ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „დასრულებულია“. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა, ხოლო თეირანმა საპასუხოდ სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა.
NATO-ს სამიტზე, რომელიც ანკარაში მიმდინარეობს, ჟურნალისტების კითხვაზე, დასრულდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ტრამპმა უპასუხა: „ჩემთვის ეს დასრულებულია.“
ამასთან, მან ირანის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აღარ სურს მათთან მოლაპარაკებების გაგრძელება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, კონსულტაციებს გამართავს, ახლა გადაწყვეტილება თეირანზეა დამოკიდებული.
ტრამპმა ირანი ასევე დაადანაშაულა 17 ივნისს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევასა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებების არასწორად წარმოჩენაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ღამით განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. სამხედრო უწყების ცნობით, ოპერაცია პასუხი იყო ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში სამ სავაჭრო გემზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
CENTCOM-ის განცხადებით, დარტყმების სამიზნეებს შორის იყო ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მართვისა და კონტროლის ქსელები, სანაპირო რადარები, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო შესაძლებლობები და ისლამური რევოლუციური გვარდიის 60-ზე მეტი მცირე ზომის კატარღა.
აშშ-ის სამხედრო უწყების განმარტებით, ოპერაციის მიზანი იყო „მძიმე ფასის გადახდევინება“ ირანისთვის საერთაშორისო წყლებში სამოქალაქო ეკიპაჟებით დაკომპლექტებულ კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო. CENTCOM-მა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა აშშ მზად არის კვლავ იმოქმედოს, თუ შეთანხმების პირობები კვლავ დაირღვევა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ამერიკული იერიში „აბსოლუტურად აუცილებელი“ იყო.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონი შეთანხმების არაერთგზის დარღვევაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომებით დაემუქრა. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ზეწოლისა და გამოძალვის ეპოქა დასრულებულია“ და ირანი „არ დანებდება“.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ბანდარ-აბასში, კეშმსა და სირიკში. ქვეყნის ცენტრალურმა სამხედრო სარდლობამ კი განაცხადა, რომ „ამ აგრესიასა და ტერორისტულ აქტს გადამწყვეტი პასუხი გაეცემა“ და ირანი არ დაუშვებს ჰორმუზის სრუტის მართვაში სხვა ქვეყნების ჩარევას.
ამავდროულად, ბაჰრეინში, სადაც აშშ-ის მეხუთე ფლოტია განთავსებული, სარაკეტო განგაშის სირენები ჩაირთო. ქუვეითის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები მტრულ რაკეტებსა და დრონებს იგერიებდნენ.
დაძაბულობის ფონზე აშშ-მა ასევე გააუქმა ლიცენზია, რომელიც ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლეოდა და დროებითი შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა.
ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის (UKMTO) ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტესთან, ომანის სანაპიროსთან, თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო კიდევ ორი გემი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ორივე ხომალდმა სრუტეში მოძრაობა გააგრძელა.










