ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სიტყვით გამოსვლას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელიც გეგმავს. პაუელი მიმდინარე კვირასვე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან და სხვა ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებით დაგეგმილ პანელურ დისკუსიასაც შეუერთდება.

ბოლო პერიოდში არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა. გამონაკლისი არც აშშ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მარტში ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა მეოთხედი პროცენტული პუნქტით გაზარდა საპროცენტო განაკვეთი, უოლ-სტრიტის არაერთი ანალიტიკოსი და ინვესტორი მიიჩნევს, რომ მან მაღალი ინფლაციის შესაკავებლად საჭირო ნაბიჯები დროულად არ გადადგა. ამიტომაც მაისში უფრო მეტად გამკაცრებას ელიან.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგებს არაერთი ამერიკული მსხვილი კომპანია გამოაქვეყნებს, მათ შორის იქნება Tesla, Johnson & Johnson-ი, Procter & Gamble-ი, IBM, American Express-ი, Netflix-ი. რაც შეეხება სტატისტიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ამერიკაში  მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებენ მწარმოებელთა და მომსახურების სექტორის მაჩვენებლებს, მშენებლობის ნებართვისა და საცხოვრებელი სახლების გაყიდვის მონაცემებს.

სხვა ქვეყნებში კი, მაგალითად, ჩინეთში, მოსალოდნელია 2022 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის გამოქვეყნება, ასევე ინვესტორები მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში რიტეილ-გაყიდვების, ფიქსირებული აქტივების ინვესტიციების, ინდუსტრიული წარმოების მონაცემების გამოქვეყნებას ელოდებიან.

ევროზონაში მარტის ინფლაციის საბოლოო მაჩვენებლის გასაჯაროებას ელოდებიან. ასევე, ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდება PMI-მაჩვენებელი, რაზეც გავლენა, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოახდინა. ბრიტანეთი გამოაქვეყნებს მარტის რიტეილ-გაყიდვებსაც, რომელიც სავარაუდოდ, შემცირებული იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი 2022 წლის მარტის საგარეო ვაჭრობის, ადგილობრივი ექსპორტის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსის გამოქვეყნებას გეგმავს. გარდა ამისა, მოსალოდნელია ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნებაც. აღდგომამდე კი 2022 წლის პირველი კვარტლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსიც გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *