წელს ინვესტორებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები

2026 წელს ინვესტორებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები

ფოტო: Shutterstock

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-მა 2026 წელს ინვესტორებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს, რამდენად კარგად არის დაცული კაპიტალი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი არ ეფუძნება საინვესტიციო მოგების პოტენციალს. ამის ნაცვლად, ქვეყნები შეფასებულია იმით, რამდენად მდგრადია მათი ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა პოლიტიკური სტაბილურობა, ინფლაცია, მმართველობის ხარისხი, სახელმწიფო ფინანსები, ვალუტის სტაბილურობა და სხვა მაჩვენებლები.

კვლევის მიხედვით, 2026 წელს ინვესტორებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა შვეიცარიაა, რომელმაც 100-ქულიანი სისტემით 88.4 ქულა მიიღო. მეორე და მესამე ადგილებს, შესაბამისად, დანია და ნორვეგია იკავებენ.

რეიტინგში აშკარად დომინირებენ ევროპული ქვეყნები. პირველ ათეულში ცხრა ევროპული სახელმწიფოა. ტოპ-10-ში ერთადერთი არაევროპული ქვეყანა სინგაპურია, რომელიც ძლიერი სახელმწიფო მმართველობის, მდგრადი საჯარო ფინანსებისა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს წყალობით მეოთხე ადგილს იკავებს.

Henley & Partners-ის შეფასებით, დღეს ინვესტორებისთვის უსაფრთხოების მთავარი განმსაზღვრელი ეკონომიკის ზომა აღარ არის. გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტები, პასუხისმგებლობიანი ფისკალური პოლიტიკა და სანდო მონეტარული სისტემა.

ამ მიდგომით, მცირე, მაგრამ სტაბილური ეკონომიკების მქონე ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, დანია და სინგაპური, რეიტინგში ბევრად უფრო დიდ ეკონომიკებს უსწრებენ.

აღსანიშნავია, რომ ამავე მეთოდოლოგიით რეიტინგში აშშ მხოლოდ 24-ე ადგილს იკავებს, რადგან შეფასებისას ეკონომიკის მასშტაბთან ერთად პოლიტიკური სტაბილურობა, ინფლაცია, სახელმწიფო ფინანსები, ვალუტის მერყეობა და მმართველობის ხარისხიც არის გათვალისწინებული.

2026 წელს ინვესტორებისთვის 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა:

ადგილიქვეყანაქულა
1შვეიცარია88.4
2დანია85.1
3ნორვეგია83.5
4სინგაპური83.4
5შვედეთი83.2
6ლუქსემბურგი83.0
7ფინეთი82.1
8ნიდერლანდები80.8
9გერმანია80.7
10ისლანდია79.8