ჯანმომ კოვიდის ახალი შტამის აღმოჩენა დაადასტურა - რა ვიცით მასზე

ჯანმომ კოვიდის ახალი შტამის აღმოჩენა დაადასტურა - რა ვიცით მასზე

კოვიდის ახალი ვარიანტის, დელტაკრონის ახალი შემთხვევები წელს უკვე მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. თუმცა, დელტაკრონის შესახებ ჯერ მხოლოდ ძალიან ცოტაა ცნობილი. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა იმ სიახლეს, რაც ახალი შტამის შესახებ ამ დრომდე ვიცით.

ახალი შტამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. ჰიბრიდული ვარიანტი მკვლევარებმა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს, თუმცა იმ დროისათვის მასზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამის, დელტაკრონის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას დაადასტურა. მათი მტკიცებით, დელტაკრონი დელტა და ომიკრონ შტამების ჰიბრიდულ ვარიანტს წარმოადგენს.

პირველად ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ იანვარში Bloomberg-მა გაავრცელა. მათი ცნობით, კვიპროსში მკვლევარებმა დელტა და ომიკრონის შტამების კომბინირებული ვარიანტი აღმოაჩინეს. შტამს დელტაკრონი სწორედ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიური მეცნიერებების პროფესორმა, ლეონდიოს კოსტრიკისმა უწოდა, ომიკრონის მსგავსი გენეტიკური კვალისა და დელტას გენომების გამო.

თუმცა, ეს ფაქტი მაშინ ბევრმა ექსპერტმა გაზვიადებულად მიიჩნია. მათ შორის, WHO-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Twitter-ზე დელტაკრონის შტამს არარეალური უწოდა. დოქტორი კრუტიკა კუპალის მოსაზრებით, აღნიშნული შტამი ლაბორატორიაში ხელოვნურად გამოყვანილ ვარიანტს წარმოადგენდა.

თუმცა, 9 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებში, დაადასტურა, რომ დელტაკრონის შემთხვევები დანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებშიც დადასტურდა.

Reuters-ის ცნობით, დელტაკრონის შტამი მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 17 ადამიანს დაუდასტურდა. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის შეფასება, როგორია მისი გავრცელების ტემპები და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაავადების სიმძიმის ცვლილება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. თუმცა, უკვე მიმდინარეობს დამატებით რამდენიმე კვლევა, რათა ახალი შტამის შესახებ უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი.