25 წელი საადვოკატო ბიზნესში | ინტერვიუ ზვიად კორძაძესთან

25 წელი საადვოკატო ბიზნესში | ინტერვიუ ზვიად კორძაძესთან

ზვიად კორძაძემ იურიდიული ფირმა 1995 წელს დააფუძნა, როცა საქართველოში ადვოკატურას ბიზნესად ცოტა თუ აღიქვამდა. დღეს “კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ლოიალური კლიენტების ბაზაში ათობით წარმატებული კორპორაციაა, ხოლო ადგილობრივი და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ბიუროს და მის დამფუძნებელს საქართველოსა და ევროპის მასშტაბით სასამართლო პროცესის წარმოების ტოპ-კატეგორიაში ასახელებენ. ჩვენ ზვიად კორძაძეს გავესაუბრეთ – ადვოკატს თამამი იდეებით, ასობით მოგებული საქმითა და საინტერესო ხედვებით არამარტო იურიდიულ სფეროში.  

[MAINPICTURE]

ამ სტანდარტული ინფორმაციის მიღმა, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვინ არის ზვიად კორძაძე? როგორ ჩამოყალიბდით წარმატებულ ადვოკატად და რამ განაპირობა საქმეში ეს შედეგი?

იმ ადამიანებმა, რომლებმაც საქმიანობა 90-იან წლებში დავიწყეთ, მაშინ როცა საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია საერთოდ არ ითვლებოდა მთავარ უპირატესობად, ბევრი რამე ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ. სფეროები, რომლებშიც ვსაქმიანობთ, ჩვენ თვითონვე შევქმენით. იურიდიული ბიზნესის იმ ფორმით ჩამოყალიბება, როგორსაც ახლა ვუყურებთ, ფაქტობრივად, ჩემს თაობას მოუწია. შეიძლება დღეს ეს ვიღაცისთვის ცოტა გასაკვირად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ იმ დროიდან მოვდივართ, როცა არც შეხვედრის ადგილები იყო ქვეყანაში და საერთოდ არც არაფერი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თბილისში, რომელიღაც ბენზინგასამართ სადგურზე ამინდის მანიშნებელი ტაბლო რომ დავინახე პირველად, აი, მანდ გამიჩნდა იმედი, რომ თანამედროვე სამყაროს ნაწილი გავხდით. დაახლოებით რომ მიხვდეთ, რა პერიოდში დავიწყე იურიდიული საქმიანობა: პირველ წესდებებსა და საქმიან დოკუმენტებს ვქმნიდით პროგრამა ნორტონში, რომელიც, ფაქტობრივად, ლურჯეკრანიანი საბეჭდი მანქანა იყო. შეტყობინება რომ გადაგეგზავნა, დაახლოებით ორი წუთი სჭირდებოდა კომპიუტერს, ქსელს რომ დაკავშირებოდა, შემდეგ გაისმებოდა ყველასთვის საყვარელი ე.წ. ფხრიწიანი ხმა, რაც ნიშნავდა, რომ ინტერნეტკავშირი შედგა, შემდეგ კი ისევ დაახლოებით იგივე დრო სჭირდებოდა ამ დოკუმენტის გადაგზავნას. მაშინ საქართველოში მობილური ტელეფონიც კი არ იყო. ჩემი პირველი საქმიანი ტექნიკა იყო პეიჯერი, რომელიც კლიენტმა იყიდა და გადმომცა იმისთვის, რომ, როგორც კი პრობლემა შეექმნებოდა, დამკავშირებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს სასაცილოა, თუმცა ეს ჩვენ გამოვლილი გვაქვს.

ახლა აღარავის უკვირს, როცა ყოველ ახალ იდეასა თუ წამოწყებას კომერციული კუთხით ვუყურებთ, თუმცა არა მაშინ, როცა თქვენ დაიწყეთ საქმიანობა. როდის შეხედეთ ადვოკატურას არა როგორც მხოლოდ პროფესიას და საყვარელ საქმეს, არამედ როგორც ბიზნესს?

