21-ე საუკუნის ფინანსური ნიჰილიზმი და სიმდიდრის ალგებრა

21-ე საუკუნის ფინანსური ნიჰილიზმი და სიმდიდრის ალგებრა

დღევანდელ სწრაფ ციფრულ ეპოქაში სიმდიდრის გაგება ღრუბლების დევნას ჰგავს. კი, აქტივების გაციფრულებამ ინვეს­­ტირება ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ ამასთანავე გაართულა „ღირებულების” განმარტება. მაგალითად, ოდესმე გიცდიათ არაციფრული ადამიანისთვის – ვთქვათ, ბაბუისთვის – ბიტკოინის ღირებულების ახს­­ნა? ან NFT-ების? ალბათ, კი – მაგრამ წარმატებულად?

დღეს უკვე ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელ­­შიც ადამიანთა მცირე ნაწილი ციფრული მაიმუნის სურათების გაყიდვით მილიონებს შოულობს, უმეტესო­ბა კი კვირაში 40 საათი მხოლოდ იმისთვის შრომობს, რომ შემდეგ თვემდე არსებობა შეძლოს. უცნაური შეუსაბამობაა – გაწეულ შრომასა და ანაზღაურებას შორის ურთიერთშედეგობრივი კავშირი იკარგება. ამბობდნენ, „წარმატება შრომისმოყვარეობის გარეშე არ მიიღწევაო” – თითქოს სწორად ჟღერს, რომ გაწეულ შრომასა და ანაზღაურებას შორის მკაფიო კავშირი უნ­­და იყოს. თუმცა ეს კავშირი უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება.

აი, დაფიქრდით, ერთ მხარეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე მშენებლობაზე ფიზიკურად ირ­­ჯება და რომლისთვისაც ყოველი გამომუშავებული ლარი ხელშესახები და ღირებულია. მეორე მხარეს კი ციფრული აქტივებით მოვაჭრე ადამიანები დგა­ნან, იქნება ეს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა თუ NFT „ბოტასებით” სირბილი (STEPN გახსოვთ?), რომლებიც არანაირ ღირებულებას არ ქმნიან – მათთვის ფული ეფემერულია და, აღქმის დონეზე, ვიდეოთამაშების ქულებს უფრო ჰგავს, ვიდრე საბანკო ამონაწერს.

ოდესმე Reddit-ზე კრიპტოტრეიდინგის ჯგუფებ­­ში თუ შესულხართ ან, ქართულ რეალობაში, მსგავს Facebook-ჯგუფებში თუ შეგიხედავთ, ორი ტიპის ადამიანს აუცილებლად გამოარჩევთ – ერთი ნაწი­ლი (უმცირესობა) წარმატებული ვაჭრობის შედეგებს პოსტავს, მეორე კი თავიანთ წაგებებზე კომენტარებ­­ში სახეს იხოკავს. მაგრამ ეს მოგების პოსტები ისევე სანდოა, როგორც მთავრობის პრესკონფერენციები – მხოლოდ კარგ ამბებს რომ იუწყებიან. რეალურად ტრეიდერების მხოლოდ 5% გადის გრძელვადიან მო­გებაზე, დანარჩენი 95% უბრალოდ წაგებაში კი არ მიდის, არამედ ხშირად ინვესტირებულ თანხას მთლი­ანად კარგავს. პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს წარ­­მატების გაზიარება უფრო გვიყვარს, ვიდრე წარუმა­ტებლობის. ამიტომ სოციალურ მედიაში ძირითადად კარგ ამბებს შეხვდებით. შედეგად კი ყალიბდება ნახევრად-ილუზია, რომ ამ, თითქმისდა კაზინოსეული, გზებით მარტივად იშოვება ფული. ნახევრად-ილუზია იმიტომ, რომ, კი, ამით ფულის სწრაფად შოვნა შეიძ­­ლება, მაგრამ კიდევ უფრო მეტის დაკარგვა შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად.

