რა საფრთხეს შეიცავს რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატი საქართველოსთვის?

რა საფრთხეს შეიცავს რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატი საქართველოსთვის?

გასული ათწლეულების განმავლობაში,  საქართველო და თურქეთი ხშირად გამოდიოდნენ სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის დაწყების ინიციატივით. ამ ინიციატივების მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის, ასევე მდგრადი განვითარების ხელშეწყობა იყო. მიუხედავად თანამშრომლობის სურვილისა, საბოლოო ჯამში, ვერც ერთი პროექტის ხორცშესხმა ვერ მოხერხდა. 2020 წლის დეკემბერში, მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, ერდოღანმა კვლავ წამოაყენა რეგიონული თანამშრომლობის საკუთარი გეგმა. თუმცა, წინანდლისგან განსხვავებით, ამჯერად ეს იყო ექვსი ქვეყნის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის იდეა (3+3), რომელიც გულისხმობდა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) რეგიონის გარშემო არსებულ ქვეყნებთან (თურქეთი, რუსეთი და ირანი) თანამშრომლობას. პლატფორმა მიზნად ისახავდა ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების გზით რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ირანი და რუსეთი მყისიერად დაინტერესდნენ პროექტით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი რეგიონში კოორდინაციისა და თანამშრომლობის საკითხებზე განსახილველად პლატფორმაში გათვალისწინებულ დანარჩენ ხუთ ქვეყანასაც კი ესტუმრა. ერთი შეხედვით, „3+3“-ინიციატივის იდეა მიმზიდველად გამოიყურება, რადგან მისი მიზანი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების გზით მდგრადი მშვიდობის შენებაა, თუმცა რეგიონული თანამშრომლობის უკან არალიბერალური რეგიონული მოთამაშეების სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ძალის გასაზრდელად ახალი პოლიტიკური ბერკეტის შექმნის სურვილი დგას. აქედან გამომდინარე, ასეთი პლატფორმის არსებობა საქართველოს უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოსკოვის შუამდგომლობით ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ რეგიონში გავლენის გასაზრდელად რუსეთმა დამატებითი ბერკეტი მიიღო – „ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო მოქმედებების დასრულების ზედამხედველობისთვის“ 2000 რუსული სამშვიდობო სამხედრო დანაყოფი გაგზავნა. ამავდროულად, არც ევროკავშირს და არც აშშ-ს უცდია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაჩაღებულ შეიარაღებულ კონფლიქტში აქტიურად ჩარევა, რამაც კრემლს ხელი შეუწყო, რომ კონფლიქტში მთავარი შუამავალი გამხდარიყო. ერდოღანის წინადადებით მოსკოვის დაინტერესებაც სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის გაზრდის შესაძლებლობის გამოჩენის მაჩვენებელია. 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „3+3“-ფორმატითა და მის ფარგლებში „უსაფრთხოების საკითხების მოგვარების, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გაფართოებით“ დიდად იყო დაინტერესებული. პროექტის მიმართ რუსეთის ენთუზიაზმი გასაკვირი არაა, რადგან კრემლს ყოველთვის სურდა საკუთარი გავლენის გაზრდა და ე.წ. აღმოსავლეთით დასავლელი აქტორების შემოჭრის შეჩერება კრემლისთვის „განსაკუთრებული ინტერესების“ რეგიონში. მოსკოვის ინტერესებშია ასევე სამეზობლოს დასავლეთისგან სრული იზოლირება და აშშ-სა და ნატოსთვის რეგიონთან თანამშრომლობის გაძნელება, განსაკუთრებით – მათ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან. აქედან გამომდინარე, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით – სამხრეთ კავკასიაში, წარსულში რუსეთის ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით. ექვსმხრივი თანამშრომლობის რეგიონული პლატფორმა მოსკოვისთვის ხელსაწყოა, რომ საკუთარ სამხრეთ სამეზობლოში ახალი რეალობა შექმნას და შედარებით მომცრო სახელმწიფოებზე დომინირება მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ მოსკოვი ამგვარი ინიციატივებით არასდროს ყოფილა დაინტერესებული, მათ შორის ერდოღანის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შემდეგ შემუშავებული „კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმითაც“ კი. იმ დროს თურქეთი და რუსეთი სავაჭრო დავაში იყვნენ ჩაბმული – რადგან ანკარამ რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოს დასახმარებლად შემოსულ აშშ-ის გემებს ბოსფორის სრუტის გავლის საშუალება მისცა. ამასთანავე, ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების განახლების თაობაზე კრემლში კითხვებიც არ გაჩენილა, რადგან სომხეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა რეგიონში მოსკოვის დიდი გავლენის შენარჩუნების გზა იყო. აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის მეორე ომმა სიტუაციის ცვლილება გამოიწვია და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ ახარებს თურქეთის გავლენის ზრდა, იგი იძულებულია, რეგიონის ახალ რეალობას დაეთანხმოს და მოცემულ სიტუაციაში რაც შეიძლება მეტი უპირატესობა მოიპოვოს. ახლა კი, როგორც ბაქოსა და ერევანს შორის მთავარი შუამდგომლისთვის, „3+3“-ფორმატი მოსკოვისთვის როგორც გავლენის გაზრდის, ასევე თურქული გავლენის საპირწონეა.

