26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

ფოტო: relentlessroaming.com

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა, მათ შორის კი ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლის საფუძველზეც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. შეთანხმების თანახმად, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო მატარებელი 26 მაისიდან აღადგენს მოძრაობას.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თავდაპირველად 2025 წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა პროცესი გადაიდო. აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები 2020 წლიდან, კოვიდპანდემიის გავრცელების შემდეგ, დახურული აქვს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის თანდასწრებით, გაფორმდა 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე. ასევე, კიდევ 20 წლით გახანგრძლივდა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წლის ხელშეკრულება, რაც, მთავრობის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

„აზერბაიჯანთან გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც ელექტროენერგიის იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენთან დაკავშირებული შეთანხმება, რის საფუძველზეც ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.