ფულის სწრაფად შოვნა-დაკარგვის შედეგად ფულის გაეფემერულება და შრომასა და სიმდიდრეს შორის დისო­ნანსი სწორედ ის ორი პრობლემაა, რაც ფინანსურ ნიჰილიზმს იწვევს. ჩნდება კითხვა. როგორ ავირიდოთ თავიდან ეს? პირველი ნაბიჯი – სიმდიდრის სწო­რი განმარტებაა. ქართული ენა ამ მხრივ დიდად არ გვეხმარება. ქართულად wealthy-იც და rich-იც ორივე მდიდარს ნიშნავს. თუმცა, მე მგონი, პრაქტიკული იქნება, თუ ამ ორ სიტყვას განვაცალკე­ვებთ. ფინანსური ნიჰილიზმი ნაწილობ­­რივ ზუსტად ამის შედეგიცაა – ფულსა და სიმდიდრეს სწორად რომ ვერ ვასხვა­ვებთ. სიმდიდრე, როგორც ლეგენდარუ­ლი ინვესტორი, პოლ გრაჰამი ამბობს, არის ის, რაც გვინდა: საჭმელი, ტანსაც­­მელი, სახლი, გამოცდილებები, გარ­­თობა, ურთიერთობები და ა.შ. ფული კი მექანიზმია, რომელიც ამ რაღაცების მოპოვებაში, გაუმჯობესებასა და შენარ­­ჩუნებაში გვეხმარება. სიმდიდრე იზომე­ბა ბედნიერებაში, ფული კი რიცხვებში. იზოლირებულად ფულზე ორიენტირებას ფინანსურ ნიჰილიზმამდე მივყავართ, ამიტომ რაღაც სხვა გზაა საჭირო.

სიმ­დიდ­რის ალ­გებ­რა

საბედნიეროდ, ერთმა ჭკვიანმა ადა­მიანმა, პროფესორმა სკოტ გალოვეიმ, 21-ე საუკუნის სიმდიდრის განტოლება შეიმუშავა, რომელსაც ახლა მოკლედ აღვწერ. მისი თქმით, ამ განტოლებას 4 ცვლადი აქვს: სიმდიდრე = ფოკუსი + (სტოიციზმი x დრო x დივერსიფიკაცია)

ფო­კუ­სი – ხშირად ერთ ძალიან ცუდ რჩევას გვაძლევენ ხოლმე – „აკეთე ის, რაც გიყვარს” – ამას ძირითადად ის ხალხი ამბობს, ვინც უკვე წარმატებუ­ლია. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ რაც გვიყვარს და რაც კარგად გამოგვდის, ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ უკეთესი რჩევა იქნება – „აკეთე ის, რისი ნიჭიც გაქვს”, მაგრამ მარტო ნიჭიც არაა საკმარისი. წარმატების მთავარი ინდიკატორი არც ნიჭია და არც ინტელექტი, არამედ შეუპოვრო­ბა და გამძლეობა, სხვანაირად რომ ვთქვათ – ფოკუსი, რომ მოკლევადიანი ცდუნებებისკენ თვალი არ გაგვექცეს (მაგ. ტრეიდინგი). ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ბაზრის ტრენდების გაანალიზება და სწორი კარიერული მატარებლის შერჩევა – რაც უნდა ნიჭი­ერი და მშრომელი მარკეტერი იყო, თუ მომაკვდავ ინდუსტრიაში მუშაობ, ვერ განვითარდები.

სტო­ი­ციზ­მი – კონტროლის საზღვ­­რების დადგენა ძალიან მნიშვნელოვა­ნია. ჩვენ შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ჩვენი რეაქციები, მაგრამ ძალიან მცირე გავლენა თუ გვაქვს გარემოზე. დღეს ყოველწლიურად მილიარდობით ლარი იხარჯება ისეთ მარკეტინგულ სქემებზე, რომლებიც ჩვენი ბუნებრივი იმპულსე­ბით მანიპულირებენ და მეტი ფულის დახარჯვისკენ გვიბიძგებენ. შედეგად ჩვენც ყოველთვის მეტი, მეტი და მეტი გვინდა, არასდროს ვკმაყოფილდებით. ეს დაუოკებელი მოთხოვნილება გვაი­ძულებს, მოკლევადიან კმაყოფილებაზე ვორიენტირდეთ. ფინანსური უსაფრ­­თხოების ყველაზე ძლიერი ინდიკატორი არის არა ის, თუ რამდენს გამოიმუშა­ვებ, არამედ რამდენს ხარჯავ. ამას კი დისციპლინა, ანუ სტოიციზმი სჭირდება – რომ ბაზრის ცდუნებებს არ ავყვეთ. მა­გალითად, ტრეიდინგი (და არა ინვესტი­რება) ისე გაგრძნობინებს თავს, თით­­ქოს მართლა პროდუქტიულად მუშაობ. სინამდვილეში ის კაზინოსთან უფრო ახლოსაა, თანაც უარესი ალბათობებით და ლუდომანიის მსგავსი დამოკიდებუ­ლების ჩამოყალიბების რისკით.

დრო – „დრო ის ცეცხლია, რომელ­­შიც ვიწვით”. ეს არის ჩვენი ყველაზე მოუქნელი და ღირებული რესურსი, ერთადერთი, რითაც არ უნდა ვიყოთ გულუხვი. გაფლანგული ფულის დაბრუ­ნება შეიძლება, დრო კი სამუდამოდ ქრება. ეს ძალიან კარგად ჩანს ეგრეთ წოდებულ Compounding Effect-ში, რაც ქართულად, ძალიან არასწორად, რთულ პროცენტად ითარგმნება, ამიტომ ხანდახან უბრალოდ რეინვესტირება დავუძახოთ. აინშტაინი ამბობდა, რომ „რთული პროცენტი სამყაროს მერვე საოცრებაა. მართლაც საოცარი რაღა­ცაა. ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რაღაცები ზუსტად რეინვესტირების შედეგად მოდის, იქნება ეს ურთიერთო­ბები, ფული, ჰობიები, კარიერა თუ სხვა. როგორც კი ცხოვრების ცოტა უფრო დიდ სკალაზე შევხედავთ და გრძელ­­ვადიანად დავიწყებთ ფიქრს, მაშინვე მეტად დაცული ვხდებით მოკლევადია­ნი ცდუნებებისგან.

დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია – კი, სტაბილუ­რობისთვის ფოკუსი მთავარია, მაგრამ როდესაც ინვესტირებაზე ვსაუბრობთ, აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე. ინვესტი­რების დროს, იქნება ეს აქციებში, უძრავ ქონებასა თუ რაიმე სხვაში, ყოველთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია. ყვე­ლა ბაზარს აქვს თავისი რისკი, მაგრამ თუ ათ სხვადასხვა აქტივში გაქვს ინ­­ვესტიცია ჩადებული, მეტად დაზღვეული ხარ. ეს არა მხოლოდ აქტივებში ინვეს­­ტიციას, არამედ პროფესიულ განვითა­რებასაც ეხება. კი, მნიშვნელოვანია, ფოკუსი შევინარჩუნოთ და გვქონდეს იმის დისციპლინა, რომ გზას არ გადა­ვუხვიოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობების დივერ­­სიფიკაციაზე არ უნდა ვზრუნავდეთ.

საბოლოოდ კი ეს განტოლება აქამ­­დე დადის: ფოკუსირდი იმაზე, რაც კარგად გამოგდის და არა იმაზე, რისი კეთებაც გიყვარს; გქონდეს იმის დის­­ციპლინა, რომ მოკლევადიანმა ცდუ­ნებებმა ფოკუსი არ დაგაკარგვინოს; ინვესტირებისას რთული პროცენტის პრინციპი არ დაგავიწყდეს და გრძელ­­ვადიანი თამაში ითამაშე; დივერსიფი­კაცია ყველაფერში – უნარებში, აქტი­ვებსა და შემოსავლებში.