6 ივნისიდან უნგრეთი საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გაცემას შეწყვეტს

6 ივნისიდან უნგრეთი საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გაცემას შეწყვეტს

ფოტო: Shutterstock

უნგრეთის მთავრობა 6 ივნისიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გაცემას შეწყვეტს. ხელისუფლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უცხოელი მუშახელის ნაკადის რეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

პრემიერ-მინისტრ პეტერ მაგიარის მთავრობამ განაცხადა, რომ დასაქმების შესაძლებლობები უცხოელი მუშაკებისთვის უფრო მკაცრად დარეგულირდება, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებზე ზეწოლას ახდენენ.

მთავრობის პრესსპიკერის, ვანდა სონდის თქმით, პარასკევიდან შეიცვლება ის დადგენილება, რომელიც საკადრო სააგენტოებს საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეების გამარტივებული წესით დასაქმების მიზნით ქვეყანაში შემოყვანის საშუალებას აძლევდა.

ამჟამად უნგრეთში მყოფ უცხოელ დასაქმებულებს ვიზის ვადის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა კვლავ შეეძლებათ, ხოლო უკვე წარდგენილი განაცხადები განხილვას დაექვემდებარება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშაკები უნგრეთის სამუშაო ძალის დაახლოებით 2%-ს შეადგენენ, თუმცა მომსახურებისა და წარმოების სექტორებში მათი წილი გაცილებით მაღალია და მრავალი კომპანია მათზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

მთავრობა აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა მხოლოდ პირველი ეტაპია და მომავალში უცხოელი მუშახელის საკითხის გრძელვადიანი რეგულირების მიზნით დამატებითი ზომებიც იგეგმება.

უნგრეთში მოქმედი რამდენიმე მსხვილი უცხოური ინვესტორის შეფასებით კი, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის შემოდინების სრულად შეჩერებამ შესაძლოა როგორც კომპანიების საქმიანობას, ისე ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.