აშშ-ის კონგრესმა რუსეთის სანქციებსა და უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესმა რუსეთის სანქციებსა და უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა

ფოტო: Getty Images

 

ხუთშაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი მიიღო. პოლიტიკური მიმომხილველები კონგრესმენთა მიერ კანონპროექტის მხარდაჭერას იმის ნიშნად აღიქვამენ, რომ რესპუბლიკელი კანონმდებლები ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მიდიან.

წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის მხარდაჭერის აქტს 226 ხმით დაუჭირა მხარი 195-ის წინააღმდეგ, რომელიც თვეების განმავლობაში შეფერხების შემდეგ კენჭისყრის საგანი გახდა.

კანონპროექტი მას შემდეგ მიიღეს, რაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ კანონმდებელთა მცირე ჯგუფი დემოკრატებს შეუერთდა რეზოლუციის მისაღებად, რომელიც აშშ-ს ირანთან საომარი მოქმედებებიდან ჯარის გაყვანას აიძულებდა, თუ კონგრესი ომს ოფიციალურად არ გამოაცხადებდა ან სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციას არ გასცემდა.

შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. მისი განმარტებით, აღნიშნული კენჭისყრის შედეგი უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი მაგალითია.

მიუხედავად ამისა, უკრაინის მხარდაჭერის აქტის მომავალი კვლავ გაურკვეველია. კანონად ქცევისთვის, მას კენჭი სენატში უნდა ეყაროს, რომლის რესპუბლიკელმა ლიდერებმა არ დაუშვეს კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და განაცხადეს, რომ ისინი ტრამპის მითითებებს დაელოდებიან.

კანონპროექტის სენატში დამტკიცების შემთხვევაშიც კი, დიდია ალბათობა იმისა, რომ ტრამპი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტიიდან კონგრესის ბევრმა წევრმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ წლებში უკრაინას მხარი მტკიცედ დაუჭირა, ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ კონგრესისა და სენატის წევრების ნაწილმა კიევის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია დაიკავეს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.