კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საკუთარი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ავიაკომპანიამ, ამერიკულმა Delta Air Lines-მა გადაწყვიტა, რომ 2050 წლისთვის კომპანიის საწვავის მოხმარების, სულ მცირე, 95% მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ The Verge-ი წერს. მდგრადი საავიაციო საწვავი, რომელიც სპეციალური პროცესის გამოყენებით ნარჩენებისა და მარცვლეულისგან მიიღება, ბუნებრივ წიაღისეულთან შედარებით, ამ ეტაპზე, საავიაციო ინდუსტრიისთვის საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევა.
მდგრადი საავიაციო საწვავი ბიოსაწვავის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მცენარეებისგან ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან მიიღება და თვითმფრინავი, რომელიც ამ ტიპის საწვავს იყენებს, გაცილებით ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფს. თუმცა, ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება ბიოსაწვავის დამზადების პროცესში, რომელიც, უმეტესწილად, ორნაირია: იმ შემთხვევაში, თუ საწვავი მარცვლეულისგან, ანუ სიმინდისა ან სოიისგან მიიღება, პროცესში ფოტოსინთეზი ერთვება, რომლის დახმარებით მცენარე ნახშირორჟანგს შთანთქავს, ხოლო საწვავის ნარჩენებისა და ნაგვისგან დამზადების პროცესში, ხდება იმ სათბური ეფექტების უგულებელყოფა, რომლებსაც ნაგავსაყრელები წარმოშობს.
მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებას, ცხადია, ალტერნატივებიც აქვს, მაგრამ ისინი, ამ ეტაპზე, ნაკლებადაა განვითარებული. ელექტროთვითმფრინავები, მაგალითად, შორ მანძილებზე ვერ დაფრინავენ, რადგან ამისთვის საჭირო ელექტრობატარეები ძალიან მძიმეა. მსგავსი მდგომარეობაა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების შემთხვევაშიც, რომელთა დიზაინი საგრძნობლად უნდა შეიცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში შორ მანძილებზე ფრენისთვის საჭირო ავზი იქ უბრალოდ არ დაეტევა. Delta, რომელზეც ეს-ესაა მოგიყევით, ორთავე ზემოხსენებულ მიმართულებას ავითარებს, რისთვისაც Airbus-სა და Joby Aviation-თან თანამშრომლობს. კომპანიას გაცხადებულიც კი აქვს, რომ 2050 წლისთვის რევოლუციურმა საფრენმა აპარატებმა მისი საავიაციო ფლოტის მეოთხედი უნდა შეადგინოს.
თუმცა, რაგინდ ამაღელვებლად უნდა ჟღერდეს Delta Air Lines-ის გეგმა ბუნებრივ წიაღისეულზე დაფუძნებული საავიაციო საწვავის თითქმის სრულად მდგრადი საავიაციო საწვავით ჩანაცვლების თაობაზე, ხელშეკრულებები, რომლებიც ავიაკომპანიას 50-მდე კორპორაციულ კლიენტთან აქვს გაფორმებული, 757 მილიონ ლიტრ საწვავს ეხება, რაც ზღვაში წვეთია იმ მოცულობასთან შედარებით, რომელიც ავიაკომპანიას სჭირდება. როგორც ავიაკომპანია ამბობს, მთელ მსოფლიოში წარმოებული საავიაციო საწვავი, ჯამურად, კომპანიას ერთი დღეც კი არ ეყოფა.
ყველაფერი ეს, ცხადია, კომპანიის მიერ დასახულ გეგმას უკავშირდება, რომლის თანახმად, 2050 წლისთვის, Delta Air Lines-ი ნეიტრალურგამონაბოლქვიან კომპანიად უნდა იქცეს. ამისთვის, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, თუ, ცხადია, არაფერი შეიცვალა, მდგრადი საავიაციო საწვავი Delta Air Lines-ის მოხმარების 10%-ს შეავსებს, 2035 წლისთვის – 35%-ს, ხოლო 2050 წლისთვის – 95%-ს. თუმცა, როგორც თავად კომპანიამ განაცხადა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლებისა და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების მონაწილეობა, რადგან საავიაციო საწვავის გამართული მიწოდების ჯაჭვების შესაქმნელად დამატებითი ინვესტიციები და მოთხოვნა არის საჭირო.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მდგრად საავიაციო საწვავზე მოთხოვნის მკვეთრი მატებისას, რომელიც დაბალანსებული იქნება ზოგადად ავიამიმოსვლაზე შემცირებული მოთხოვნით, ამ მიზნით გამოყენებულმა პლანტაციებმა შესაძლოა, მსოფლიოს ნედლი მიწის 19% შეადგინოს, რაც, ცხადია, ბუნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ამ ყველაფრის ფონზე, კლიმატის ცვლილების კუთხით, გლობალური ავიაცია ერთ-ერთ ყველაზე რთულ ინდუსტრიადაა მიჩნეული, რომლის გაწმენდას კოლოსალური შრომა და თანხები სჭირდება. Delta Air Lines-მა, მაგალითად, 2021 წელს 27 მილიონი მეტრული ტონა ნახშირორჟანგი გამოყო, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც სამოცდა რვა გაზზე მომუშავე ელექტროსადგური გამოყოფს ერთი წლის განმავლობაში. Delta-ს გამონაბოლქვის უდიდესი ნაწილი, ანუ 98%, ცხადია, საწვავზე მოდის.
ბოლო წლებში, ნახშირორჟანგის პრობლემებთან გამკლავებას ავიაკომპანიები ნახშირორჟანგის კომპენსაციის სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმით ახერხებდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიები იმ რაოდენობის ხეებს რგავდნენ, რაც მათ მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გადამუშავებისთვის იყო საჭირო. თუმცა, როგორც ბოლო წლებში გამოჩნდა, გაუმართავი მენეჯმენტის და საერთო ჩარჩოს არარსებობის გამო, აღნიშნული მექანიზმი მეტად არაეფექტიანია. ამ ყველაფრის ფონზე, ავიაკომპანიებმა მდგრად საავიაციო საწვავზე გადასვლა არჩიეს – Delta Air Lines-ის გარდა, სიაში ასევე ვხვდებით JetBlue-ს, Air France-სა და easyJet-ს.