გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

აწ უკვე ტრადიციულად, გასული კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა: Epic Games-მა მეტავერსისთვის $2 მილიარდი მოიზიდა, Meta-მ კი Horizon Worlds-ში ციფრული ნივთებით ვაჭრობის ბეტა-ტესტირება დაიწყო. ამასთანავე, მნიშვნელოვანი განახლებები განიცადეს WhatsApp-მა და TikTok-მა, ხოლო FIFA-მ უფასო სტრიმინგ-პლატფორმა გაუშვა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Meta-ს Horizon Worlds-ში ციფრული ნივთებით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ვირტუალური რეალობის სოციალურ პლატფორმაში, Horizon Worlds-ში Meta ციფრული ნივთებით ვაჭრობის ფუნქციონალს ტესტავს – კომპანიას სურს, რომ სამომავლოდ კრეატორებს საკუთარი ციფრული ნაწარმის, მათ შორის საკუთარ ციფრულ სამყაროში შესასვლელი ბილეთების, ტანსაცმლისა და სხვადასხვა აქსესუარის გაყიდვით ფულის შოვნის შესაძლებლობა მისცეს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ბიზნესმოდელი არახალია, მას ვირტუალური რეალობის სხვა პლატფორმები, მათ შორის Roblox-ი და Rec Room-ი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ.

ფოტო: Meta

ისე კი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს სიახლე, Meta-ს კრიტიკა მაინც არ ასცდა – საქმე ისაა, რომ, როგორც გაირკვა, თითოეულ ტრანზაქციაზე კომპანიამ 47.5%-იანი საკომისიო გადასახადი დააწესა. მას მერე, რაც ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა, Meta-მ საკუთარი პოზიციის არგუმენტირება სცადა – Horizon-ის ვიცე-პრეზიდენტის, ვივეკ შარმას თქმით, ამგვარი გადასახადი საკმაოდ კონკურენტული იყო. ერთი ისაა, რომ ასეთი მასშტაბის საკომისიო იმაზე უფრო იშვიათია, ვიდრე მკითხველს წარმოუდგენია – NFT-ების უდიდესი მარკეტპლეისი, OpenSea, მაგალითად, ტრანზაქციის მოცულობის 2.5%-ს იღებს საკომისიოს სახით, ხოლო Apple-ი, თავის App Store-ში – 30%-ს. საინტერესო კი ის არის, რომ 30%-იანი საკომისიოს გამო, Meta-ს Apple-ი არაერთხელ გაუკიცხავს.

ამა წლის თებერვალში Horizon Worlds-ს 300 ათასი მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო პლატფორმაზე 10 ათასი ვირტუალური სამყარო იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ Horizon Worlds-ის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში Horizon Worlds-ს სმარტფონებსა და სათამაშო კონსოლებზე ვიხილავთ.

TikTok-ის დიდი განახლება – გაფართოებული რეალობის სახელოსნო და არმოწონების ღილაკი

გასულ კვირას, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა სოციალურმა ქსელმა, TikTok-მა ორი მნიშვნელოვანი განახლება განიცადა: პირველი კომენტარების არმოწონების ტესტირებას ეხება, ხოლო მეორე – გაფართოებული რეალობის სახელოსნოს, რომელიც ამიერიდან ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ეს სიახლე თავისთავად საინტერესოა, უპრიანი იქნება თითოეულ მათგანს ჩავუღრმავდეთ.

ფოტო: Alex Castro / The Verge

ცოტა ხნის წინ TikTok-მა ზოგიერთ მომხმარებლებს მათთვის არასასურველი კომენტარების ანონიმურად მონიშვნის საშუალება მისცა – ამ გზით კომპანია არმოწონების ღილაკს ტესტავს, რომელიც ჩინურ გიგანტს კონტენტის მოდერაციაში საგრძნობლად დაეხმარება. „კომუნისგან მიღებული უკუკავშირი იმ სხვადასხვა ხელსაწყოს  დაემატება, რომელთაც კომენტარების სექციის რელევანტურობისა და ბუნებრიობის შესანარჩუნებლად ვიყენებთ“, – განაცხადა TikTok-ის ნდობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კორმაკ კინანმა.

აღსანიშნავია, რომ არასასურველი ვიდეოების მონიშვნა TikTok-ის მომხმარებლებს მანამდეც შეეძლოთ, ახლა კი ეს ფუნქცია კომენტარებზეც იტესტება. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ კრეატორებს მათთვის არასასურველი კომენტარებისა და მომხმარებლების ჯგუფურად წაშლის შესაძლებლობა მიეცეთ.

საინტერესოა, რომ სიახლეებთან ერთად, TikTok-მა გამჭვირვალობის ანგარიშიც წარმოადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2021 წლის ბოლო კვარტალში კომპანიამ პლატფორმიდან 85 მილიონი ვიდეო წაშალა, რაც პლატფორმაზე ატვირთული ვიდეოების 1%-ს უდრის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ბოლო სამ თვეში წაშლილი ვიდეოების უმეტესობა – თითქმის 13 მილიონი – ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. ისე კი, გასულ წელს მთლიანად თუ მიმოვიხილავთ, TikTok-მა 320 მილიონი ვიდეო წაშალა.

მეორე სიახლე, რომელიც TikTok-მა გასულ კვირას წარმოადგინა, გაფართოებული რეალობის ფილტრების სახელოსნოა – ამ ხელსაწყოს ტესტირება კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ შემოდგომას დაიწყო და, როგორც ჩანს, შედეგებით ფრიად კმაყოფილი დარჩა, რადგან ამიერიდან გაფართოებული რეალობის ეფექტების სახელოსნო ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამ სახელოსნოში კრეატორები და დეველოპერები გაფართოებული რეალობის ფილტრების შექმნას შეძლებენ, რომელთაც, მოგვიანებით, მომხმარებლები ვიდეოებში გამოიყენებენ – ამასთანავე, სახელოსნოში სასწავლო მასალებიც იქნება ხელმისაწვდომი.

ფოტო: TikTok Effect House

საინტერესოა, რომ TikTok-მა სახელოსნოს ბეტა-ვერსიის ტესტირების შედეგებიც გამოაქვეყნა – ჩინური გიგანტის თქმით, საკუთარი ქმნილებები პლატფორმაზე 450-ზე მეტმა კრეატორმა გამოაქვეყნა – ეს ფილტრები 1.5 მილიარდზე მეტ ვიდეოში მოხვდა, რომელთაც გლობალურად 600 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვეს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის, რასაც TikTok-ი აკეთებს, ახალი სულაც არ არის – ამგვარ ტექნოლოგიაზე მუშაობა Snapchat-მა და Instagram-მა წლების წინ დაიწყეს.

ისე კი, არ შემიძლია, გვერდი ავუარო იმ ფაქტს, რომ, Insider Intelligence-ის ინფორმაციით, 2022 წელს TikTok-ის შემოსავალი გასამმაგდება და $11 მილიარდს მიაღწევს, რაც Twitter-ისა და Snapchat-ის კომბინირებულ სარეკლამო შემოსავალს გადააჭარბებს. „TikTok-ის მომხმარებელთა ბაზა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის დრო კი, რასაც მომხმარებლები პლატფორმაზე ატარებენ – უპრეცედენტოა“, – განაცხადა Insider Intelligence-ის ანალიტიკოსმა, დებრა უილიამსონმა.

FIFA-მ საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმა გაუშვა

გასულ კვირას მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, FIFA-მ საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმა, FIFA+ გაუშვა, რომელზეც მამაკაცებისა და ქალების ლაივ-რეჟიმში მიმდინარე თამაშების გარდა, სპეციალურად ამ პლატფორმისთვის შექმნილი სერიალებისა და დოკუმენტური ფილმების და  ძველი მსოფლიო თასების თამაშების ჩანაწერების ხილვა იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, პლატფორმაზე დარეგისტრირებული ადამიანები ფენტეზი-ლიგაში გაწევრიანებასაც შეძლებენ.

ფოტო: FIFA+

რაც შეეხება სტატისტიკას, FIFA-ს სურს, რომ მის პლატფორმაზე ყოველწლიურად 40 ათასი თამაში აჩვენოს. თავისთავად ცხადია, რომ ამხელა რიცხვის დასაწყისშივე მიღწევა რთული ამბავია – თავდაპირველად FIFA-ს სტრიმინგ-პლატფორმაზე 1400 მატჩი იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მალევე ეს მაჩვენებელი 4000-ზე ავა.

თავდაპირველად FIFA-ს სტრიმინგ-პლატფორმა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება, მაგრამ მთავარი საფეხბურთო ლიგების მატჩების ტრანსლაციებს მომხმარებლები არ უნდა ელოდონ, რადგან ამ ტურნირების ტრანსლირების ნებართვები კომპანიებს წინასწარ აქვთ ნაყიდი. თუმცა მთავარი საფეხბურთო ლიგების თამაშების გამოჩენა FIFA-ს სტრიმინგ-პლატფორმაზე ისედაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს ძალიან დიდი ბიზნესია და მისი გადმოყვანა უფასო პლატფორმაზე აზრს არის მოკლებული. არსებობს მოსაზრება, რომ თავიდან FIFA-ს სტრიმინგ-პლატფორმაზე მექსიკის, დანიის, პოლონეთისა და ანგოლის შიდა ჩემპიონატების მატჩების პირდაპირი ტრანსლაციები შედგება.

MacOS-ზე DuckDuckGo-ს ვებბრაუზერის ბეტა-ტესტირება დაიწყო

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხო საძიებო სისტემით განთქმულმა კომპანიამ, DuckDuckGo-მ საკუთარი ვებბრაუზერის ბეტა-ტესტირება დაიწყო – ამ ეტაპზე ვებბრაუზერი MacOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მალე Windows-ზეც გამოჩნდება.

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი – გებრიელ ვაინბერგი | ფოტო: DuckDuckGo

თავისთავად ცხადია, რომ DuckDuckGo-ს შემთხვევაში, მთავარი აქცენტი მომხმარებლის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე კეთდება – სწორედ ამიტომ ვებბრაუზერის საბაზისო საძიებო სისტემად DuckDuckGo არის არჩეული. ამასთანავე, ვებბრაუზერი ჭკვიან კრიპტაციას იყენებს, რაც მომხმარებლებს ვებგვერდების დაკრიპტული HTTPS-ვერსიის გამოყენებისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, ვებბრაუზერი აღჭურვილია ტრეკინგ-ბლოკერით, ელექტრონული ფოსტის დამცველითა და DuckDuckGo-ს საფირმო Fire-ღილაკით, რომელიც ყველა ფანჯარას ხურავს და ბრაუზერის ისტორიას შლის, ერთ ღილაკზე დაჭერით.

DuckDuckGo-ს შემქმნელებს თუ დავუჯერებთ, მათი ახალი ვებბრაუზერი სწრაფიც არის – ის იმავე სარენდერო ძრავას იყენებს, რასაც Safari და სხვადასხვა ტრეკერს მანამ ბლოკავს, სანამ ისინი ჩაიტვირთება.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე DuckDuckGo-ს MacOS-ზე გადმოსაწერად მოსაწვევი დაგჭირდებათ. თუმცა არსებობს მეორე, შედარებით უფრო რთული გზაც, რომლისთვისაც DuckDuckGo-ს მობილური აპლიკაცია უნდა გადმოიწეროთ (ან ის უახლეს ვერსიამდე განაახლოთ), ცვლილებების მენიუში შეხვიდეთ, More from DuckDuckGo-ს ქვეშ, აპლიკაციის დესკტოპ-ვერსია აირჩიოთ და მომლოდინეთა სიაში ჩაეწეროთ. დროთა განმავლობაში მოსაწვევსა და სპეციალურ კოდს მიიღებთ, რომლითაც ვებბრაუზერის გადმოწერას შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში DuckDuckGo თქვენ შესახებ არაფერს გკითხავთ.

WhatsApp-ის დიდი განახლება – Emoji-რეაქციები და კომუნები

აღსანიშნავია, რომ TikTok-ი ერთადერთი პლატფორმა არ გახლავთ, რომელმაც გასულ კვირას მომხმარებლებს სიახლეების შესახებ აუწყა, გასულ კვირას დიდი განახლება WhatsApp-მაც დააანონსა – ამიერიდან პლატფორმა მისი მომხმარებლებისთვის მოსახერხებელ კომუნებს შექმნის და თან მათ მესიჯებზე Emoji-რეაქციებით პასუხის საშუალებას მისცემს.

ფოტო: Alex Castro / The Verge

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან მისი შექმნისა, WhatsApp-ი პრივატული კომუნიკაციის პლატფორმად იყო ჩაფიქრებული – სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მომხმარებლები ერთმანეთს მობილური ნომრების საშუალებით სწერენ. ამასთანავე, ისტორიულად, WhatsApp-ის ჯგუფური ფუნქციები შეზღუდული იყო – ერთ ჯგუფში არაუმეტეს 256 მომხმარებლის გაწევრება არის შესაძლებელი.

თუმცა WhatsApp-ის ბოლო განახლების შედეგად, რომელიც ჯერჯერობით ბეტა-ტესტირებას გადის, პლატფორმის ჯგუფურად გამოყენების ფუნქციონალი რადიკალურად იცვლება – ამიერიდან WhatsApp-ის გამოყენებას ერთდროულად ათასობით ადამიანი შეძლებს. საქმე ისაა, რომ პლატფორმას ქვეჯგუფებისგან შემდგარი კომუნები ემატება – ფუნქციონალი, რომელსაც მომხმარებლები დიდხანს ელოდნენ. საინტერესოა, რომ WhatsApp-ს ხშირად სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეები და კომპანიის თანამშრომლები იყენებენ, მაგრამ მისი მოუხერხებელი ფუნქციონალის გარდა, ერთი კურსის სტუდენტებს, თითოეული საგნისთვის ცალკე ჯგუფის შექმნა უწევდათ – ანალოგიური ვითარებაა სკოლებსა და კომპანიებში. ახლა კი უნივერსიტეტის მოსწავლეები შეძლებენ, რომ მთლიანი კურსის კომუნა შექმნან, ხოლო საგნების მიხედვით ქვეჯგუფებში დაიშალონ.

ფოტო: WhatsApp

აღსანიშნავია, რომ WhatsApp-ის მიერ შემოთავაზებული სქემა ლეგიტიმურ შეკითხვებს აჩენს არასასურველი ინფორმაციისა და სპამის გავრცელების თაობაზე. ამ პრობლემების გადასაჭრელად, WhatsApp-მა გადაწყვიტა, რომ ერთხელ გაზიარებული მესიჯის გადაზიარება ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ჯგუფში იქნება შესაძლებელი და არა ხუთში, როგორც ეს ადრე იყო.

კომუნების შემოღებით, WhatsApp-ი, ერთი შეხედვით, ძალიან დაემსგავსება Telegram-სა და Discord-ს, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. საქმე ისაა, რომ სრულ კომუნასთან საუბარს მხოლოდ ადმინები შეძლებენ, ხოლო მომხმარებლები ქვეჯგუფებში იქნებიან განაწილებულები. ამასთანავე, კომუნაში მოხვედრა მხოლოდ ტელეფონის ნომრით იქნება შესაძლებელი და თან კომუნის მოძებნა საძიებო სისტემაში შეუძლებელი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ კომუნაში გაწევრების შემდეგ, მომხმარებლის მობილური ნომერი დაფარული იქნება – მას მხოლოდ ადმინები და ქვეჯგუფების წევრები დაინახავენ. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნის წევრებს შორის ნებისმიერი სახის კომუნიკაცია – დაკრიპტულია.

თუმცა კომუნების შემოღება WhatsApp-ის ერთადერთი სიახლე არ გახლავთ: ამიერიდან WhatsApp-ის მომხმარებლები შეძლებენ, რომ ერთმანეთის მესიჯებს Emoji-რეაქციების სახით უპასუხონ და ემოციის გამოსახატად ცალკე მესიჯი არ გაგზავნონ. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციონალი ჯერჯერობით გაშვებული არ არის, მაგრამ მის დამატებას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. თავდაპირველად, რეაქციის გამოსახატავად მომხმარებლები ექვსი ემოჯის გამოყენებას შეძლებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამონათვალს ყველა სხვა ემოჯი დაემატება.

ისე კი, ეს ყველაფერი როდია: ზემოთ ხსენებული სიახლეების გარდა, ამიერიდან WhatsApp-ის მომხმარებლები შედარებით მძიმე ფაილების გაგზავნასაც შეძლებენ, რადგან დაწესებული ლიმიტი 100 მბ-დან 2 გბ-მდე გაიზარდა. ამასთანავე, WhatsApp-ის ჯგუფურ ზარში შესვლას, რვის ნაცვლად ოცდათორმეტი ადამიანი შეძლებს.

Meta-ის AR-სათვალეს 2024 წელს უნდა ველოდოთ

როგორც ჩანს, გაფართოებული რეალობის პირველ სათვალეს Meta-სგან 2024 წელს უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა The Verge-ი წერს. საინტერესოა, რომ Meta ერთდროულად რამდენიმე თაობის AR-სათვალეზე მუშაობს, რომლებიც ბაზარზე ერთმანეთის შემდეგ, ორ-ორი წლის გამოტოვებით გამოჩნდება: 2024, 2026 და 2028 წელს.

Meta-ს ამ ახალ წამოწყებას კოდური სახელიც კი აქვს – „პროექტი Nazare“. საინტერესოა, რომ AR-სათვალის პირველი თაობის მოწყობილობა მოიაზრება, როგორც სმარტფონისგან დამოუკიდებელი მოწყობილობა, რომლითაც ადამიანები ჰოლოგრამებთან ურთიერთობას შეძლებენ, რაც, მარკ ცუკერბერგის აზრით, ადამიანებს შორის ციფრულ კომუნიკაციას უფრო რეალურსა და ხელშესახებს გახდის.

ფოტო: Meta

საინტერესოა ისიც, რომ, როგორც ცუკერბერგთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, AR-სათვალეს ის ისე უყურებს, როგორც სტივ ჯობსი უყურებდა iPhone-ს – მისი აზრით, გაფართოებული რეალობის სათვალე კაცობრიობის განვითარებისთვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. როგორც ირკვევა, მარკ ცუკერბერგი დაჟინებულად ითხოვს, რომ Nazare-მ მომხმარებელს გაფართოებული რეალობის სრულყოფილი გამოცდილება შესთავაზოს, მათ შორის – სამგანზომილებიანი გრაფიკით, ხედვის ფართო არეალითა და სოციალურად მისაღები დიზაინით. პროდუქტზე მომუშავე გუნდს სურდა, რომ ხედვის 70-გრადუსიანი არეალი შეექმნა, მაგრამ – ეს შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ Nazare-ს დღევანდელი პროტოტიპი იმ შავჩარჩოიან სათვალეს ჰგავს, რომელიც კლარკ კენტს უკეთია, ადამიანებისგან მისი სუპერმენობის დასაფარავად. ამასთანავე, სათვალე საკმაოდ მძიმეც არის – ის 100 გრამს იწონის, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება საშუალო სათვალის წონას.

ფოტო: Warner Bros.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გაფართოებული რეალობის შექმნაზე Meta მილიარდობით დოლარს ხარჯავს – მოსალოდნელია, რომ ეს საგრძნობლად გაზრდის ერთეულის ფასს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მარკ ცუკერბერგის სურვილს, რომ Meta-ს ახალი მოწყობილობები დაასუბსიდიროს.

თუმცა ძვირად ღირებული AR-სათვალესთან ერთად, რომელთაც პირველ რიგში ტექნოლოგიით შეპყრობილი ადამიანები და დეველოპერები შეიძენენ, Meta სათვალის ბიუჯეტური ვერსიის გამოშვებასაც გეგმავს – ამ პროექტს Hypernova ეწოდება. მოსალოდნელია, რომ გაფართოებული რეალობის ბიუჯეტური სათვალე სმარტფონთან ტანდემში იმუშავებს.

ისე კი, როგორც Meta-ს გაფართოებული რეალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექს ჰიმელმა თავის თანამშრომლებს უამბო, Nazare-ს, Hypernova-ს და Ray-Ban Stories-ის ახალი ვერსიების ბაზარზე გამოჩენით, კომპანია მიზნად ისახავს, რომ ამ ათწლეულის ბოლოსთვის ათობით მილიონი ჭკვიანი სათვალე ჰქონდეს გაყიდული.

Epic Games-მა მეტავერსის შესაქმნელად Sony-სა და KIRKBI-სგან $2 მილიარდი მოიზიდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელმა კომპანიამ, Epic Games-მა მეტავერსის შესაქმნელად Sony-სა და KIRKBI-სგან $2 მილიარდი მოიზიდა. Epic-ის თქმით, ეს თანხა კომპანიის მეტავერსული ხედვის განვითარებასა და ზრდას მოხმარდება, რადგან “სამივე კომპანია ძალიან აფასებს კრეატორებსა და მოთამაშეებს და ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს შორის ახალი სოციალური გასართობი კავშირის შექმნას ისახავს მიზნად“. ამ გარიგების შედეგად Epic-ი $31.5 მილიარდად შეფასდა.

ფოტო: Alex Castro / The Verge

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Sony-ს Epic-ში ინვესტიცია მანამდეც  ჰქონდა განხორციელებული, მაგრამ KIRKBI-სთვის, რომელსაც LEGO Group-ის დამფუძნებლის, კირკ კრისტიანსენის ოჯახი მართავს – ეს Epic-თან დადებული პირველი მსგავსი გარიგებაა. საინტერესოა ისიც, რომ ინვესტიციის გასაჯაროებამდე რამდენიმე დღით ადრე Epic Games-მა და LEGO-მ მეტავერსულ თანამშრომლობაზე ერთი განცხადება უკვე გააკეთეს – ისინი მეტავერსში ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო ციფრული სივრცის შექმნაზე შეთანხმდნენ.

„ეს ინვესტიცია მეტავერსის შექმნის პროცესს დააჩქარებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ისეთი სივრცეები შევქმნათ, სადაც მოთამაშეები მეგობრებთან ერთად გაერთობიან, ბრენდები სრულყოფილ და კრეატიულ გამოცდილებას შექმნიან, ხოლო კრეატორები კომუნას შემოიკრებენ და აყვავდებიან“, – განაცხადა Epic-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ სვინიმ.