ეყოფა თუ არა პუტინს ფული უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად?

ეყოფა თუ არა პუტინს ფული უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად?

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ დასავლეთის ქვეყნებისგან სანქციათა ამ დრომდე არნახული პაკეტი მიიღო, რომელიც მიმართულია რუსეთის არამხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წევრებისადმი, მათ შორის თავად ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის მიმართ, არამედ ქვეყნის საფინანსო სისტემისა და მოსახლეობისადმი.

ამგვარი სანქციების ფონზე, ჩნდება შეკითხვები იმის თაობაზე, ეყოფა თუ არა პუტინს ფული უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად, რა ელის რუსეთის ეკონომიკას, როგორ აისახება სანქციები რუსეთის მოსახლეობაზე და არსებობს თუ არა დამატებითი სანქციების საფრთხე. ამ შეკითხვებით უკრაინული Forbes-ი დაინტერესდა – პასუხებისთვის კი, მათ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესსკოლის, IE Business School-ის პროფესორს, მაქსიმ მირონოვს მიმართეს. ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.

თქვენი, როგორც ეკონომისტის აზრით, რა ხდება ახლა რუსულ ეკონომიკაში?  

ამ წუთას, ჯერჯერობით, სახიფათო არაფერია, მაგრამ მალე ყველაფერი საშინელებისკენ შეიცვლება.

ეკონომიკაზე მიღებული დარტყმის შემსუბუქება რუსეთმა უკვე დაიწყო – ამაზე მიუთითებს რეფინანსირების განაკვეთის 20%-მდე გაზრდა და ექსპორტიორებისთვის საკუთარი სავალუტო მოგების 80%-ის გაყიდვის ვალდებულება.

მოგვიანებით, ეკონომიკური ზომების ნაცვლად, შესაძლოა აკრძალვები და ლიმიტები დაწესდეს: ვალუტის გაყიდვის აკრძალვა ან მასზე დაწესებული ლიმიტი – აი, მაგალითად, ყოველთვიურად მხოლოდ $200-ი ან $500-ის შეძენა იქნება შესაძლებელი.

რამდენი ხანი შეძლებს რუსეთის ფედერაცია რუბლის კურსის შენარჩუნებას?

ოფიციალური გაცვლითი კურსის შენარჩუნება იმდენ ხანს შეუძლიათ, რამდენიც უნდათ. აი, საბჭოთა კავშირში, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში, დოლარი 63 კაპიკი ღირდა.

საქმე ისაა, რომ ოფიციალური გაცვლითი კურსის გარდა, რუსეთში რუბლის შავი კურსიც იქნება. აი, უკვე შემოიღეს 12%-იანი გადასახადი ვალუტის ყიდვაზე. სისტემა, რეალურად, ახლაც კი ორმხრივია: ვალუტის კურსი თეორიასა და ვალუტის კურსი – პრაქტიკაში.

რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა აღარავის სურს – ან, მას დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ. რა გავლენას ახდენს ეს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაზე?

ნავთობთან დაკავშირებული ვითარება ეკონომიკას ყველაზე მძლავრად ურტყამს. იშლება საწარმოო ჯაჭვები და რუსეთთან ვაჭრობა აღარავის სურს.

ნავთობის ექსპორტის გარკვეულ ნაწილს სხვა ქვეყნები შეითავსებენ, რომლებიც მის ყიდვას გადაწყვეტენ. თუმცა, ცხადია, რომ ეს ძალიან დიდი ფასდაკლებით მოხდება და თან, საკმარისი მაინც არ იქნება. ამასთანავე, სანქციები „გაზპრომსაც“ შეეხო და უცნობია, შემოსული ფულის დახარჯვას მოახერხებს თუ – არა.

ახლა, ყველა დასავლურმა კომპანიამ რუსეთში წარმოება შეაჩერა. ამასთანავე, შეჩერდა, როგორც ავტომობილების იმპორტი, ასევე „ავტოვაზის“ წარმოებაც, რადგან მათ კონკრეტული ნაწილები არ აქვთ – ეს ნაწილები, რეალურად, ძალიან ცოტაა, მაგრამ მათ გარეშე ვერაფერს იზამენ. ჭანჭიკი ან ჩიპი დაგაკლდება, მაგრამ მის გარეშე მანქანას ვერ გამოუშვებ – ამგვარი ვითარებაა სხვა ინდუსტრიებშიც.

ნავთობმომპოვებელი ინდუსტრია მეტად დამოკიდებულია დანადგარების იმპორტზე და რაღაც თუ არ ექნებათ, ნავთობის მოპოვება ჩერდება.

საბოლოო ჯამში, ეფექტი კოლოსალური იქნება, რადგან ყველაფერი ერთმანეთთან მეტად დაკავშირებულია. ვფიქრობ, რომ ქვეყნის მშპ 15-20%-ით შემცირდება.

ნაწილებისა და რეზერვების რამდენი თვის მარაგი აქვს ქვეყანას?

შეიძლება ითქვას, რომ ოქროს სავალუტო რეზერვები – ჩემოდანია, რომელსაც სახელური არ აქვს: თან ჩემოდანია და თან – არა. მათი ნახევარი გაყინულია, ხოლო მეორე ნაწილს საერთაშორისო ბანკები დოლარებში არ გადაცვლიან, სანქციები მათაც რომ არ შეეხოთ.

ნაწილებს რაც შეეხება, მათი მარაგი ერთ-ორ თვეს ეყოფა. აი, „ავტოვაზის“ მარაგებმა, როგორც ხედავთ, ერთ კვირასაც კი არ გასტანა. ზოგადად, ნაწილების დიდი დოზით მომარაგება – მომგებიანი არ არის. დიდი მარაგი რომ გაქვს, დიდი მოცულობის საბრუნავ თანხას კარგავ. აი, თქვენი მაცივარი გამოაღეთ. რამდენი პროდუქტი გაქვთ? ნახევარი წლის საკვებ პროდუქტებს წინასწარ არავინ იმარაგებს.

კიდევ რამდენი ხანი შეძლებს რუსეთი ომის დაფინანსებას? პუტინს ფული როდის დაუმთავრდება?

როგორც ბორის ნემცოვი ამბობდა, პუტინი საკუთარ თავთან არ მეგობრობს, რის გამოც, ის მას ბოლომდე მიყვება. ფული ეყოფა – ომისთვის, რუსეთში ფული ყოველთვის მოიძებნება. პუტინი მზად არის, რომ რუსეთის სრულ გაღატაკებამდე იომოს.

თუმცა, არის ერთი პრობლემა: შეიძლება ადამიანებმა ბუნტი ააგორონ. „აეროფლოტის“ პრეზიდენტი გადადგა, „სბერბანკის“ ერთ-ერთი წამყვანი ტიპი – გაიქცა – ვფიქრობ, რომ წამყვანი ჩინოვნიკებიც გაიქცევიან.

ამასთანავე, არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია დაღუპულების რაოდენობასთან დაკავშირებით. უკრაინისა და რუსეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებს შორის ათჯერადი სხვაობაა. სიმართლე, როგორც წესი, სადღაც შუაშია.  თუმცა, რაც მეტი დასაფლავება იქნება, მით უფრო დაეცემა რუსული ჯარის შემართება.

ნავთობსა და ეკონომიკური სანქციებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს რუსეთისთვის Disney-ის, IKEA-ს, Apple-ის, H&M-ისა და Zara-ს მსგავსი ბრენდების გასვლა?

ეს უკან, ოთხმოცდაათიანებში გადადგმული ერთი ნაბიჯია: ისევ გაჩნდებიან ვაჭრები, რომლებიც ტანსაცმელს ჩინეთიდან და ინდოეთიდან შემოიტანენ და რეალურად, ვაჭრობა 30 წლით უკან დაიხევს.

თან, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, თუ ეკონომიკის რა ნაწილი დაზარალდება – საუბარია ხარისხზე. აი, მაგალითად: ახლა Apple-ის სმარტფონი გაქვთ, მაგრამ შეიძლება ღილაკებიანი ან კიდევ უფრო განსხვავებული ტელეფონი გქონდეთ. Apple-მა და Samsung-მა რუსული ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. რაღაც ტელეფონები ბაზარზე აუცილებლად იქნება – შეიძლება, მოწოდება რაოდენობრივადაც არ შეიცვალოს, მაგრამ ხარისხი ნამდვილად განსხვავებული იქნება.

იგივე რაღაც მოხდება ტანსაცმელთან დაკავშირებით: რაღაც ტანსაცმელი იქნება, ადამიანები ქუჩაში შიშვლები ხომ არ ივლიან. თუმცა, ტანსაცმლის ყიდვა მაღაზიაში და ტანსაცმლის ყიდვა ბაზარში – ორი განსხვავებული რამ არის.

საბოლოო ჯამში, ხარისხი ყველა მიმართულებით დეგრადირდება.

და რეგიონებს რა ბედი ელით?

აი, მათ შემთხვევაში შედეგი გაცილებით უფრო მძიმე იქნება. მოსკოველებს Zara-ს ტანსაცმელზე მოუწევთ უარის თქმა, მაგრამ საკვები პროდუქტების საყიდლად ფული მაინც ექნებათ, ისინი ხომ მდიდრები არიან. ისე კი, პროდუქტების ღირებულება ორ-სამჯერ გაიზრდება და რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ.

მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა კულტურების იმპორტული თესლების წილი 40%-ს შეადგენს, ხოლო კარტოფილის თესლებისა – 90%-ს.

არსებობს თუ არა დამატებითი სანქციები, რომელთა შემოღება დასავლეთს შეუძლია?

ეკონომიკაზე უფრო მძლავრი იერიშის მიტანას აზრი არ აქვს – ეს არაეფექტიანი იქნება. მათ სხვა მიმართულებით უნდა იფიქრონ: უკეთესი იქნება, თუ ევროკავშირი რუს ჯარისკაცებს ტყვეებად ჩაბარებისკენ საჯაროდ მოუწოდებს და საპასუხოდ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარს შესთავაზებს.

რუსეთის ეკონომიკა ფაქტობრივად დანგრეულია და თუ ის სრულად დაინგრა, ამაში კარგი არაფერი იქნება.

ერთ არაპოპულარულ აზრს გამოვთქვამ: ეს ყველაფერი, დიდწილად, დასავლეთის ბრალიცაა. ოთხმოცდაათიანებში მათ რუსეთი სიღარიბეში დატოვეს, მას დიდად არ დახმარებიან და თან, ყველა მხრიდან ამცირებდნენ. მოხდა ის, რაც ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში: დამცირებული ხალხი ფეხზე წამოდგა და საკუთარი ღირსებისა და სამართლიანობის დაცვას შეუდგა. ახლაც იგივე ხდება: ეს ომი მხოლოდ პუტინის არ არის – მას რუსების უმრავლესობა უჭერს მხარს.

თუკი რუსეთი გაღარიბდება და მისი ეკონომიკა სრულად დაინგრევა – რუსეთს კაპიტულაცია მოუწევს, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ამასთანავე, ეს სანქციებისა და სიღარიბის მიმართ ზიზღს გააჩენს. ახლა განსხვავებული მიდგომის დროა: მათრახს რაც შეეხება, რუსული ეკონომიკის მიმართ დასავლეთმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე აუცილებელი იყო. ეკონომიკა დანგრეულია, რუსული კომპანიებს ფასი აღარ აქვთ, მაგრამ პუტინი მაინც არ ჩერდება. მკურნალობისას ერთი წამალი თუ არ გშველის, სხვა უნდა სცადო.

რამდენად ეფექტიანია ყველაზე მდიდრებისადმი დაწესებული სანქციები?

ის, რომ ელიტასა და ჩინოვნიკებს აქტივებს ართმევენ – ძალიან კარგი და სწორია, ამას სრულად მხარს ვუჭერ. ელიტასთან მიმართებით, დიდი ხნის განმავლობაში, პუტინს ასეთი შეთანხმება ჰქონდა: ლოიალურობა კორუფციის სანაცვლოდ. ახლა კი, პუტინმა ამ შეთანხმებას ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა. ოლიგარქები იახტებსა და სახლებს კარგავენ და ფიქრობენ, სჭირდებათ თუ არა საერთოდ ეს პუტინი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.