განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა

განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია – „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“ ჩატარდა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.

ღონისძიებას, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

„ჩვენი პარტნიორის – თიბისის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში ენერგეტიკის დარგში მოღვაწე ყველა ძირითადი მოთამაშისა და წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა ამ დარგის მნიშვნელოვნად გააქტიურებაზე მეტყველებს. ეს, რა საკვირველია, ხელშეწყობის ახალი მექანიზმის ამოქმედების, პირველად წელს გამართული სიმძლავრის აუქციონისა და ბაზრის გახსნის მოლოდინის ეფექტია. ვთვლით, რომ ჩვენი ღონისძიება მეტად დროულია, რადგან ახლა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე კერძო ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის ხელმისაწვდომობა. GREDA, რომელიც განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს, მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის მსგავსი ინიციატივებით მხარდაჭერას“, – გიორგი აბრამიშვილი, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ენერგო რესურსის პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული და ქვეყანა აღნიშნული რესურსის იმპორტიორია მაშინ, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ისეთ ღონისძიებას ვუჭერთ მხარს, რომელიც დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს, კომპანიებს კი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს აცნობს. თიბისის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული – ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნულ სექტორში თიბისის ჯამური პორტფელი – 800 მლნ ლარამდე, ბაზრის წილი კი 70%-ს შეადგენს და შედეგად, ბაზრის ლიდერები ვართ. აქვე მინდა აღვნიშნო ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების სულ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანი ტენდენცია. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვაფინანსებთ რამდენიმე პროექტს და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დარგის განვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ღონისძიება კომპანიებთან – Andritz Hydro და Voith Hydro ოფიციალური პარტნიორობით ჩატარდა. S