ფოტო: AFP
ფრანგული სარეკლამო კომპანია Publicis-ი, მარკეტინგულ ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტისა და ენერგიის გაფართოების ორგანიზაციას, ამერიკულ მონაცემთა კომპანია LiveRamp-ს $2.2 მილიარდად ყიდულობს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობებით, შესყიდვა სრულად ნაღდი ფულით განხორციელდება — აქციაზე $38.50-ად, რაც LiveRamp-ის აქციების პარასკევის საბაზრო ფასზე თითქმის 30%-ით მეტია.
Publicis-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, არტურ სადუნის განცხადებით, LiveRamp-ის შემოერთების შემდეგ მათ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ „შექმნან ახალი, ექსკლუზიური და საკუთრების უფლების მქონე მონაცემები“, რაც, თავის მხრივ, წამყვანი ენობრივი მოდელების (LLM) ბაზაზე ჭკვიანი და მოწინავე AI-აგენტების შექმნის საფუძველი გახდება.
სადუნმა ჯერ კიდევ თებერვალში გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ მაშინ, როდესაც სარეკლამო ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის გამო გამოწვევების წინაშეა, AI-ტექნოლოგიებში ადრეული ინვესტიციები მათ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარათ. შეგახსენებთ, რომ Publicis-მა 2019 წელს მონაცემთა კომპანია Epsilon-ი $4.4 მილიარდად შეიძინა, რაც ფრანგული კომპანიის ისტორიაში უდიდესი გარიგება იყო.
ცნობისთვის, LiveRamp-ი საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში ოპერირებად კომპანიებს, ასევე ფინანსურ და ჯანდაცვის ორგანიზაციებს ეხმარება დაამუშაონ და გააანალიზონ მრავალი წყაროდან, მათ შორის რეკლამის განმთავსებლებისგან, მიღებული მონაცემები და მათზე დაყრდნობით, კომპანიების მომხმარებლების ზუსტი და დეტალური სურათი შექმნან. Publicis-ის განცხადებით, LiveRamp-ის საშუალებით ფრანგული ჯგუფი თავის კლიენტებს მათზე მორგებულ მონაცემთა ბაზებს მიაწვდის, რაც მათ AI-სისტემების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
Publicis-ის ინფორმაციით, შესყიდვაზე გარიგება კომპანიების საბჭოების მიერ ერთხმად დამტკიცდა. გარიგება ამჟამად აქციონერთა და მარეგულირებლების თანხმობის მოლოდინშია, პროცესი კი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიხურება. შესყიდვის შემდეგ LiveRamp-ის აღმასრულებელი დირექტორი, სკოტ ჰაუ, თანამდებობას შეინარჩუნებს და უშუალოდ არტურ სადუნის დაქვემდებარებაში გადავა.