ადვოკატურამდე მცირე ბიზნესის კეთების გარკვეული გამოცდილება მქონდა. გამოცდილება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც. როდესაც იმ რეალობის წინაშე დავდექი, რომ მშობლები ფინანსურად ვეღარ მეხმარებოდნენ, რაღაც უნდა გამეკეთებინა. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ, ქუთაისის ლიმონათის ქარხანაში ჩამოსხმული “კოკა-კოლა”, რომელიც იქ, რა თქმა უნდა, ლიცენზიის გარეშე იწარმოებოდა, თბილისში ჩამოგვეტანა და მაღაზიებში ჩაგვაბარებინა. ეს ის პერიოდია, მხედრიონს გზები რომ აქვს გადაკეტილი. ორი მსუბუქი ავტომობილი დავტვირთეთ “კოკა-კოლას” ბოთლებით და დავადექით თბილისის გზას. იმ დროს ეს იმდენად თავხედური ნაბიჯი იყო, ვერ წარმოიდგენთ. გზაში არაერთხელ გაგვაჩერეს შეიარაღებულმა პირებმა, ცოტა “კოკა-კოლა“ დაგვილიეს, ცოტა დაიტოვეს და გამოგვიშვეს. რიკოთზე გვირაბის ზემოდან გადმოვიპარეთ, გვირაბი მხედრიონს ჰქონდა საბაჟოსავით გადაკეტილი. მერე მცხეთაში საბურავები გაგვისკდა, ჯერ ერთ მანქანაზე, შემდეგ მეორეზე, თუმცა მაინც ჩამოვაღწიეთ და დავიწყეთ რეალიზაცია – ცოტა ფული დაგვრჩა. ამის შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე ასეთი ტიპის აქტივობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სულ თავიდანვე, ჯერ კიდევ ადვოკატობამდე, ვცდილობდი ისეთი რაღაცების კეთებას, რაც შემოსავალს მოიტანდა. რაც შეეხება უკვე იურიდიულ საქმიანობას, ფაქტობრივად, თავიდანვე როგორც ბიზნესს, ისე მივუდექით ამ საქმეს. მაშინ საქართველოში მხოლოდ ადვოკატთა კოლეგია იყო, რომელში გაწევრიანებისთვისაც 500 დოლარი მომთხოვეს, მე არ გადავიხადე და საკუთარი საქმე დავიწყე. ამასთან, არა როგორც კერძო ადვოკატმა, არამედ პირდაპირ იურიდიული ფირმა დავაფუძნე ჩემს იმდროინდელ პარტნიორებთან, გოჩა სვანიძესთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად. პირველები ვიყავით, ვინც ამ საქმეში საათობრივი ანაზღაურება შემოიღო. იმასაც კი ამბობდნენ ხუმრობით, კორძაძეს მაგიდაზე ქვიშის საათი უდევს და ყოველ გადატრიალებაზე ფულს წერსო. შემოვიღეთ იურიდიული პირებისთვის ყოველთვიური გადასახადი, ასევე ოჯახის ადვოკატის ცნება – ყველა ეს სიახლე თავისთავად ბიზნესი იყო უკვე. თავიდანვე საქმიანობა ორგანიზებულად და ყველანაირი ფორმალობის დაცვით დავიწყეთ, ვაფორმებდით ხელშეკრულებებს, ვიხდიდით სახელმწიფო გადასახადებს.

თქვენ, როგორც ადვოკატს, რამ მოგცათ ამ ბიზნესში დარჩენის მოტივაცია?