„3+3“ საქართველოსთვის უსაფრთხოების დიდი გამოწვევაა და არ შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს, დღემდე ოკუპირებული აქვს რუსეთს. მოსკოვს კი „3+3“-ინიციატივაში წამყვანი პოზიციის დაკავება სურს. ათ წელზე მეტია, რაც რუსული საოკუპაციო ძალები საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციულ ხაზსა და მის მიღმა დემარკაციას ახდენენ. ამ პროცესს ხშირად „არალეგალურ ბორდერიზაციად“ ან „მცოცავ ოკუპაციად“ მოიხსენიებენ. სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა გატაცება და შეპყრობა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ჰუმანიტარული პრობლემები ათ წელზე მეტია, საქართველოსთვის მოუგვარებელ პრობლემებად რჩება. ამასთანავე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ორივე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა განათავსა. ომის შემდეგ თბილისსა და მოსკოვს გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და ე.წ. „აბაშიძე-კარასინის დიალოგი“ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის ერთადერთი არხია.

კრემლის მესვეურები „3+3“-ის მონაწილე სახელმწიფოების დელეგაციებთან შეხვედრის დროსაც ხშირად აღნიშნავენ, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მთავარი მედიატორია. ამით ისინი გამოკვეთენ, რომ „პრივილეგირებული ინტერესების“ რეგიონში წამყვანი პოზიციის შენარჩუნება მათთვის პრიორიტეტია. რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთში დღემდე ინარჩუნებს ძლიერ ბერკეტებს და კონფლიქტში მოსკოვის შუამავლობას ორივე ქვეყანა აქტიურად მოითხოვს. ერევანი საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით განსაკუთრებითაა დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარების პროცესებში მოკავშირე რუსეთის  ჩართულობით. მაგალითისთვის, 2021 წლის დეკემბერს სოჭში გამართულ სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დადებითად შეაფასეს რუსეთის ჩართულობა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის რეგულაციასა და შერიგების პროცესებში. ასეთი პირობები რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში დომინირებისა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენისა და პოლიტიკური რესურსების განსამტკიცებლად ნოყიერ ნიადაგს ამზადებს. რუსეთის სურვილი „3+3“-ში ლიდერობაზე სიმბოლურად უკვე გაჟღერდა ინიციატივის მოსკოვში გამართულ  პირველ შეხვედრაზე. აქედან გამომდინარე, რეგიონულ წამოწყებაში რუსეთთან ერთად მონაწილეობა საქართველოსთვის არამიზანშეწონილი იქნება მანამ, სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას არ შეწყვეტს. საქართველოსთვის „3+3“-ინიციატივაში მონაწილეობა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის სასწორზე შემოდების ტოლფასი იქნებოდა. კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გათვალისწინებით, საქართველოს „3+3“-ფორმატში მონაწილეობა „3+3+2“-რეალობის დათანხმების ტოლფასია, რადგან აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ავტომატურად ინიციატივის მონაწილე მხარეები გახდებიან. მოსკოვი პლატფორმას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ მხარდაჭერის გასამართლებელ არგუმენტად გამოიყენებს. ამასთანავე,  პოლიტიკურ ფორმირებაში მონაწილეობა, რომელსაც რუსეთი უძღვება და რომელშიც საქართველოს მოუწევს კრემლის მიერ დაწესებული ვალდებულებების შესრულება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის მკვეთრ ცვლილებად და „სუვერენიტეტზე უარის თქმადაც“ იქნება აღქმული.

სამხრეთ კავკასიაში კრემლის გავლენის ზრდა საქართველოსთვის სერიოზულ რისკებს აჩენს, რადგან „3+2“-ფორმატი რუსეთის, როგორც რეგიონში დომინანტი მოთამაშის, პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თბილისმა თანდათანობით შეძლო მოსკოვის გავლენის სფეროდან თავის დაღწევა და დღემდე ისწრაფვის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში (ევროკავშირი, ნატო) გაწევრიანებისკენ. ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70-80 პროცენტი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეა, ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს უმთავრეს საფრთხედ აღიქვამს. 2000-იანი წლების პირველი ნახევრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის ცვლილებას კრემლი უსაფრთხოების გამოწვევად და დასავლეთის მიერ რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრად აღიქვამს. თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ საქართველოს „3+3“-ფორმატში მონაწილეობა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ზიანის მომტანია, საქართველოს იმავე ინიციატივაში არმონაწილეობაც არ იქნება სრულიად უსაფრთხო. საქართველოს მიერ ფორმატში გაწევრების გრძელვადიან პერიოდში უარყოფა რუსეთს აიძულებს, ინიციატივის მეშვეობით საქართველოსთვის არასახარბიელო რეალობა შექმნას, რაც შესაძლოა, ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური იზოლაციაც კი გახდეს. დღეისათვის კრემლი ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს და სურს, რომ ნატომ შეწყვიტოს ე.წ. ღია კარის პოლიტიკა, არ დაუშვას უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრება და აღმოსავლეთის ფლანგზე შეამციროს სამხედრო აღჭურვილობა და დანაყოფები. სამხრეთ კავკასიაში აშშ-ისა და ევროკავშირის აქტიური ჩარევის გარეშე რეგიონში დასავლეთის რბილი ძალა შესუსტდება. დასავლური ბერკეტების ნაკლებობა და გავლენიანი არადემოკრატიული სახელმწიფოების, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი და ირანი, რეგიონში აქტიური ჩართულობა ჯაჭვური რეაქციის სახით ძირს გამოუთხრის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელშესახებ მიღწევებს და შეაფერხებს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესებს. საქართველომ უკვე გაიარა პოლიტიკური კრიზისის რამდენიმე ეტაპი, რამაც ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი დიდწილად უკვე შეამცირა. მაშინ, როდესაც არსებული გამოწვევების გადალახვა დასავლელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითაც ვერ მოხერხდა, დასავლეთის შესუსტებული დემოკრატიის მხარდაჭერა და ავტორიტარული აქტორების მიერ დაწესებული უსაფრთხოების არქიტექტურა ავტორიტარიზმისთვის, კორუფციისთვის, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობისთვის ნაყოფიერ ნიადაგს მოამზადებს. ამასთანავე, სამხრეთ კავკასიიდან დასავლური გავლენის განდევნით კრემლი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას თბილისის რუსულ ორბიტაზე გადასაბირებელ ერთგვარ ბერკეტად გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სცენარის განხორციელების ალბათობა ძალზე მცირეა, განსაკუთრებით – მოკლევადიან პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა უნდა, ახალი ისტორიის გაკვეთილები გვიჩვენებს, რომ საქართველოს წარმატებით შეუძლია, თავი გაართვას პრობლემებს ისე, რომ არ დაუახლოვდეს ავტორიტარულ აქტორებს, კერძოდ, რუსეთსა და ირანს. ამასთანავე, საქართველომ რუსეთთან ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით უნდა შეინარჩუნოს დიდი სიფრთხილე. საქართველოს მთავრობამ თავიდან უნდა აირიდოს ჩრდილოელ მეზობელთან ვაჭრობაზე დამოკიდებულობა. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში „3+2“ საქართველოს დიდ საფრთხეს ვერ შეუქმნის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გრძელვადიანი რისკების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები მიიღოს. შესაძლო იზოლირებიდან თავის დასაღწევად საქართველომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ვაჭრობის, ენერგოთანამშრომლობისა და სატრანსპორტო სფეროებში სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გააღრმაოს. ამავდროულად, ქვეყანამ არ უნდა შეიცვალოს პროდასავლური კურსი და უნდა დარჩეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული. თბილისს ასევე შეუძლია დასავლეთის მიერ რუსეთის იზოლირება სათავისოდ გამოიყენოს და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტრანზიტის მთავარი ჰაბი გახდეს. აქვე აღსანიშნავია დასავლეთის აქტიური ჩართულობის მიმართ რეგიონში არსებული დიდი დაინტერესებაც, რასაც ვაშინგტონმა და ბრიუსელმა გააქტიურებით უნდა უპასუხონ. პირველ რიგში, აშშ-მ და ევროკავშირმა უნდა განაგრძონ საკუთარი ბერკეტების გამოყენება, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. რეგიონში რბილი ძალის გასაძლიერებლად დასავლელი აქტორები სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო და შერიგების პროცესებში უფრო პროაქტიურად უნდა ჩაერთონ და ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებების დამატებითი პლატფორმის შექმნის გზით მედიატორები გახდნენ. ევროკავშირმა კი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა უნდა გამოაცოცხლოს და ინიციატივის ქვეყნების მიმართ ერთნაირი მიდგომა უნდა ჩაანაცვლოს თითოეული პარტნიორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მდგრადი პოლიტიკით. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსიც უნდა მიანიჭოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, და სათავე დაუდოს თანამშრომლობის ახალ ეტაპს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესთა სხვადასხვაობა ბრიუსელს აღმოსავლეთის  პარტნიორობის, როგორც ტრანსფორმაციის მექანიზმის, დღის წესრიგში შენარჩუნებაში უშლის ხელს. რეგიონში დემოკრატიის ეფექტიანად შენების პროცესები რომ გაგრძელდეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აუცილებლად უნდა შეჯერდნენ ერთიან პოზიციაზე, თუ რა სიღრმით უნდა იყოს სექტორული ინტეგრაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *