2018 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 60 წლის იუბილე აღნიშნა. ბანკის მუშაობა საქართველოში 10 წელზე მეტს ითვლის.
ვაზილ ჰუდაკი – ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში საქმიანობაზეა პასუხისმგებელი – Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ხსნის, რას მიაღწია EIB-იმ ამ პერიოდში და რას უნდა ველოდოთ მომავალში.
როგორ განმარტავდით ევროპის საინვესტიციო ბანკის როლს და რით არის ის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
EIB-ი ევროკავშირის ოჯახის განუყოფელი ნაწილია. 1958 წელს იმ მიზნით დაარსდა, რომ მხარი დაეჭირა გრძელვადიანი ინვესტირებისთვის. მისი მისია ყოველთვის იყო შიდა ბაზრის დაბალანსებული და სტაბილური განვითარების მხარდაჭერა და ასევე ევროპის მასშტაბით კავშირების გაზრდა. ევროპის ბანკს მდგრადი პროექტების დაფინანსების 60-წლიანი ისტორია აქვს. ამას ნაკლებგანვითარებულ რეგიონებში არსებული ისეთი პროექტების დაფინანსებით აღწევს, რომლებიც აქცენტს რამდენიმე მიმართულებით აკეთებენ – მათ შორის, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების, საერთო ინტერესების, რაც სხვადასხვა ქვეყანას აქვს ევროკავშირის საერთო მიზნების შესაბამისად, ასევე – ინოვაციის.
გარდა ამისა, 1958 წლიდან მოყოლებული, EIB-ი საქმიანობს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში და 160-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯამში, დაფინანსებული პროექტების 90% ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ხოლო 10% ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გაწეულ დაფინანსებაზე მოდის.
როგორია EIB-ის ბოლო წლების პოლიტიკა და რა იქნება მისი პრიორიტეტები მომდევნო წლებში?
პირველი 6 ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის ბანკს გაცემული აქვს 1 ტრილიონი ევროს ღირებულების დაფინანსება, რომლიდანაც წევრი ქვეყნების კონტრიბუცია 14 მილიარდი ევროა. სხვა ბანკების შემთხვევაში ასე არ ხდება. საუკეთესო შეთავაზების თვალსაზრისით EIB – ერთადერთია.
მომავალში ევროკავშირის ბანკს სურს, კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მოუტანოს მათ რეალური ღირებულება, რეალური პროგრესი და პოზიტიური გავლენა. მუდმივად ვცდილობთ, სულ უფრო და უფრო უკეთესები გავხდეთ!
მეტის მიღწევა გვინდა განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსების თვალსაზრისით – განსაკუთრებით, როცა საქმე ევროპის სამეზობლოს და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას ეხება. ჩვენი მთავარი მიზანია, ევროპისა და ჩვენი მეზობლების ეკონომიკა უფრო ინოვაციური, ურთიერთშეკავშირებული და კონკურენტული გავხადოთ.
EIB-ის ევროკავშირის ღირებულებების მის პარტნიორ ქვეყნებში დანერგვის როლი დიდი ხანია, რაც შეთვისებული აქვს. ევროკომისიის მიერ მონიჭებული მანდატის საფუძველზე, შესაძლებლობა გვაქვს ტექნიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად გამართულ და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პროექტებით, რომლებსაც კონკრეტული შედეგები მოაქვთ, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ევროკავშირის მნიშვნელობა მის პარტნიორ ქვეყნებში. მეტიც, ბანკის საქმიანობა რეგიონში ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, დასაქმებას, შიდარეგიონულ ვაჭრობას და ჩვენი საერთო გარემოს დაცვას.
რა არის ევროპის საინვესტიციო ბანკის პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?
EIB-ის საქმიანობა რეგიონში ფოკუსირებულია სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც სარგებლის მომტანია როგორც სამიზნე ქვეყნებისთვის, ისე ევროკავშირთან მათი ურთიერთობებისა და უფრო მჭიდრო კონტაქტისთვის. დაბალანსებული განვითარება და აღმოსავლეთით ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში მოქალაქეთა კეთილდღეობა ყველა ჩვენგანის სტრატეგიული ინტერესია.
2017 წლის ბოლოს EIB-ის მიერ გაცემულმა სესხებმა აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებში 8 მილიარდ ევროს მიაღწია. ამ პერიოდში დაფინანსებულია 90-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი და რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამტკიცებულია საკრედიტო ხაზები.
რას მიაღწია EIB-იმ საქართველოში?
საქართველოსა და EIB-ის შორის გრძელ და წარმატებულ თანამშრომლობას საფუძველი 2007 წელს, ჩარჩო- ხელშეკრულების ხელმოწერით ჩაეყარა. ამ თანამშრომლობის ამოსავალი წერტილია საქართველოში განვითარების ხელშეწყობა და ევროკავშირთან ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია.
2007 წლიდან EIB-იმ ეკონომიკის სხვადას- ხვა სექტორში 28 საქმიანობას დაუჭირა მხარი. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ EIB-იმ კიდევ უფრო გაზარდა თავისი მხარდაჭერა და, პრაქტიკულად, გააორმაგა დაკრედიტება 1.6 მილიონ ევრომდე. ამ მაჩვენებლით საქართველო EIB-ის ბენეფიციარ ქვეყნებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ერთ სულზე ევროპის ბანკის დაფინანსებით პირველ ადგილზეა.
EIB-ის პორტფოლიოში საჯარო დაფინანსებას 82% უჭირავს და ძირითადი აქცენტი სატრანსპორტო კვანძებზე, წყალზე, სანიტარულ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე კეთდება. პორტფოლიოს დარჩენილი ნაწილი ხმარდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ადგილობრივი ბანკების მეშვეობით.
შემიძლია კონკრეტული მაგალითიც მოვიყვანო: EIB-ის სესხები საქართველოს რეგიონალური განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად, რომელიც აქცენტს აკეთებს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანობისა და სანდოობის გაუმჯობესებაზე. დღეს ფინანსდება ჯამში 185 კილომეტრი სიგრძის 34 მუნიციპალური გზის, ექვსი სპორტული დაწესებულების, ექვსი სკოლისა და რეგიონული ინოვაციის ცენტრის რეაბილიტაცია. ეს მსხვილი საინვესტიციო პროექტები საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაში ყოველდღიურ რეალურ, ხელშესახებ შედეგებს დებს.
საქართველო EIB-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ამ ქვეყანასთან წარმატებული თანამშრომლობის ასეთი საინტერესო ისტორია გვაქვს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, გრძელდება.
რა იყო EIB-ის ძირითადი საქმიანობა 2018 წელს?
ხელი მოვაწერეთ 30-მილიონევროიან სესხს საქართველოში უმსხვილესი – თიბისი ბანკისთვის, რომ გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ეს სექტორი წარმოადგენს ქვეყანაში ბაზარზე აქტიური კომპანიების 90%-ს. ამ სესხით ისარგებლებს დაახლოებით 600 მცირე და საშუალო ზომის კომპანია.
გარდა ამისა, 2018 წელს ჩვენ რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ხელი მოვაწერეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდის (EPTATF) საგრანტო შეთანხმებას, რომელიც 3.25 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ამ თანხებით მოხდება EIB-ის მხრიდან ქუთაისის წყალარინების პროექტისთვის საჭირო სამუშაოების დაფინანსება.
ჩვენ ასევე სულ ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ ჩარჩო ახალი სესხისთვის, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო კვანძების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გზების დაფინანსებას დამატებით 250 მილიონი ევროთი ითვალისწინებს. ამ პროგრამის განხორციელებაში ჩაერთვება ევროკავშირიც, რომელიც დამატებით ტექნიკური დახმარების 6 მილიონი ევროს ღირებულების გრანტს გამოყოფს.
გლობალურად, საინვესტიციო ნაპრალები ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა და დავრწმუნდეთ, რომ ვაუმჯობესებთ სხვებთან თანამშრომლობას. მსოფლიოში არ არის საკმარისი ფინანსები გლობალური განვითარების ყველა გამოწვევის საპასუხოდ. კერძო ინვესტიციების წახალისება ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ. და ჩვენ შეგვიძლია აქ რეალური შედეგის მოტანა – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ყოველ 1 ევროზე ჩვენ დაახლოებით 40 ევროს თანადაფინანსებას უზრუნველვყოფთ.
ამდენად, ევროკავშირის ბანკი ყოველთვის მზად არის საერთაშორისო და მულტილატერალური თანამშრომლობისთვის. მარტო არავინ არის უფრო ძლიერი. ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში აბსურდულია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის მიმართულებით ისე, რომ ერთად არ ვიმუშაოთ.
რა არის საქართველო – EIB-ის ურთიერთობაში მთავარი გამოწვევა?
ჩვენ უკვე საკმაო თანხა გავეცით საქართველოს კერძო და საჯარო სექტორებისთვის. თუმცა ჩვენ ასევე ჩვენს მოვალეობად და პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, ეს თანხები სწორად დაბანდდეს. ტექნიკური მხარდაჭერის გრანტები სწორედ ამას ისახავს მიზნად – რაც შეიძლება მეტად გაუმჯობესდეს დაფინანსებული პროექტების იმპლემენტაცია. საქართველო – EIB-ის ურთიერთობაში ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტების სიცოცხლის ციკლისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი დადგა.
პროექტების უმეტესობა, რომლებიც უკვე დავაფინანსეთ, საჯარო სექტორშია თავმოყრილი – შესაბამისად, კიდევ ერთი გამოწვევაა პორტფელის დაბალანსება და იმის უზრუნველყოფა, რომ სხვადასხვა სექტორის კომპანიები გახდნენ ჩვენი დაფინანსების კლიენტები და ბენეფიციარები. ევროკავშირის ბანკის კონტრიბუცია კერძო სექტორის საინვეტიციო პროგრამებში ზრდის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ნამდვილად კარგი სიგნალია სხვა გლობალური ინვესტორებისთვის, რომ ისინიც ჩაერთონ ინვესტირებისა თუ თანაინვესტირების პროცესში.
ამასთან, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა მეტ შესაძლებლობას აჩენს ადგილობ რივი კომპანიებისთვის, მეტი ისწავლონ თავიანთი ევროპელი კოლეგებისგან და რეალურად დანერგონ ევროპის პროცედურების საუკეთესო პრაქტიკა – მაგალითად, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი შესყიდვების წესები. მიმაჩნია, რომ ეს გამოწვევები საქართველოს- თვის სინამდვილეში – შესაძლებლობებია.
რამდენად აქტიურები და პროდუქტიულები არიან თქვენი პოტენციური მსესხებლები საქართველოში (როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში)?
საკმაოდ აქტიურები იმისთვის, რომ საქართველო იყოს რიგით პირველი ბენეფიციარი ერთ სულზე დაფინანსების მიხედვით აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებს შორის.
რადგან ევროკომისია არის პოლიტიკის მკეთებელი, ჩვენ პოლიტიკის გამტარებლები ვართ. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საქმიანობა საქართველოში სრულად მიჰყვება პროევროპულ გზას, რაც საქართველომ აირჩია და რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება. EIB-ი მოგების მიღების მიზნით არ შექმნილა – უფრო იმისთვის, რომ ინვესტირება უფრო მოგებიანი გახადოს სხვა ინვესტორებისთვის და ამ პროცესში კერძო სექტორი ჩართოს. ეს მიდგომა დღემდე რჩება პოტენციური მსესხებლებისთვის მოტივაციის მთავარ ფაქტორად. ქვეყნის მთავრობა ძალიან კარგი პარტნიორია როგორც სტრატეგიული, ისე ოპერაციული დისკუსიებისთვის – თუ რა უნდა იყოს ინვესტირების პრიორიტეტები საქართველოსთვის.
EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობა თბილისში – არის რაიმე გეგმები, რომ გაფართოვდეს მისი დაფარვის არეალი და პორტფელი?
EIB-ის რეგიონული ოფისი თბილისში 2015 წელს გაიხსნა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ბანკი ჩვენს კლიენტებთან უფრო ახლოს იყოს მთელ რეგიონში. ეს საშუალებას გვაძლევს, უკეთ მოვიცვათ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც სესხებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებებით ვხედავთ და უკეთ შევაფასოთ და ვუპასუხოთ დაფინანსების იმ საჭიროებებს, რაც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ.
წარმომადგენლობას დღეს ახალი ხელმძღვანელი – მაცეი ჩურა ჰყავს, რომელიც, მჯერა, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს EIB-ის როლს საქართველოში და კიდევ უფრო მჭიდრო ინსტიტუციურ კავშირებს დაამყარებს სახელისუფლებო წრეებთან. ჩვენს რეგიონულ წარმომადგენლობას დიდი წვლილი შეაქვს პროექტების იდენტიფიცირებისა და სკრინინგის საქმეში, ახალი ოპერაციების დანერგვასა და საჯარო და კერძო სექტორების დაფინანსების მიმართულებით ახალი პროდუქტების განვითარებაში.
EIB-ის გეგმებსა და პროგნოზებსაც რომ შევეხოთ 2018 წლის მიღმა საქართველოსთვის – უკვე თუ არსებობს კონკრეტული გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რაც EIB-ის სათავო ოფისმა უკვე დაამტკიცა?
რაც შეეხება უახლოეს მომავალს, გვსურს, ჩვენი გავლენა გავზარდოთ და კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამშრომლობა სხვებთან. გლობალური განვითარების ყველა გამოწვევის საპირწონედ საკმარისი დაფინანსება არ არის.
მჯერა, რომ მომავალი წელი ახალ შესაძლებლობებს მოიტანს ურბანული განვითარებისთვის საჭირო ე.წ. ჭკვიანი და მწვანე გადაწყვეტების დაფინანსებისთვის – განსაკუთრებით, თბილისში და მოიტანს ასევე კიდევ ერთ კარგ, კერძო სექტორის მიერ ინიცირებულ პროექტს – ამჯერად, ენერგეტიკის სექტორში. საქართველოს მთავრობა რჩება ჩვენს მთავარ საჯარო პარტნიორად და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ საერთო რეგიონული მნიშვნელობის პროექტს ჩავუყრით საფუძველს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობისთვის.
მომავალი ინოვაციას ეკუთვნის. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საქართველო ამ სექტორშიც მალე გამოკვეთს საკუთარ პრიორიტეტებს. თუმცა, საქართველოში კერძო სექტორის განვითარება, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მიმართულებით, ისევ დარჩება EIB-ის პრიორიტეტად, რადგან, როგორც ყველა ჯანსაღ ეკონომიკაში, სწორედ კერძო სექტორია ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინოვაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა.