15.10-კარატიანი უიშვიათესი ლურჯი ბრილიანტი, სახელწოდებით „De Beers Blue“ Sotheby’s-ის მიერ 27 აპრილს ჰონგ-კონგში გამართულ აუქციონზე 57.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. როგორც ცნობილია, ეს ყველაზე დიდი ლურჯი ბრილიანტია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გასაყიდად გაუტანიათ.
აღსანიშნავია, რომ Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი „De Beers Blue“-ს გაყიდვას 48 მილიონ აშშ დოლარად იმედოვნებდა, თუმცა ძვირფას ქვაში გაცილებით მაღალი თანხა, $9.4 მილიონით მეტი გადაიხადეს.
ლურჯი ბრილიანტი ალმასის იმ სახეობიდან იჭრება, რომლის შეფერილობასაც მინერალში ბორის კვალი განსაზღვრავს. Sotheby’s-ის განცხადებით, ამ დრომდე აუქციონზე 10 კარატზე მეტი წონის მქონე მხოლოდ ხუთი ლურჯი ბრილიანტი გაყიდულა, თუმცა მათგან 15 კარატს არც ერთის წონა არ აღემატებოდა. ამერიკის გემოლოგიურმა ინსტიტუტმა (GIA) ძვირფასი ქვის ფერს უმაღლესი შეფასება მისცა და Fancy Vivid Blue-ს კლასიფიკაცია მიაკუთვნა. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში ლურჯი ბრილიანტების მხოლოდ 1% გადის.
„De Beers Blue“ სამხრეთ აფრიკაში მდებარე კულინანის მაღაროში, 39.34-კარატიანი ალმასიდან მოიჭრა. კორპორაცია De Beers-მა და ბრილიანტების მჭრელმა კომპანია Diacore-მა დაუმუშავებელი ნაჭერი 40.18 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს.