3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, რაც მოჰყვა უკრაინის იმავე გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანამ რუსეთის ათიათასობით სამხედრო დანაყოფის უკრაინაში აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოჭრის შემდეგ მიიღო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ევროკავშირს მოუწოდა, რომ საქართველოს წევრობაზე განაცხადი დაჩქარებულად განეხილათ და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ. საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს უყურადღებოდ ტოვებდნენ. 1-ელ მარტს მთავრობა მკაფიოდ ამბობდა, რომ საქართველო არ იყო მზად ევროკავშირის წევრობისთვის და პროცესი დაიწყებოდა 2024 წელს, მთავრობის მიერ 2021 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. „ქართული ოცნების“ მეთაურმა ისიც კი აღნიშნა, რომ ნაადრევი განაცხადი საქართველოსთვის უარყოფით შედეგს გამოიღებდა, რადგან ქვეყანას ჯერ კიდევ დასაკმაყოფილებელი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო გარკვეული პირობები.
საქართველოს მთავრობის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება მოჰყვა საზოგადოებაში უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობითა და ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში არმონაწილეობით გამოწვეულ უკმაყოფილებას. ამ ყველაფერს დაერთო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტიც, სადაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ზურაბიშვილმა საკუთარი სოციალური მედიის ანგარიშებზე გარკვეულწილად გააკრიტიკა კიდეც მთავრობის უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობა. ამასობაში, ათიათასობით ქართველმა მოქალაქემ, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ყოველ საღამოს იკრიბებიან თბილისში, საქართველოს მთავრობისგან უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა. პირველ მარტს მსგავს მრავალათასიან დემონსტრაციაზე ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანაც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნითაც კი გამოვიდნენ, რამაც, სავარაუდოდ, დიდი გავლენა იქონია მთავრობის შემდგომ გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, 2 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე აპლიკაცია უკვე მზადდებოდა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კი აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან მოდიოდა პოზიტიური „სიგნალები“. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, ზუსტად რას გულისხმობდა სამხარაძე, ცხადია, რომ უკრაინაში რუსულმა აგრესიამ უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირთან დაახლოების რეალური შესაძლებლობები გააჩინა.
საქართველომ ჯერ კიდევ 2014 წელს მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რასაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გააქტიურება მოჰყვა. მას შემდეგ საქართველო და ევროკავშირი რეფორმების განხორციელებაზე მუშაობდნენ, რომლებიც შეთანხმებისამებრ საქართველოს მთავრობას უნდა შეესრულებინა. 2021 წლის ასოცირების შესრულების შეჯამების მიხედვით, საქართველო „სტაბილურად აგრძელებდა ევროპულ გზაზე სვლას“ და „რჩებოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული“. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ხაზს უსვამდა მნიშვნელოვან გამოწვევებსაც, როგორიცაა სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობა. აღსანიშნავია, რომ ასეთმა საკითხებმა ევროკავშირის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ან საკმაოდ შეაფერხოს გაწევრების მოლაპარაკებები.
გაწევრების პროცედურები ჩვეულებრივ რამდენიმე წელს გრძელდება და საჭიროებს აპლიკანტი ქვეყნის მიერ მკაცრი კრიტერიუმების. ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების, დაკმაყოფილებას. მოცემული ვალდებულებები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ეკონომიკური სტაბილურობა, კორუფციის დაძლევა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ევროკავშირის წევრობის აპლიკანტმა ქვეყანამ თითოეული კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, რომ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებებში დაწინაურდეს. როდესაც ქვეყანას განაცხადი შეაქვს წევრობაზე, პირველ რიგში ევროკომისია ქვეყნის მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადყოფნას აფასებს, რაზე დაყრდნობითაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ევროპული საბჭოს ფორმატში ერთხმად უნდა დათანხმდეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. შემდეგი საფეხური მოიცავს მოლაპარაკებებს, რომლებიც კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ეხება. ეს გაწევრების პროცესის უმთავრესი, 35 საფეხურისგან შემდგარი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა რეფორმას მოიცავს. მოცემული რეფორმები კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანამ უნდა გაატაროს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად. კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ საკუთარი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის რეფორმირება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება. მოლაპარაკებების სისწრაფე დამოკიდებულია კანდიდატი ქვეყნის მიერ რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სისწრაფეზე.
საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის, პოლიტიკური დაახლოებისა და თავისუფალი ვაჭრობისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი. მოცემული ხელშეკრულება არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობის გარანტიას, თუმცა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები ქვეყნებს კანდიდატობის სტატუსის მისაღებად საჭირო ეკონომიკური და ადმინისტრაციული პირობების დაკმაყოფილებაში ეხმარება, რაც შედარებით აიოლებს წევრის სტატუსის მინიჭებასაც. ორგანიზაცია CEPS-ის უახლესი კვლევის მიხედით, საქართველო სხვა ასოცირებულ ქვეყნებსა და ბალკანეთის ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური და პოლიტიკური მმართველობის ხარისხით უსწრებს. ეს უპირატესობა საქართველოს მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შანსებს ნამდვილად ზრდის.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2018 წლიდან დღემდე დემოკრატიის ხარისხი არსებითად უარესდება. საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო ავლენს ავტორიტარულ თვისებებს: დამოუკიდებელ მედიას ავიწროებს და სასამართლო სისტემის პოლიტიზებას ახდენს. ასეთი პრობლემები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მკაცრი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას საკმაოდ გაართულებს. ამავდროულად, მმართველი პარტია უკრაინის მიმართ აქტიურ მხარდაჭერას არ გამოხატავს და არც რუსეთის წინააღმდეგ აპირებს სანქციების დაწესებას. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობამ შარლ მიშელის შეთანხმებით გაწერილი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს და უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადოს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროკავშირი შეძლებს, საქართველოს მთავრობა დემოკრატიულ გზაზე „დააბრუნოს“, რასაც რეფორმების აქტიური გატარების ვალდებულებებიც მოჰყვება. ეს კი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი დემოკრატიის მხარდამჭერი აქტორის საერთაშორისო სტატუსის განსამტკიცებლად.