26 სახელმწიფო ომის შემდგომ უკრაინაში სამხედროების განლაგებაზე შეთანხმდა

26 სახელმწიფო ომის შემდგომ უკრაინაში სამხედროების განლაგებაზე შეთანხმდა

26 სახელმწიფო მზადაა უკრაინაში, ომის დასრულების შემდგომ, სამშვიდობო ძალები გაგზავნოს ან მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უზრუნველყოს დახმარება კიევისთვის – ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკრონის თქმით, უკრაინაში წარგზავნილი საერთაშორისო ჯარები არა ფრონტის ხაზზე, შეხების ზონებში, არამედ კონკრეტულად განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში განლაგდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციული სამუშაოები ახლა უკვე პოლიტიკურ და სამართლებრივ დონეზე უნდა ფორმალიზდეს, რათა ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები დაუყოვნებლივ ამოქმედდეს.

ემანუელ მაკრონს ქვეყნების სრული სია არ გამოუცხადებია, თუმცა დაადასტურა, რომ 26 ქვეყანას შორის არიან იტალია, პოლონეთი და გერმანია. თუმცა პოლონეთმა, თავის მხრივ, უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა საჯაროდ გამორიცხა. ამავდროულად კი, მაკრონთან ერთად ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება მისი პარტნიორების ნაწილის განცხადებებს „უკრაინის მარაგის გასაძლიერებლად, კიევისთვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდების შესახებ“.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი 26 სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა და ამ რაოდენობის ქვეყნების მიერ ომის შემდგომ უკრაინის გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნა „გამარჯვებად“ შეაფასა. „ჩვენ აშშ-ის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ამერიკის ზუსტი წვლილი უახლოეს დღეებში დადასტურდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ხუთშაბათს, ელისეს სასახლეში „ნების კოალიციის“ შეხვედრას 35 სახელმწიფოს მეთაურთან ერთად პრეზიდენტი ზელენსკიც ესწრებოდა. პარიზში იმყოფებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. შეხვედრის შემდეგ, ევროპელი ლიდერები ესაუბრნენ დონალდ ტრამპსაც. აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განხილული იყო სანქციები, მათ შორის ხელახალი სანქციები რუსეთისა და უკრაინაში ომის ხელშემწყობი ქვეყნების წინააღმდეგ.

მაკრონის განცხადებით, ევროპელი ლიდერები და პრეზიდენტი ტრამპი შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე კვლავ უარს იტყვის, მოსკოვის წინააღმდეგ კოორდინირებული სადამსჯელო ზომები ამოქმედდება.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირისპირ, ან ტრამპის მონაწილეობით, სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში. „ვფიქრობ, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ეს შეხვედრა გადავადდეს“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს და შეხვედრის მოსკოვში გამართვის შესაძლებლობაც გამორიცხა.

უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჯარების გაგზავნის ფაქტს უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტიც. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინაში განლაგებული ნებისმიერი სახის სამხედრო ძალა „ლეგიტიმური სამიზნე“ იქნება მოსკოვისთვის და განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდებიან. პუტინმა ზელენსკითან შეხვედრაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მზად არის უკრაინის ლიდერთან შეხვედრისთვის, თუმცა ამის აზრს ვერ ხედავს, რადგან „უკრაინულ მხარესთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა თითქმის შეუძლებელია“.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შეფასებით, ევროპული ქვეყნების ძალისხმევა, უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ომის გაგრძელების პროვოცირება. პუტინის პრესმდივანმა BBC-ს განუცხადა, რომ ნებისმიერი უცხოური ძალა, იქნება ეს ნატოს წევრი თუ სხვა, საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. „ჩვენ [რუსეთი] ნატოს მტრები ვართ “, – განუცხადა კრემლის პრესმდივანმა BBC-ის ჟურნალისტებს.

უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგების შესახებ რუსეთის წინააღმდეგობას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც. რუტეს განცხადებით, რუსეთს უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგებაზე ვეტოს უფლება არა აქვს, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ეს რუსეთის გადასაწყვეტი არ არის.