26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმის განსახორციელებლად 236 ერთეული აპარატი გამოიყენა: 127 რაკეტა და 109 დრონი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 201 სამიზნის – 102 რაკეტისა და 99 უპილოტო საფრენი აპარატის – ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინული Forbes-ის შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმა ყველაზე ძვირი სწორედ ამ დღეს დაუჯდა.
თავდასხმისას რუსეთმა გამოიყენა სამი Kinzhal-ის აერობალისტიკური რაკეტა (ერთი ჩამოგდებული), ექვსი Iskander-ი ან KN-23 ბალისტიკური რაკეტა (ერთი ჩამოგდებული), 77 Kh-101 საკრუიზო რაკეტა, 28 Kalibr-ის საზღვაო საკრუიზო რაკეტა, 10 Kh-59/Kh-69 მართვადი საჰაერო რაკეტა (სულ ჩამოაგდეს 99 საკრუიზო რაკეტა), სამი Kh-22 საკრუიზო რაკეტა (ერთი ჩამოგდებული) და 109 Shahed-ი (99 ჩამოგდებული).
უკრაინული Forbes-ის დათვლებით, რუსეთმა აღნიშნული თავდასხმის განსახორციელებლად 1.2-1.3 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. შედარებისთვის, 8 ივლისის თავდასხმა, როდესაც რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეში 38 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, Forbes-ის მონაცემებით, ოკუპანტს $200-250 მილიონი დაუჯდა.
26 აგვისტოს საჰაერო თავდასხმის შედეგად, რომელმაც 15 ოლქი მოიცვა, დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, მათ შორის კიევის ჰიდროელექტროსადგური. შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
2024 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინისკენ სულ 9627 რაკეტა და 13997 დრონი გაუშვა. აქედან უკრაინამ 2429 რაკეტა და 9272 დრონი ჩამოაგდო.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, 11 879 ობიექტი დაზიანდა. მათგან 6 203 – სამოქალაქოა, ხოლო 5 676 – სამხედრო.