ზუსტად გეტყვით, ჩემი აზრით, რამ განაპირობა ეს. 1996 წელს სამი კვირით მოვხვდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის საელჩოსა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვსაქმიანობდი და წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან რამდენიმე ადამიანი წაგვიყვანეს, რათა ჩვენთვის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები ენახვებინათ. რამდენიმე შტატში გვქონდა შეხვედრები, ბოლო გაჩერება კი ნიუ- იორკი იყო. სწორედ ნიუ- იორკში მივიღე ის შოკი, რაც შემდეგი ათწლეულებია, მომყვება. წარმოიდგინეთ, თბილისში არ არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და უცბად მოვხვდი ნიუ- იორკში! ბროდვეიდან ორი ქუჩის ქვემოთ ვცხოვრობდი, ოთხი დღე თავი ქვემოთ არ დამიხრია, კისერი კინაღამ მოვიტეხე, სულ ზემოთ ვიყურებოდი და ცათამბჯენებს ვათვალიერებდი. არც კი მიძინია. სხვა ქალაქებმაც კი მოახდინა შთაბეჭდილება, თუმცა ნიუ- იორკი ყველაზე შთამბეჭდავი იყო. პირველად მაშინ მოვხვდი ნამდვილ იურიდიულ ფირმაში, 47-ე სართულზე, ბევრი კაბინეტით, ბევრი სინათლით. ამან ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ განაპირობა. სწორედ ამ ვიზიტმა დამანახვა, რომ მსოფლიოში არის წარმატებული ქვეყნები, ქალაქები, არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, აქვთ შესაძლებლობები და იყენებენ მათ. ამ დროს დავუსვი ჩემს თავს კითხვა: თუ ისე ვერ ვიქნებით, როგორც ამერიკაში არიან, ხომ შეიძლება სცადო, რომ უკეთ იყო შენც და შენი ქვეყანაც იმასთან შედარებით, ვიდრე ახლა ხარ? შემდეგ მოხდა ისე, რომ 1997 წელს სასამართლო რეფორმებს ჩაეყარა საფუძველი, ქვეყანაში საკანონმდებლო ცვლილებები დაიწყო, მე კი ამ მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი.

რამდენად მოგებიანია საადვოკატო საქმიანობა როგორც ბიზნესი?

საკმაოდ, ოღონდ მაშინ, როცა სწორად უდგები საქმეს. ანუ ისე, რომ სრულად ორიენტირებული ხარ კლიენტის ინტერესზე და მაქსიმალურად ცდილობ მისთვის სასურველი შედეგის დადებას. ეს არის ის საქმე, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებას გაძლევს. მართალია, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ აუცილებლად ფასდება იმ შემოსავლის სახით, რომელსაც გაძლევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შედეგი მალე, ერთ და ორ წელიწადში არ დგება. სხვათა შორის, ახალი თაობის სენია, რომ ძალიან სწრაფად უნდათ ყველაფრის მიღწევა. ვინც გაძლო და მოითმინა, აუცილებლად დაუფასდა. ამ შემთხვევაში წლიური შემოსავლები აღარ გადის ათას და ათეულ ათას ლარზე, არამედ უფრო მეტია. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შვილს კარგი განათლება მისცე, თუნდაც კარგი ავტომობილი ან კარგი სახლი გქონდეს, დაეხმარო ადამიანებს და ა.შ.

თვლით, რომ ე.წ. თვითნაბადი” ბიზნესმენი ხართ?

შეიძლება ითქვას, რომ საქმიანი პერსონა ზვიად კორძაძე ჩემივე “პროდუქტია“. ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ და კომუნისტების დროს 23 წელი იდგნენ ბინის რიგში და 21 წელი ტელეფონის რიგში და ბოლოს, რომ მივიღეთ ორივე, მე მიხაროდა, მათ უკვე აღარ. მიუხედავად ამისა, მათ მოახერხეს და მომცეს განათლება. მე უნივერსიტეტის პირველი სამი წელი სრულად მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. მქონდა სტიპენდიაც, 40 მანეთი და ეს სტიმულიც იყო გარკვეულწილად. როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თბილისში დავრჩენილიყავი თუ ქუთაისში დავბრუნებულიყავი, გავაცნობიერე, რომ თუ აქ დავრჩებოდი, არავის იმედი არ უნდა მქონოდა და მე ვიქნებოდი ჩემი თავის პატრონი. დარჩენა ვამჯობინე. ზოგადად, დედაქალაქში ჩამოსულ ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, უფრო მეტი შრომა უწევთ წარმატებისთვის, რადგან თავი უნდა დაიმკვიდრონ. უხეშად რომ ვთქვათ, მათ უწევთ ადგილისთვის ბრძოლა. ასეთ დროს უმუშავდებათ ის უნარ- ჩვევები, რომლებიც მნიშვნელოვანია კონკურენციის პირობებში. რომ გითხრათ, კვირაში შვიდი დღე და დღეში 24 საათი ვმუშაობ- მეთქი, ასე არ არის, უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ არის ასაკი, როცა ასე მუშაობა გიწევს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ თუ იგივე ხდება, ესე იგი დროის მენეჯმენტის პრობლემა გაქვს. თუკი რაიმე მაქვს მიზნად დასახული და ამ მიზნის მჯერა, სანამ არ განვახორციელებ, არ მოვისვენებ. ასეთი ხასიათი მაქვს. თუ მიზნის და იდეის არ მჯერა, არც კი დავუთმობ მას ჩემს დროს. კიდევ ერთი მიზეზი ჩემი წარმატებისა იმ საქმის სიყვარულია, რასაც ვაკეთებ, ხოლო მეორე მხრივ აღსანიშნავი ფაქტორია ის, რომ მე არასდროს მიმუშავია ვინმეს დაქვემდებარების ქვეშ, მე თვითონ განვსაზღვრავ რიტმს, დატვირთულობას, იმას, თუ რა საქმე დავიწყო ან არ დავიწყო. მე არ ვარ პატარა საქმეების მკეთებელი ადამიანი და ისეთი ხასიათის პიროვნება, რომელსაც რაღაცას დაავალებ და გაგიკეთებს. არ ვიტყვი, რომ ვერ შევძლებ, უბრალოდ ეს ჩემი კომფორტის ზონა არ იქნება. მე მიყვარს იდეები და შესაძლებლობები. ჩემთან ვინც მუშაობს, აღუნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება აქვთ, ახლის ცდისა და რეალიზების. მე მაინც მგონია, რომ ადამიანი ყველაზე პროდუქტიული მაშინაა, როცა თავისუფალია. ჩვენს პროფესიაში კონვეიერული მიდგომა არაპროდუქტიულია, ეს წარმოება არ არის.

 

იურისპრუდენცია ძალიან კონკურენტული სფეროა, შესაბამისად, ალბათ, გამორჩეული თუ არ ხარ, უბრალოდ დაიკარგები. იმისთვის კი, გამორჩეული რომ იყო, დიდი ძალისხმევა და რესურსი გჭირდება. თქვენ რა გამოგარჩევთ?

ახლა რასაც მეკითხებით, ამ თემაზე ლექციებს ვკითხულობ უნივერსიტეტებში. საგანს ადვოკატის უნარ- ჩვევები ჰქვია. ეს ბიზნესი გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ, როგორც წესი, არ ვეწევით რეკლამას, მაგალითად, ტელევიზიის მეშვეობით ან ბილბორდებზე განთავსებით. ვინც ამას აკეთებს, ალბათ იმიტომ, რომ პიროვნულად წარმოჩნდეს, თორემ ამას რომ კლიენტი მოჰყავდეს, მეეჭვება. სტუდენტებისთვის ძალიან მარტივი მაგალითი მომყავს ხოლმე საილუსტრაციოდ. მაგალითად, ქუჩებში თითქმის ყველგან შეხვდებით სტომატოლოგიური კლინიკების ბილბორდებს. თუმცა, როდესაც კბილი აგტკივდებათ ქუჩა- ქუჩა სირბილს არ იწყებთ სტომატოლოგიური კლინიკის მოსაძებნად, არამედ ურეკავთ მეგობარს ან ახლობელს და ეკითხებით, კარგი სტომატოლოგი ვინ არის. ექიმისა და ადვოკატის იმიჯს სრულად ქმნის მის მიერ ხარისხიანად შესრულებული სამუშაო. შესაბამისად, ბაზარზე ყოფნის ერთადერთი გარანტია სწორედ ესაა. ეს სპეციფიკა აქვს იურიდიულ სფეროს, რომ შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ასეთ კონკურენტულ პირობებში მუდმივად იყო, გადარჩე და განვითარდე, არის ის, რომ იყო პროფესიონალი, ეთიკური ადვოკატი და კარგად ასრულებდე შენს საქმეს. ჩემთვის იმას, რომ მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი ვარ, განსაზღვრავს, მაგალითად, ისეთი კლიენტი, როგორიცაა “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, რომელიც ჩემი 25-წლიანი კარიერის განმავლობაში 23 წელია, ჩემი ლოიალური კლიენტია. ასევე არიან სხვა კომპანიები, რომელთაც ორი ათეული წელია, ვემსახურები. რატომ არიან ისინი ჩემი კლიენტები ამდენი წლის განმავლობაში? ეს ხომ სიყვარული არ არის და არც ქორწინება. ეს არის ორივე მხარის საჭიროებებზე დამყარებული ურთიერთობა.

ვინ დგას ადგილობრივი და საერთაშორისო რეიტინგებში წარმოჩენილი „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ წარმატების უკან?

პირველ ეტაპზე “კორძაძის საადვოკატო ბიურო“ იყო მხოლოდ კორძაძე. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე უკანა პლანზე გადავწეულიყავი და ბიუროს თანამშრომლების წინ წამოწევა დავიწყე, თუნდაც გაშვება ტელევიზიებში ინტერვიუებზე, მათი ჩართულობის უფრო მეტად გაზრდა და ა.შ. ეს იყო მიზანმიმართული და დაგეგმილი გადაწყვეტილება, რომ “კორძაძის საადვოკატო ბიუროსგან“ შემექმნა ბრენდი და არა ზვიად კორძაძისგან. ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან დღეს ცალკე აკითხავენ კლიენტები ჩვენი ბიუროს პარტნიორ ადვოკატებს, მათ ჰყავთ ლოიალური კლიენტები და ბიურო უფრო მეტად დამოუკიდებელია მოქმედებებში. მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, შესაბამისად, ბიუროს რამდენიმე წელი მოაკლდა ჩემი ყურადღება და ჩართულობა. რაღაც პერიოდის განმავლობაში პროცესებზეც არ გამოვდიოდი. დავდექი არჩევანის წინაშე, ან GIG-ში უნდა გამეგრძელებინა მუშაობა, ან ბიუროს დავბრუნებოდი. ესეც ჩემი შეგნებული არჩევანი იყო. დაბრუნებიდან 2-3 წელი აქტიური მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ბიურო, როგორც ბრენდი, დაბრუნებოდა კონკრეტულ ნიშნულს. დღეს უკვე ასე აღარ არის.

რა შეგვიძლია დავასახელოთ კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ კონკურენტულ უპირატესობად იმ ფონზე, რომ საქართველოში ბოლო წლებში მომრავლდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო იურიდიული ფირმები?

ჩემიც და ზოგადად ფირმის კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს ის, რომ არ ვმუშაობდით და არც ახლა ვმუშაობთ სამართლის რომელიმე კონკრეტული მიმართულებით. ჩვენი ამოცანა დაარსების დღიდან იყო და დღესაც არის, რომ მოსულ კლიენტს მიეღო ამომწურავი იურიდიული მომსახურება, ყველა მისთვის საჭირო მიმართულებით: სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, კორპორაციული, საგადასახადო და ა.შ. ეს იყო და დღესაც რჩება უპირატესობად. ეს ყველაზე უკეთ გამოჩნდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში გარკვეული კრიზისი გაჩნდა. მაგალითად, როდესაც შეჩერდა უცხოური ინვესტიციები და იურიდიულ ფირმებს, რომლებიც მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობდნენ, პრობლემები შეექმნათ. ჩვენს შემთხვევაში ამის დეფიციტი დააბალანსა სხვა მიმართულებამ, იმიტომ რომ მე მხოლოდ ინვესტიციების კუთხით არ ვმუშაობდი.

ისევე, როგორც სხვა სფეროებში, იურისპრუდენციაშიც წარმატება კონკრეტული მიღწევებით იზომება. რა არის კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ და ზვიად კორძაძის მონაგარი გასული 25 წლის განმავლობაში?

ჩვენს შემთხვევაში ეს წარმატება, გარდა კლიენტის კმაყოფილებისა, იმ ყოველწლიური სარეიტინგო გამოკითხვების შედეგებითაც იზომება, რომლებსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული კომპანიები ატარებენ. მაგალითად, Chambers and Partners- ის გამოკითხვები, რომლებიც იმდენად ობიექტურ მეთოდოლოგიაზეა დამყარებული, რომ გამორიცხულია რაიმე ტიპის მიკერძოება. ბაზრის შესწავლა ძალიან სიღრმისეულად ხდება და ამის შემდეგ ვლინდება საუკეთესო იურიდიული ფირმები თუ ცალკეული იურისტები. უკვე წლებია, “კორძაძის საადვოკატო ბიურო“ და პირადად მე ამ რეიტინგებში წამყვან პოზიციებზე ვართ პროცესის წარმოების მიმართულებით. ასევე კომპანია წლებია, “ოქროს ბრენდის“ უცვლელი მფლობელია, როგორც წლის საუკეთესო იურიდიული ფირმა.

ბარბალეს მარანი“ ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, რომ ღვინის წარმოებაში დაახლოებით 100,000 ლარის ინვესტიცია გაქვთ ამ დრომდე განხორციელებული, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე თქვენთვის ჰობის დეფინიციას გასცდა. რა ეტაპზე ხართ მეღვინის ამპლუაში და როგორია თქვენი გეგმები ამ ჭრილში?

თითქმის 15 წლის განმავლობაში, რაც მეღვინეობით დავინტერესდი, ინვესტიციები უდაოდ არ დამიზოგავს იმისთვის, რომ სწორედ ამ დღემდე მოვსულიყავი. ანუ მქონოდა ხარისხიანი და გამორჩეული პროდუქტი და ღირსეულად წარვმდგარიყავი მომხმარებლის წინაშე. ამჟამად ვარ ეტაპზე, როცა დავამთავრე ღვინის ბრენდირება, გარეგნული შეფუთვა და გამოვიტანე გასაყიდად. “ბარბალეს მარანს“ აქვს თავისი ვებგვერდი და მიწოდების სერვისი, რაც პანდემიის პირობებში აუცილებელი ადაპტაციის ნაწილია. არსებობს მარანიც ფიზიკური ფორმით გორგასლის ქუჩაზე. მე-19-20 საუკუნის სარდაფში, რომლის გახსნაც რეგულაციებიდან გამომდინარე გადავდეთ, თუმცა გაზაფხულიდან აუცილებლად გაიხსნება და ეს არ იქნება სტანდარტული მარანი, არამედ იქნება ტურისტული ცენტრი, რომელიც ასევე ცოტა განსხვავებულ, მომხმარებლისთვის საინტერესო სერვისს შესთავაზებს ბაზარს. რაც შეეხება თავად ღვინოებს, მომხმარებლებს ათზე მეტი დასახელების ღვინოს ვთავაზობთ. ამას გარდა ჩვენი უნიკალური ხაზია ხილის ალკოჰოლური სასმელებიც, პირველ რიგში კი მაყვლის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც უკვე მზად არის და მგონია, რომ მოწონება უნდა დაიმსახუროს. გვაქვს ქართული ბაზრისთვის საინტერესო და ექსკლუზიური მიმართულებაც. “ბარბალეს მარანი“ მომხმარებელს სთავაზობს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთობლივი ღვინის ბრენდის “Miraval“-ის ცნობილ პროდუქტს Miraval Rose-ს, ხოლო ფეხბურთის გულშემატკივრებს და არა მარტო მათ, ღვინოებს ანდრეს ინიესტას ვენახებიდან მისივე საფეხბურთო ნომრიანი დასახელებით. ცხადია, ამით გაჩერებას არ ვაპირებთ, არის კიდევ უფრო მეტი იდეები, პერსპექტივები. დაინტერესება და მოლაპარაკება საზღვარგარეთ ჩვენი ღვინის გატანაზე. გეგმები საკმაოდ დიდი და საინტერესოა.

ზვიად კორძაძის გამომცემლობა“ , ბარბალეს მარანი“, პედაგოგიური საქმიანობა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში… ხომ არ ინაცვლებთ იურისპრუდენციიდან სხვა სფეროში?

იურისპრუდენციიდან წასვლას არსად არ და ვერ ვაპირებ. 25 წელი იმ დანარჩენ საქმიანობებსაც რომ წარვმართავ, შემდეგ შეიძლება ვიფიქრო ძირითადი პროფესიის შეცვლაზე. ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობებს – საგამომცემლო საქმიანობას, მეღვინეობას – საქმიანობის დივერსიფიკაციას უფრო დავარქმევდი. რაღაცები, რაც ჩემთვის ბოლო წლების განმავლობაში უფრო ჰობი იყო, შემდგომ კი ამ კუთხით გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, საბოლოოდ საქმეში გადაიზარდა. შესაბამისად, ჩემი მხრიდან უკვე ისეთივე დამოკიდებულებას ითხოვდა, როგორიც თუნდაც ადვოკატურას სჭირდებოდა აქამდე. ზოგადად წესად მაქვს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, საფუძვლიანად და ხარისხიანად უნდა ვაკეთო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისე გამომივა გამომცემლობაც და მეღვინეობაც, როგორც ამ 25 წლის განმავლობაში გამომდიოდა ადვოკატობა.