სწრაფვა ახალი სიმაღლეებისკენ

სწრაფვა ახალი სიმაღლეებისკენ
სანდრო თავხელიძის, დათა და გიორგი ფოცხვერიების კომპანია – „ოქსონ სოლუშენსი“ დეველოპმენტის, მშენებლობისა და აგროინდუსტრიის დივერსიფიცირებულ პორტფოლიოს მოიცავს. ახალგაზრდა დამფუძნებლების კომპანიების სწრაფ ზრდას ხედვებისა და გადაწყვეტილებების ბაზრის ანალიტიკაზე დაფუძნება განაპირობებს.

სანდრო თავხელიძისა და დათა და გიორგი ფოცხვერიების ახალგაზრდა გუნდმა მოკლე დროში და ერთდროულად რამდენიმე განსხვავებულ სექტორში ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნა მოახერხა. საქართველოს სამშენებლო, დეველოპერულ და აგროინდუსტრიებში მათ შექმნეს კონგლომერატი, რომელიც ისევე მრავალფეროვანია, როგორც წარმატებული. „ოქსონის“ მენეჯმენტის ქვეშ პარტნიორები შთამბეჭდავ პორტფოლიოს მართავენ – „იდეა დეველოპმენტს“, „იდეა ქონსთრაქშენსა” და „მკისას“. ამ კომპანიებს საერთო მენეჯმენტის გარდა, საერთო ეთოსიც აერთიანებს: ხარისხი და ყურადღება დეტალებისადმი.

„ოქსონის“ მენეჯმენტის ქვეშ არსებული ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესი დეველოპმენტი და მშენებლობაა. მდგრადობისა და კომფორტის ჰარმონიული შეთავსებით, კომპანიამ თბილისის ურბანულ გარემოს საკუთარი კვალი დააჩნია. „იდეა დეველოპმენტსა“ და „იდეა ქონსთრაქშენს“ რამდენიმე მიმდინარე და დასრულებული პროექტი აქვს, რომლებიც მაღალფუნქციური საოფისე ფართების გარდა, ელეგანტურ რეზიდენტულ კომპლექსებს მოიცავს და მომხმარებელზე ფოკუსირებული დიზაინის ახალ სტანდარტს აწესებს. კომპანიის პროექტებს ერთი კონცეფცია აერთიანებს – შესთავაზოს გამორჩეული საცხოვრებელი და საოფისე სივრცე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თბილისის ცენტრთან ახლოს. საკუთარ სექტორში გამორჩეულია „მკისაც“ – საინტერესო წამოწყება სოფლის მეურნეობაში, მდგრადი, მაღალტექნოლოგიური პრაქტიკებითა და დასაქმების მნიშვნელოვანი შესაძლებლობებით. „მკისა“ ჯამში 200 ჰექტარ ფართობს ფლობს, რომელიც ორ კულტურას, ნუშსა და ლურჯ მოცვს ეთმობა. 2020 წელს დაფუძნებულ ამ კომპანიას ქვეყნის ეკონომიკაში წვლილი ათასამდე ადამიანის სეზონურად დასაქმებით შეაქვს.

როგორ მოახერხეს აღნიშნულმა კომპანიებმა სწრაფად მზარდი ბიზნესმოდელის შექმნა? პასუხი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაშია. „ოქსონ სოლუშენსი“ ახალი სიმაღლეებისკენ ისწრაფვის, სიღრმისეულ კვლევებს ატარებს და შეჯერებულ ხედვებს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენებით ნერგავს. კომპანიის პორტფელი, უძრავი ქონების მენეჯმენტის ფარგლებში 15 სხვადასხვა ობიექტს მოიცავს, როგორც საოფისე და კომერციული, ასევე საცხოვრებელი მიმართულებით. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, უძრავი ქონების მოთხოვნა-მიწოდების სტატისტიკის პულსზე მუდმივად ხელი ეჭიროთ და ბაზრის ახალ ტენდენციებს დააკვირდნენ”.

„ოქსონ სოლუშენსის“ დამფუძნებლები სანდრო თავხელიძე, დათა ფოცხვერია და გიორგი ფოცხვერია Forbes Georgia-ს კომპანიების შიდა სამზარეულოში ახედებენ.

„იდეა დე­ვე­ლოპ­მენტს” რამ­დე­ნი­მე მიმდი­ნა­რე და დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი აქვს, მათ შო­რის არის „ტიფლისი“. მოგ­ვი­ყე­ვით მის შე­სა­ხებ.

სან­დ­რო თავ­ხე­ლი­ძე: „ტიფლისი I ფაზა” (2019-2021) და „ტიფლისი II ფაზა“ (2021-2023) ლისის ტბის მახლობლად მდებარეობს. პროექტი აერთიანებს კერძო სახლებს იზოლირებული ეზოთი და დიდი ტერასით. მობინადრეებს აქ შეუძლიათ, ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ.

როდესაც „იდეა დეველოპმენტი” პროექტ „ტიფლისის” მშენებლობას იწყებდა, კომპანიამ, პირველ რიგში, უბნის პოტენციალი და განვითარების პერსპექტივა შეისწავლა. კვლევის შედეგებისა და ანალიზის მიხედვით, ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ ლისზე კერძო სახლის ტიპის უბნების მშენებლობა და ამ ყველაფერს სწრაფი ურბანული განვითარებაც მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ „ტიფლისი“, საინტერესო კონცეფციის გარდა, მშენებლობის ხარისხითაც გამოირჩევა, სამუშაოები შეასრულა „იდეა ქონსთრაქშენმა”, რომელიც გამოცდილი კადრებითაა დაკომპლექტებული. კომპანიაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტების შესწავლას და მშენებლობის პროცესში მათ დანერგვას.

კომ­პა­ნია ახა­ლი პრო­ექ­ტის, „იდეა პა­ნორა­მის” მშე­ნებ­ლო­ბა­საც იწყებს – რას სთავა­ზობთ მომ­ხ­მა­რებ­ლებს?

სან­დ­რო თავ­ხე­ლი­ძე: სულ ცოტა ხნის წინ „იდეა დეველოპმენტმა” ახალი პროექტის, „იდეა პანორამის“ მშენებლობა დააანონსა, რომელიც თანამედროვე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის მახლობლად. პროექტი მასშტაბურია – სამშენებლო ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს, ხოლო ინვესტიციის ოდენობა 100 მილიონ ლარზე მეტია. „იდეა პანორამაში” გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც კომფორტული, ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის არის საჭირო. პროექტი სამი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, რომლებსაც საკუთარი დახურული და ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სკვერი საბავშვო-სათამაშო ზონებით, ასევე, პადელის სათამაშო მოედანი. გარდა ამისა, „იდეა დეველოპმენტი” უზრუნველყოფს საერთო სარეკრეაციო ზონების მოწყობას, მათ შორის სასეირნო ბილიკებსა და საერთო გამწვანებულ ტერასას. კომპლექსის პირველი ბლოკი სამ საოფისე-კომერციულ და 11 საცხოვრებელ სართულს მოიცავს. მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

რა გა­მო­არ­ჩევს „იდეა პა­ნო­რა­მას” სხვა სამ­შე­ნებლო პრო­ექ­ტე­ბის­გან?

სან­დ­რო თავ­ხე­ლი­ძე: შენობას უნიკალური და თანამედროვე არქიტექტურა აქვს – ის იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ერწყმის გარემოს. პროექტი განსაკუთრებული პანორამული ხედებით გამოირჩევა – „იდეა პანორამაში” შემავალი თითოეული ბინიდან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ვერეს ხეობაზე წყნეთის მიმართულებით. სწორედ ამიტომ პროექტის ყველა ბინას აქვს ფართო, მრავალფუნქციური ტერასა აივნის ნაცვლად და აპარტამენტების თითოეული ოთახი მიმართულია ხედისკენ.

შესაბამისად, კომპლექსის მომავალ მცხოვრებლებს შეეძლებათ, დატკბნენ ჯანსაღი ჰაერით, პანორამული ხედით, ბუნებით და სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდნენ ისეთ ცენტრალურ ადგილებთან, როგორიცაა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ქალაქის ცენტრალური პარკი, საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, მეტროსადგური „უნივერსიტეტი” და სხვა.

არის თუ არა „იდეა პა­ნო­რა­მა” სა­ინ­ტე­რე­სო სა­ინვეს­ტი­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით?

სან­დ­რო თავ­ხე­ლი­ძე: მოკვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი, საცხოვრებელი მიზნების გარდა, მიმზიდველია საინვესტიციო მიმართულებითაც. იმის გათვალისწინებით, რომ „იდეა პანორამა” მდებარეობს სწრაფად განვითარებად ტერიტორიაზე არა მხოლოდ განაშენიანების, არამედ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული მიმართულებით (უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია, საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა), მოთხოვნისა და საბაზრო ღირებულების ზრდის პროგნოზირებაც შესაძლებელია. „იდეა პანორამის“ კომპლექსში ბინის შეძენა, შემდგომში გაქირავების მიზნითაც გონივრულია, ვინაიდან პროექტი ყველასთვის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ასპექტებს აკმაყოფილებს (სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, მარტივად მისადგომი ლოკაცია, მშენებლობის მაღალი ხარისხი და სხვა). „იდეა პანორამა“ გამოიწვევს დიდ ინტერესს ბინის ქირაობით დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელ მოქალაქეებში.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის სიმშვიდეს „იდეა პანორამაში“ ინვესტირებისას. ამასთან, უშუალოდ კომპლექსის მშენებლობის პროცესი დაზღვეულია კომპანია „ალდაგის” მიერ.

რა არის საკ­ვან­ძო პი­რო­ბა, რაც „იდეა დე­ვე­ლოპმენ­ტის” სწრაფ წინ­ს­ვ­ლას გა­ნა­პი­რო­ბებს?

და­თა ფოცხ­ვე­რი­ა: „იდეა დეველოპმენტის” წარმატებისთვის, უშუალოდ პროექტების მაღალი ხარისხის გარდა, გადამწყვეტი მისი მართვის სტილი და გუნდია. კომპანიის სწრაფი წინსვლა წინასწარ ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სტრუქტურის დამსახურებაა. მისი ჩამოყალიბების დროს წინაღობებს წავაწყდით – ერთ-ერთი სირთულე გუნდის დაკომპლექტების პროცესი აღმოჩნდა. მაგრამ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდით – 50-მდე ადამიანისგან შემდგარი გუნდის ბირთვი დაარსების პირველი დღეებიდან ჩვენ გვერდითაა.

ჩვენთვის პირველივე დღიდან უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც დამფუძნებლებს შეგვექმნა გარემო, სადაც თავისი საქმის მოყვარული ყოველი ადამიანი მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენას და პროფესიულ ზრდას შეძლებდა. ასევე კომპანიის დაკომპლექტება მომხდარიყო პროფესიონალი კადრებით და ჯანსაღი, გუნდური სამუშაო პროცესი ჩამოგვეყალიბებინა. ერთად, ჩვენი საქმის სიყვარულით მივიწევთ დასახული მიზნების­კენ, ერთად ვიზრდებით და ვფართოვდებით.

რაც შე­ე­ხე­ბა „ოქსონ სო­ლუ­შენ­სის” მე­ნეჯმენ­ტის ქვეშ არ­სე­ბულ კი­დევ ერთ კომ­პანია „მკისას” – ის სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო პრო­ექ­ტია და არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სამშე­ნებ­ლო სექ­ტორ­თან. რო­გორ გა­დაწყ­ვიტეთ მი­სი შექ­მ­ნა?

და­თა ფოცხ­ვე­რი­ა: „მკისა” ძალიან საინტერესო კონცეფციისა და მიდგომების მქონე უკვე არცთუ ისე ახალი წევრია სოფლის მეურნეობის დარგში, აქვს დიდი გეგმები და მათ მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებით ახორციელებს. კომპანიის სწრაფ ზრდას და წინსვლას ამ შემთხვევაშიც სწორად დაგეგმილი საოპერაციო სტრატეგია, სტრუქტურირებული სამუშაო გარემო და ახლებური მიდგომები განაპირობებს. „მკისამ” მოიპოვა დიდი ხელშეწყობა და ნდობა საქართველოში მომუშავე ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისა, როგორიცაა: სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), „აწარმოე საქართველოში“, USAID-სოფლის მეურნეობის პროგრამა, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და სხვა.

კომპანიის შექმნის გადაწყვეტილების მიღებამდე გავაანალიზეთ კომპანიის ბიზნესმოდელი, გავიარეთ კონსულტაცია დარგის უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან, შევისწავლეთ სექტორი, შევაფასეთ პოტენციალი ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე და შემდეგ ორი მიმართულების კულტურის გაშენება გადავწყვიტეთ: დასავლეთ საქართველოში – ლურჯი მოცვის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – ნუშის. ამ ყველაფერს, თანამედროვე ბიზნესტერმინოლოგიით, „პორტფელის დივერსიფიკაცია“ შეგვიძლია ვუწოდოთ და ესეც „ოქსონ სოლუშენსის“ ხელწერაა.

კონ­კ­რე­ტუ­ლად სად მდე­ბა­რე­ობს „მკისას” ნუ­შის და ლურ­ჯი მოც­ვის ბა­ღე­ბი და რა პრო­ცე­სებს მო­იცავ­და მა­თი გა­შე­ნე­ბა?

და­თა ფოცხ­ვე­რი­ა: „მკისას” ნუშის ბაღი ბოლნისში მდებარეობს, მისი ჯამური ფართობი ამ ეტაპზე 100 ჰექტარია, ათვისება კი ეტაპობრივად, წინასწარ გაწერილი გეგმით ხდება, ამჯერად ნუშის ბაღი გაშენებულია 40 ჰექტარზე. მიმდინარე წელს კი „მკისამ” პირველი მოსავალიც აიღო.

რაც შეეხება მოცვს – „მკისა” დასავლეთ საქართველოში ფლობს 100 ჰა მიწას, სადაც 55 ჰა ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღი უკვე გაშენებულია. მოცვის ბაღებიდან პირველი მოსავლის აღება 2024 წლის მაისის ბოლოდან იგეგმება.

ჩვენ არ შევუშინდით სირთულეებს და ბაღები, რომელთა ჯამური ფართობი 200 ჰექტარია, გაშენდა აქამდე აუთვისებელ მიწებზე და ინვესტიციები კორონავირუსის პანდემიის მეტად რთულ პერიოდში უწყვეტად, გეგმაზომიერად ხორციელდებოდა. შესაბამისად, „მკისამ“ ჩაატარა საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები არაერთი მიმართულებით, რაც მოიცავს:

  • 5 კმ-ზე მეტი წყალმომარაგების მაგისტრალის მშენებლობას;
  • სატუმბი სადგურის მშენებლობას • 200 ჰა ბაღის ელექტრიფიცირებას და გასარწყავიანებას;
  • 9-კმ ზე მეტი სადრენაჟე არხების მოწყობას და სხვა.

გვიხარია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯები და გადალახული სირთულეები გახდა მოტივაცია არაერთი ადგილობრივი ფერმერისთვის, ახლომდებარე ტერიტორიაზე თავადაც დაეწყო აგრონომიული საქმიანობა.

რო­გორ ავი­თა­რებთ და ნერ­გავთ თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებს „მკისაში”?

გი­ორ­გი ფოცხ­ვე­რი­ა: „მკისა” ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დანერგა ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში.

ჩვენ თავიდანვე მაღალტექნოლოგიური მართვის სტილი ავირჩიეთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია მეტეოსადგური და სენსორული მართვის სისტემა, რაც გვაძლევს წერტილოვან და უტყუარ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც ბაღებში როგორც პრევენციული, ისე გეგმური ღონისძიებები ტარდება.

რო­დის აიღეთ პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი?

გი­ორ­გი ფოცხ­ვე­რი­ა: 2023 წელს ,,მკისამ“ ნუშის მოსავალი აიღო, ამავე პერიოდისთვის თავისი პირველი გადამმუშავებელი საწარმოც შექმნა და ქართული წარმოების გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. საწარმო ნუშის გადამმუშავებელი მაღალტექნოლოგიური დანადგარებით არის აღჭურვილი და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საბოლოო პროდუქტის მიღებას.

რა ეტა­პებს გა­დის წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი და სად გეგ­მავთ პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბას?

გი­ორ­გი ფოცხ­ვე­რი­ა: წარმოების პროცესის დროს ნუში გადის არაერთ ეტაპს, მათ შორის: წენგოს მოშორებას, გაშრობას, გატეხას და სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სივრცეში დასაწყობებას, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამის გარემოს და ტემპერატურული პირობების დაცვას. საწარმოო ციკლი ამით არ სრულდება – „მკისა” ნუშისგან თავად აწარმოებს და საცალო შეფუთვებით უშვებს სხვადასხვა დასახელების ისეთ უგემრიელეს და ჯანსაღ წასახემსებელს, როგორიცაა მოხალული და მარილიანი ნუში. მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია ამ პროდუქციის გაყიდვების განვითარებას გეგმავს საცალო და საბითუმო მიმართულებით როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

„მკისას” ბაღები 100%-ით შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს: HACCP-ს, GLOBAL G.A.P-ს. – შესაბამისად, ევროპის და გალფის ქვეყნების კარიც ღიაა „მკისას” ჯანსაღი პროდუქციისთვის. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კომპანიაში გვეხმარება როგორც საოპერაციო ციკლის სისტემატიზაციაში, რაც თავისთავად შეცდომების რისკს მინიმუმამდე ამცირებს, ასევე ქართულ პროდუქციას ასპარეზს უხსნის საერთაშორისო მოწინავე ბაზრებზე, რაც ირიბად პოზიტიურ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე და ემსახურება ჩვენი ქვეყნის დადებითად წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე”.

რა არის „ოქსონის” სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი რო­გორც „მკისას”, ისე „იდეა დე­ვე­ლოპ­მენ­ტ­თან” და­კავ­შირე­ბით?

გი­ორ­გი ფოცხ­ვე­რი­ა: „მკისას” დიდი გეგმები აქვს: ბაღების გაფართოების გარდა, იგეგმება ნუშის მიმართულებით წარმოებული პროდუქციის გამრავალფეროვნება. რაც შეეხება ლურჯ მოცვს, სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსავლის უდიდესი ნაწილის რეალიზაცია ნედლი სახით მოხდება, რაც ასევე წარმოების ჯაჭვს მოითხოვს ბაღიდან დახლამდე უცვლელი ფორმით მიტანის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული ავტომატურად გულისხმობს უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, ქართული პროდუქციის წარმოებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაზრდას.

ორივე მიმართულება: „იდეა დეველოპმენტი” და „მკისა” დიდი ნაბიჯების გადადგმას ბევრი შრომის, ანალიზისა და სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ახერხებს. დამეთანხმებით, დღევანდელ სამყაროში საკმაოდ რთულია, წინასწარ გქონდეს გათვლილი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რადგან თავად სამყაროა ცვალებადი ბიზნესის მიმართ. შესაბამისად, ვცდილობთ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, ვისწავლოთ როგორც საკუთარ, ასევე სხვის შეცდომებზე და, რაც მთავარია, არ გადავუხვიოთ პირვანდელი მიზნიდან – შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი ბაზარზე და მივყვეთ გეგმებს, რომლებიც თავდაპირველად დავისახეთ.

გვიხარია, რომ „ოქსონის” მენეჯმენტის ქვეშ არსებული კომპანიების მაგალითები, განვითარების გზა, გადადგმული ნაბიჯები და თანამედროვე მიდგომები ქმნის სტიმულს ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და შევქმნათ მოტივაციის ჯაჭვური რეაქცია.