რიგითი მომხმარებლებით დაწყებული, გავლენიანი პოლიტიკოსებით დამთავრებული, ბევრი ეკონომიკური სუბიექტი უჭერს მხარს მდგრად განვითარებასა და ინვესტორთათვის ძლიერი პორტფელის შექმნის შესაძლებლობას.
ESG-ის ანუ გარემო, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების გამოყენება ძალიან დიდ გავლენას ახდენს ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე. თუმცა ბოლო წლებში ამ ფაქტორების აქტიურად გამოყენების მიუხედავად, აღნიშნული მიდგომა ბიზნესის კეთების მთავარი მოტო ჯერაც არ გამხდარა.
მაგალითისათვის, ჯერჯერობით საცალო ინდუსტრიის ინვესტორთა მხოლოდ 69%-ია დაინტერესებული ESG-ით. ხოლო რეალურად მათი მხოლოდ 10% ახორციელებს ინვესტიციას ისეთ პროდუქტებში, რომლებიც დაკავშირებულია ESG მიდგომებთან.
თუმცა, აღნიშნული მიდგომის დადებითი ეფექტების პერსპექტივის გასააზრებლად, თავდაპირველად საჭიროა, ინვესტორებს კარგად ესმოდეთ, თუ საერთოდ რას ნიშნავს ESG.
საკითხის აქტუალობის გამო, J.P. Morgan-ის აქტივების მართვის გუნდმა წარმოადგინა ის შვიდი აუცილებლობა, რაც ინვესტორებს ESG ინვესტირების მზარდი მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმარებათ.
ESG-ის ინტერპრეტაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებელთა პრეფერენციებსა და დამოკიდებულებებზე
როგორც აღმოჩნდა, საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს კომპანიათა პოზიციას, უზრუნველყონ მათი შესყიდვების მდგრადობა. აღნიშნული ტენდენციის უკეთ აღსაქმელად J.P. Morgan-მა კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს ეკითხებოდნენ, ყიდულობდნენ თუ არა პროდუქციას იმ კომპანიისაგან, რომელიც ცნობიერად იცავდა გარემოს.
როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლები ყველაზე მეტად ეკოლოგიურად კეთილგანწყობილნი ჩინეთში არიან. თუმცა, ზოგადი ტრენდის მიხედვით, ყველა ქვეყნის მოსახლეობამ პოზიტიური ცვლა აჩვენა კომპანიების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ გარემოს დაცვას.
გარემოსდაცვით და სოციალურ მიზნებს პოლისიმეიკერები ადგენენ
მსოფლიოში სასათბურე გაზების გამოყოფით პირველ ადგილებზე მყოფი სახელმწიფოების მთავრობები ადგენენ ნულოვანი გამონაბოლქვის მომავლის დღის წესრიგს, სადაც სასათბურე გაზების გამოყოფა ან სრულიად შეწყდება, ან მნიშვნელოვნად შემცირდება.
ზოგი კომპანიისათვის მდგრადი პოლიტიკა შესაძლოა უკან გადადგმული ნაბიჯი იყოს
თუკი გვინდა, რომ 2050 წლისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიზანს მივაღწიოთ, მაშინ ტრადიციული ენერგიის წყაროები გლობალური ენერგოუზრუნველყოფის ძალიან მცირე წილს უნდა შეადგენდეს. უფრო კონკრეტულად კი, 2050 წლისათვის ნავთობის წილი გლობალურ მოხმარებაში მხოლოდ 6.8% უნდა იყოს. ქვანახშირის წილი – 1.9%, ხოლო ბუნებრივი აირისა – 13%. რაც შეეხება განახლებად ენერგიას, მისი წილი 59%-ს უნდა შეადგენდეს.
ESG ქმნის შესაძლებლობებს მათთვის, ვინც ცვლილებების ლოკომოტივია
თუკი გლობალურად ინვესტიციების მოძრაობის ტენდენციას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია სწორედ განახლებადი ენერგიის სექტორში მიედინება. მაგალითად, 2004 წელს გლობალურად აღნიშნულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 33 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2020 წელს კი თითქმის ათჯერ მეტი – 304 მილიარდი აშშ დოლარი.
ESG არა მხოლოდ კლიმატის საკითხებს, არამედ სოციალურ და მმართველობით სფეროებსაც ფარავს
ESG, მისი სახელიდან გამომდინარეც უფრო მრავლისმომცველი მიდგომაა, ვიდრე მხოლოდ გარემოს დაცვაზე ფოკუსი.
ESG გავლენას ახდენს საინვესტიციო ლანდშაფტზე
მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა მდგრადი ფიქსირებული შემოსავლების სტრატეგიებზეც. გლობალურად მდგრადი ობლიგაციების გამოშვება 2016-დან 2020 წლამდე 25-ჯერ გაიზარდა.
ESG ცვლის ინვესტიციების შემოდინების ბუნებას
საინტერესოა, რომ აღნიშნული მიდგომა ქვეყნის აქტივების ნაკადების ბუნებასაც ცვლის. მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტი ქვეყნის აქტივები მიედინება მდგრადი სტრატეგიების მქონე პროექტებში, რაც მთლიანად კეთილდღეობაზე დადებითად მოქმედებს.