რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე რეცესიის ნიშნების ზრდის გავლენა აშშ-ის ეკონომიკაზე

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე რეცესიის ნიშნების ზრდის გავლენა აშშ-ის ეკონომიკაზე

ნავთობის ფასების ზრდისა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სხვა რისკების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები აშშ-ში რეცესიის ნიშნებზე ალაპარაკდნენ, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკაც მოახდენს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ რისკად სასაქონლო ფასების ზრდა რჩება. Goldman-ის ეკონომისტის, ჯოზეფ ბრიგსის პროგნოზით, მოკლევადიანი ფასები წმინდა შემოსავლის საშუალოდ 0.7%-იან შემცირებას გამოიწვევს, რაც გავლენას მეტწილად დაბალშემოსავლიანი ოჯახების მთლიან ხარჯებსა და სამომხმარებლო ცხოვრების წესზე მოახდენს. გარდა ამისა, საინვესტიციო ბანკი, მომხმარებელთა ნდობის კლების შედეგად, პრობლემებს შიდა ეკონომიკური ზრდისგანაც ელის, რასაც ევროპის ეკონომიკური აქტივობების შენელებისა და აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების ზრდიდან გამომდინარე, რაც,  სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაიწყება, ექსპორტის შემცირებაც მოჰყვება.

ბრიგსის ვარაუდით, რეიტინგის შემცირების შედეგად, მომავალი წლისთვის აშშ-ის რეცესიაში მოხვედრის რისკები იზრდება, რასაც განსაკუთრებით როგორც მეორე, ასევე პირველ კვარტალში, ტენდენციაზე დაბალი ზრდის მოლოდინი განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ სერვისების სექტორის შემდგომი გახსნა და ჭარბი დანაზოგების ხარჯები, მომავალ კვარტალებში რეალური მშპ-ის პოზიტიურ ზრდას შეინარჩუნებს, გაურკვევლობა ბაზარზე მაინც საკმაოდ მაღალია.

შედეგად, ქვეყნის წამყვან ანალიტიკოსთა ვარაუდით, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წელს, ნავარაუდები 3.1%-ის მაგივრად, 2.9%-ით გაიზრდება, ხოლო რეცესიის რისკის მატება 20%-დან 35%-მდეა ნავარაუდები. Goldman-ის განმარტებით, რუსეთისთვის სანქციების დამძიმება ქვეყანაში სასაქონლო ფასებისა და მიწოდების ჯაჭვში წარმოების შეფერხების ზრდაში გამოიხატება, რასაც ძირითად მეტალებზე წვდომის გართულება გამოიწვევს. რუსეთი, ნავთობთან ერთად, ლითონების ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია.

თუმცა Bank of America-ს წევრ ეთან ჰარისის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ნავთობზე გაზრდილი ფასები გახდება მიმდინარე წელს რეცესიის მიზეზი. მაგრამ ჰარისი ნავთობის დიდ შოკს სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს, რომელსაც, ფედერალური რეზერვის მოსალოდნელზე მეტად გამკაცრების შემთხვევაში, ქვეყანაში სერიოზული რეცესიის გამოწვევა შეუძლია. წარსულსაც თუ გადავხედავთ, ნავთობის ფასი ამერიკაში რეცესიის ძირითადი მიზეზი მხოლოდ ორჯერ, 1973-სა და 1990 წლებში გახდა, და ამ შემთხვევებშიც გავლენა ნავთობის გარდა, სხვა ბევრმა ფაქტორმა იქონია.

პანდემიის პერიოდში ენერგეტიკული ფასების ზრდამ ინფლაციის პროგნოზები ათწლეულების მაქსიმუმამდე გაზარდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კი ბაზრის გაურკვევლობა, რომელიც თებერვალში ნავთობის ფასისი 14-წლიანი მაქსიმუმის დაფიქსირებით დაიწყო, მხოლოდ გაამძაფრა. შრომის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, ბენზინზე ფასების უპრეცედენტო ზრდის ფონზე, 12 თვეში (რომელიც თებერვალში დასრულდა) ინფლაცია 7.9%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.