გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე დაახლოებით ასი მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა ადამიანის გენომის სრულად გაშიფვრა შეძლო. აღსანიშნავია, რომ დღემდე მისი მხოლოდ 92% იყო გაშიფრული. NASA-ს კუთვნილმა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო ყველაზე შორეული ვარსკვლავი, რაც კი აპარატებს ოდესმე დაუფიქსირებიათ.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს: დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტსა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში მომუშავე მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, მობილურის გამოყენება ტვინის სიმსივნის განვითარების რისკის ზრდასთან დაკავშირებული არ არის; FDA-მ Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერული დოზის გამოყენება დაუშვა. მოცემულ ბლოგში ბოლო დღეების განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა განსაკუთრებით საყურადღებო მოვლენებს მიმოვიხილავთ.
მეცნიერებმა ადამიანის გენომი სრულად გაშიფრეს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე დაახლოებით ასი მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა ადამიანის გენომის სრულად გაშიფვრა შეძლო. ამ ისტორიული მნიშვნელობის მიღწევის შესახებ ნაშრომი აკადემიურ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე ადამიანის გენომის მხოლოდ 92% იყო გაშიფრული, რომელიც ქრომოსომის ევქრომატულ რეგიონებს მოიცავს. მეცნიერებმა ამ შედეგამდე მისვლა 2003 წელს შეძლეს. გენომის დარჩენილი 8%, რომელიც დნმ-ის დაახლოებით 200 მილიონი ფუძის წყვილისგან შედგება და ქრომოსომის ბოლოებსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე, ჰეტეროქრომატულ რეგიონებს აერთიანებს, დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოებით მოცული რჩებოდა.
მეცნიერებმა დნმ-ის 3 მილიარდი ფუძის სრულყოფილად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე სეკვენირება და ამ საიდუმლოს ამოხსნა შეძლეს. სწორედ აღნიშნული რაოდენობის დნმ-ის ფუძეს აერთიანებს ადამიანის გენომი. სპეციალისტების განცხადებით, ხარვეზების შევსება ამა თუ იმ დაავადების გენეტიკური მარკერების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. აღნიშნული მიღწევა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ინდივიდებზე მორგებული მკურნალობის მეთოდი შეიმუშაონ.
ამას გარდა, გენომის სრულყოფილად გაშიფვრით, ადამიანის ევოლუციის შესახებ ცოდნის გამდიდრებას შევძლებთ.
Hubble-მა გადაიღო ყველაზე შორეული ვარსკვლავი, რაც კი აპარატებს ოდესმე დაუფიქსირებიათ
NASA-ს კუთვნილი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ობიექტივში ჩვენგან 12.9 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავი მოექცა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე შორეული მნათობი, რაც კი აპარატებს ოდესმე დაუფიქსირებიათ. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ზემოხსენებულ ინფორმაციას ვიზუალურ მასალასთან ერთად ავრცელებს.
ცნობისთვის, ყველაზე შორეული ვარსკვლავის სტატუსს, რომლის დაფიქსირებაც ტელესკოპებმა დღემდე შეძლეს, ჩვენგან 9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე მნათობი, სახელწოდებით „იკაროსი“ ფლობდა. აღსანიშნავია, რომ ამ მნათობის გამოსახულება ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველად 2018 წელს მოიპოვა.
რაც შეეხება ახალაღმოჩენილ ვარსკვლავს, ეს უკანასკნელი, მასა და ჩვენს შორის არსებული დისტანციიდან გამომდინარე, დიდი აფეთქებიდან მალევე წარმოიქმნა. მნათობი, რომელსაც მეცნიერებმა „ეარენდელი“ უწოდეს, მაშინ დაიბადა, როდესაც სამყარო ერთ მილიარდ წელზე ნაკლებს ითვლიდა.
აღსანიშნავია, რომ ასევე ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს ეკუთვნის გალაქტიკებთან დაკავშირებული რეკორდი – მან ჩვენგან 13.4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ობიექტის გამოსახულება მოიპოვა. ამაზე შორს გალაქტიკა ჯერჯერობით არცერთ აპარატს არ დაუფიქსირებია.
კვლევა: მობილურის გამოყენება ტვინის კიბოს განვითარებასთან კავშირში არ არის
დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტსა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მობილურის გამოყენება ტვინის სიმსივნის განვითარების რისკის ზრდასთან დაკავშირებული არ არის. კვლევის შედეგები გამოცემა Journal of the National Cancer Institute-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები, 1935-დან 1950 წლამდე დაბადებული ერთ მილიონზე მეტი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. ეს ქალები UK Million Women Study-ს სახელწოდებით ცნობილ კვლევაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც უკვე 20 წელზე მეტი ხანია, მიმდინარეობს.
2001 წელს კითხვარის შევსებისას კვლევაში მონაწილე 776 ათასმა ცდისპირმა დააფიქსირა, იყენებდა თუ არა მობილურ ტელეფონს. 2011 წელს განმეორებითი გამოკითხვა ჩაუტარეს მათ ნახევარზე მეტს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოცემული დროისთვის გამოკითხული 60-64 წლის ასაკის ქალების 75% იყენებდა აღნიშნულ მოწყობილობას, ეს მაჩვენებელი 75-დან 79 წლამდე ქალებში 50%-ზე დაბალი იყო. ამის შემდგომი პერიოდის განმავლობაში ტვინის კიბო კვლევაში მონაწილე 776 ათასი ადამიანიდან 3,268 ცდისპირს განუვითარდა.
მონაცემების შესწავლის საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინის სიმსივნის განვითარების რისკი ერთნაირი იყო ცდისპირებს შორის, რომლებიც მობილურ ტელეფონს იყენებდნენ და რომლებსაც მოწყობილობა საერთოდ არ გამოუყენებიათ. ამას გარდა, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ამ ორ ჯგუფს შორის მსგავსი იყო გლიომის, სასმენი ნერვის ნევრინომის, მენინგიომის, ჰიპოფიზის სიმსივნისა და თვალის კიბოს განვითარების რისკიც.
მართალია, მოცემული კვლევა არ მოიცავს ბავშვებს ან ახალგაზრდებს, თუმცა მათზე ჩატარებულმა სხვა კვლევებმა მობილურის გამოყენებასა და ტვინის კიბოს განვითარებას შორის ურთიერთკავშირი ვერ გამოავლინა.
NASA-ს ასტრონავტი რუს კოსმონავტებთან ერთად დედამიწაზე დაბრუნდა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ასტრონავტი მარკ ვანდე ჰაი რუს კოსმონავტებთან – ანტონ შკაპლეროვთან და პიოტრ დუბროვთან ერთად საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდა. ისინი დედამიწის გარშემო მოძრავი მოდულიდან ხომალდ Soyuz MS-19-ით 30 მარტს გამოემართნენ და რამდენიმე საათში ყაზახეთში, ქალაქ ჟეზყაზღანის ტერიტორიაზე დაეშვნენ.
აღსანიშნავია, რომ მარკ ვანდე ჰაიმ ISS-ზე 355 დღე გაატარა, რაც ამერიკელი ასტრონავტებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, საერთო ჯამში ჰაის კოსმოსში 523 დღე აქვს გატარებული. NASA-ს ინფორმაციით, მეცნიერები ჰაიზე დაკვირვების შედეგად შეეცდებიან დაადგინონ, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე კოსმოსში ხანგრძლივად ყოფნა. სააგენტოს განცხადებით, დაკვირვების შედეგებს პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარეზე დაგეგმილი მისიისთვის გაითვალისწინებენ.
მარკ ვანდე ჰაი დედამიწის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2021 წლის 9 აპრილს, „როსკოსმოსის“ კოსმონავტებთან – ოლეგ ნოვიცკისთან და პიოტრ დუბროვთან ერთად გაემგზავრა. ისინი ISS-ზე Soyuz MS-18-ით ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაფრინდნენ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოლეგ არტემიევი, დენის მატვეევი და სერგეი კორსაკოვი გაემგზავრნენ.
FDA-მ Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის ვაქცინის მეორე ბუსტერული დოზის გამოყენება დაუშვა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერული დოზის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენება დაუშვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება ნებადართულია 50 წლისა და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 3-ჯერ არიან აცრილნი კოვიდის საწინააღმდეგო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინით. როგორც Pfizer-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, ის ხელმისაწვდომი იქნება ასევე 12 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვთ.
Pfizer/BioNTech-ის დამატებითი გამაძლიერებელი დოზის მიღება რეკომენდებულია პირველი ბუსტერული დოზის გაკეთებიდან ოთხი თვის შემდეგ. მწარმოებლების ინფორმაციით, დამატებითი ბუსტერული დოზა ზრდის იმუნოგენურობას, ხოლო ინფიცირების შემთხვევებსა და ვირუსის მძიმე ფორმით განვითარების მაჩვენებელს ამცირებს.
Pfizer-მა და BioNTech-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერული დოზის ავტორიზაციისთვის FDA-ს დაახლოებით ორი კვირის წინ მიმართეს. აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა მარეგულირებლისგან მისი გამოყენების ნებართვა 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ითხოვეს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზის ავტორიზაციისთვის FDA-ს ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მაც მიმართა. მწარმოებელს სურს, საკუთარი პრეპარატის დამატებითი ბუსტერული დოზა 18 წლისა და უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.
ნილ არმსტრონგის მიერ მთვარეზე შეგროვებული მტვერი აუქციონზე გაიყიდება
ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის მიერ 1969 წელს მისია Apollo 11-ის ფარგლებში მთვარეზე შეგროვებული მტვერი შესაძლოა, აპრილში აუქციონზე რამდენიმე მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მის შესანარჩუნებლად რამდენიმე წლის წინ სამართლებრივი დავა წააგო.
სააუქციონო სახლი Bonhams-ი მთვარის მტვრის გაყიდვას 800,000-დან 1.2 მილიონ აშშ დოლარამდე თანხად იმედოვნებს. აღსანიშნავია, რომ ჩანთა, რომელშიც ეს ნიმუში იყო მოთავსებული, მასში დარჩენილ მტვრის ნაწილაკებთან ერთად 2017 წელს აუქციონზე 1.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
Bonhams-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთვარის მტვრის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო სამეცნიერო ორგანიზაციებს გადაეცემათ. როგორც ცნობილია, აუქციონი 13 აპრილს გაიმართება. იქ ასევე გაიყიდება Sputnik 1-ის ფრაგმენტი. ცნობისთვის, ეს პირველი ხელოვნური თანამგზავრია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს. ისტორიული მისია 1957 წლის 4 ოქტომბერს განხორციელდა.
NASA-მ მთვარის მტვრის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა ორგანიზაციას არ სურდა, რომ ნიმუში კერძო საკუთრებაში ყოფილიყო. ნენსი ლი კარლსონმა, რომელიც არმსტრონგის მიერ მთვარეზე შეგროვებული მტვრის ამჟამინდელი მფლობელია, ნიმუში ჩანთასთან ერთად, რომელშიც ის იყო მოთავსებული, 2015 წელს აუქციონზე 995 აშშ დოლარად შეიძინა. როდესაც კარლსონმა მასალა შესასწავლად NASA-ს გაუგზავნა, კოსმოსურმა სააგენტომ უარი განაცხადა, ის მესაკუთრისთვის დაებრუნებინა. ორგანიზაციამ მაშინ განმარტა, რომ ნიმუში „ამერიკელ ხალხს“ ეკუთვნოდა და საჯაროდ უნდა გამოფენილიყო. კარლსონმა NASA-ს ქონების უკანონოდ ჩამორთმევისთვის უჩივლა და 2016 წელს სასამართლო დავა მოიგო.
2023 წელს NASA $26 მილიარდით დაფინანსდება
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ 2023 წელს NASA $26 მილიარდით დაფინანსდეს, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის $2 მილიარდით მეტი იქნება. თუკი ამერიკელი კანონმდებლები პრეზიდენტის საბიუჯეტო წინადადებას შეუცვლელად მიიღებენ, გამოყოფილი თანხის 30% პროგრამა Artemis-ს მოხმარდება, რომლითაც NASA-ს 2026 წელს მთვარეზე პირველი ქალისა და პირველი ფერადკანიანი ადამიანის გაგზავნა სურს.
Artemis-ის გარდა, ჯო ბაიდენის საბიუჯეტო წინადადება მოიცავს $224 მილიონს, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე ახალი კომერციული კოსმოსური სადგურების განვითარებას შეუწყობს ხელს. გასულ წელს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) პროგრამა 2030 წლამდე გახანგრძლივდებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ადამიანებს მისი შეცვლა მოუწევთ – აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ ამ დროისთვის კერძო კომპანიები მზად იყვნენ დედამიწის ორბიტაზე ახალი კოსმოსური სადგურების განსათავსებლად.
Artemis-ისა და ახალი კოსმოსური სადგურების გარდა, NASA-ს ახალ ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევებიც არის გათვალისწინებული, რომლებიც, საერთო ჯამში, თითქმის $8 მილიარდით დაფინანსდება. ამასთანავე, $822 მილიონი არის გამოყოფილი მარსიდან აღებული ნიმუშების დედამიწაზე ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.