2019 წელი საქართველოს საფინანსო სექტორისთვის შეცვლილი თამაშის წესებით დაიწყო.
სესხების გაცემის “პასუხისმგებლიანი” მოდელი ჭარბვალიანობის რისკების შემცირებას ისახავს მიზნად, ამ მიზნის მისაღწევად კი ეროვნულმა ბანკმა ათიათასობით მოქალაქეს ახალი სესხების აღება შეუზღუდა.
ამასთან ერთად, სრულად შეიცვალა სავალუტო სესხების გაცემის წესი და მისი შესაძლო მინიმალური მოცულობა, რის შედეგადაც მოქალაქეთა თითქმის სრულ უმრავლესობას და მცირე და საშუალო ზომის იურიდიული პირების დიდ ნაწილს, ნებით თუ უნებლიეთ, უცხოური ვალუტის სესხებთან წვდომა აეკრძალა. განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად – 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად – 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად – 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.
ცვლილება ყველაზე მეტად მიკროსესხების – 5000 ლარამდე მოცულობის სესხების ბაზარზე აისახა. ბაზრის ამ სეგმენტში, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, 2,422,751,000 ლარის სესხები გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია. გაცემული სესხების რაოდენობა კი 2018 წლის მაჩვენებელს 56,000-ით ჩამოუვარდება და 1,776,254-ს შეადგენს.
სესხების გაცემაში არსებულმა ამ შემცირებამ უკვე მოახდინა გავლენა იმ კომპანიებზე, რომელთა ბიზნესმოდელი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამომხმარებლო/ საგანვადებო სესხებზე. მათ შორის რეგულაციები აისახა ავეჯის, ელექტროტექნიკისა და სხვა გრძელვადიანი მოხმარების საქონლის რეალიზატორ კომპანიებზე.
საკრედიტო ბაზრის უფრო მაღალ სეგმენტში კი დაკრედიტების ზრდაა. სავარაუდოდ, სავალუტო სესხების აკრძალვის გამო, 62%-ით არის გაზრდილი 100,000-დან 1,000,000 ლარამდე გაცემული სესხების მოცულობა. 2019 წლის პირველ ხუთ თვეში ამ კატეგორიაში გაცემული სესხების პორტფელი 1,182,253,000 ლარს შეადგენს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 455 მილიონი ლარით მეტია.
ამ კატეგორიის 5,069 სესხი გაიცა, რაც 2018 წელთან შედარებით 96%-ით მეტია.
ერთ მილიონ ლარზე დიდი მოცულობის სესხებში კი შემცირებაა. 1,000,000 ლარს ზემოთ სულ 524 ერთეული სესხი გაიცა, მათი ჯამური მოცულობა კი 2,493,082,000 ლარს შეადგენს. ეს თანხა 2018 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. ამ კატეგორიის სესხის საშუალო ზომა 4.7 მილიონ ლარს შეადგენს.