„პრაიმ ბეტონმა“ ფოთის პორტში „პეისის“ ნავმისადგომის მშენებლობა 2021-ში დაასრულა, წელს კი APM-ტერმინალის რეაბილიტაციაში მონაწილეობს. კომპანი, რომელმაც ოპერირება 14 წლის წინ როგორც სამშენებლო მასალების მწარმოებელმა დაიწყო, დღეს საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. „პრაიმ ბეტონში“ აცხადებენ, რომ მათი მისია საქართველოში ევროპული ინფრასტრუქტურის შექმნაა. მიმდინარე პროექტებსა და მიზნებზე Forbes Infrastructure-თან კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე სოკოლოვსკიმ ისაუბრა.
ბატონო ალექსანდრე, გასულ წლებში „პრაიმ ბეტონმა“ საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მეორეზე კი ახლა მუშაობთ, როგორ მოხვედით აქამდე?
კომპანია 2008 წელს შევქმენით. მაშინ ფაქტობრივად სამშენებლო სტარტაპი ვიყავით, პირველი ინვესტიცია ამერიკული ფონდისგან მალევე მოვიზიდეთ და ფოთში პირველი ბეტონის საწარმო გავხსენით. ჩვენი მიზანი ბაზრისთვის თანამედროვე მიდგომებით წარმოებული ბეტონის პროდუქციის შეთავაზება იყო. ქარხნის ამოქმედების შემდეგ არაერთხელ გავფართოვდით წარმოების მიმართულებით. თუმცა იმ პერიოდს დაემთხვა 2008 წლის ომისშემდგომი კრიზისი და ფინანსური კრიზისი მსოფლიოში, ამიტომაც ბევრი სამშენებლო კომპანია, ჩვენი დამკვეთები რომ უნდა გამხდარიყვნენ, ბაზრიდან გაქრა. რამდენიმე დამკვეთმა კი შემოგვთავაზა, რომ ბეტონის მიწოდებასთან ერთად სამშენებლო სამუშაოებიც შეგვესრულებინა. ასე დავიწყეთ სამშენებლო სერვისების მიწოდებაც, 2012 წლიდან კი უკვე აქტიურად ვახორციელებდით პროექტებს. მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, რაც მშენებლობაში რთულ მიმართულებად მიიჩნევა. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა და ნიშაა წყალანირების, გზებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად.
თქვენი უმსხვილესი პროექტებია „პეისის“ და APMის ტერმინალები. „პეისის“ პროექტი უკვე დაასრულეთ. მოგვიყევით ამ პროექტის განხორციელების პროცესზე და როგორ მოხდა, რომ კონტრაქტორად სწორედ თქვენი კომპანია იქნა შერჩეული? რა გახდა ამის საფუძველი?
„პეისის“ პროექტი ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი პროექტი იყო, რომლის ფარგლებში 250 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი აშენდა, დაახლოებით 13 მეტრის სიღრმით. ის გათვლილია ისეთი დიდი ზომის გემებზე, რომლებიც ამ დრომდე საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ შემოდიოდა. „პეისის“ ნავმისადგომის მშენებლობით საქართველოში გაჩნდა ყველაზე თანამედროვე სტანდარტების საპორტო ინფრასტრუქტურა, პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) დაფინანსებით განხორციელდა. ტენდერი იყო საერთაშორისო. მანამდე ჩვენ გვქონდა ფოთის პორტში მშენებლობების ინტენსიური გამოცდილება. კერძოდ, ჩვენს ანგარიშზე იყო მე-7 და მე-15 ნავმისადგომების რეაბილიტაციის სამუშაოები, საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, „პეისის“ პროექტის განხორციელებისთვის მზად ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებდით, „პეის ჯგუფის“ დამფუძნებლების, DFC-ის ნდობის წყალობით და ჩვენი პარტნიორი ფონდის Gazelle Finance-ის დახმარებით, მოგვეცა საშუალება, რომ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მიგვეღო ტენდერში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ კიდეც. ეს იყო $20-მილიონიანი პროექტი. პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Royal Haskoning DHV-ი, რომელმაც საპროექტო ნაწილზე იმუშავა. კერძოდ, ტენდერის მოგების შემდეგ სწორედ ამ კომპანიასთან ერთად პროექტის სრული რედიზაინი განვახორციელეთ. პროექტი ფაქტობრივად ხელახლა შევქმენით სხვა ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური ელემენტების გათვალისწინებით. ჩრდილოეთის და სამხრეთ მოლების მშენებლობაში გამოვიყენეთ გრავიტაციული სტრუქტურები, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის მასშტაბით პირველი ამგვარი საზღვაო ნაგებობაა. კონსტრუქციული ნაწილი მთლიანად ანაკრები კონსტრუქციებით განვახორციელეთ, რომ უფრო ეფექტიანად წარმართულიყო სამშენებლო პროცესი და უფრო სწრაფად დაგვესრულებინა ის.
გამოდის, თქვენ „დიზაინ-ბილდის“ ფორმატით მიიღეთ ტენდერში მონაწილეობა…
დიახ, ეს მიდგომა იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ინოვაცია და კრეატიულობა ჩაერთოს პროექტის ფორმირებაში და ამის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ეს იყო ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთვის დიდი გამოწვევაც და შესაძლებლობაც. სწორედ ამის საფუძველზე გავიმარჯვეთ ტენდერში, რომელიც 2019 წელს ჩატარდა. 2020-2021 წლებში ნავმისადგომის სამშენებლო სამუშაოები შევასრულეთ. ახლა კი ის უკვე ექსპლუატაციაშია შესული.
ამჟამად APM-ის პროექტზე მუშაობთ. ამ შემთხვევაში პროექტის ვადები როგორია?
APM-ის პროექტი ორფაზიანია, პირველ ეტაპზე იგი არსებულ პორტში ძველი ტალღმჭრელი მოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ხოლო შემდეგ მისი ჩრდილოეთის მიმართულებით გაფართოება იგეგმება. აქაც საერთაშორისო ტენდერი ჩატარდა. ეს პროექტი „პეისის“ პროექტზე უფრო მასშტაბურია, ამის გამო ბევრ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებდით იმისათვის, რომ მთავარ კონტრაქტორად მიგვეღო მასში მონაწილეობა, ამიტომაც ვითანამშრომლეთ საერთაშორისო კონსორციუმთან, რომელმაც ამ ტენდერში გაიმარჯვა და ამის ფარგლებში დაიწყო რეაბილიტაცია. პროცესში ჩვენც ვახორციელებთ სახმელეთო ნაწილის მშენებლობას. ასევე ჩვენი სამუშაოს ნაწილია ე.წ. X-ბლოკების წარმოება და მიწოდება. ესეც, შეიძლება ითქვას, პირველად ხდება საქართველოში ამ მასშტაბით და ბეტონის სპეციფიკური ტექნოლოგიით. ამისთვის სპეციალური საწარმოო პოლიგონი ავაგეთ კიდეც. ვიმედოვნებთ, რომ პორტის გაფართოებაც მალე დაიწყება, რომელშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული.
ზოგადად ვფიქრობთ, რომ საქართველოში ინტენსიურად წარიმართება საზღვაო-საპორტო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების განვითარება. ამ სფეროში კიდევ მეტ სპეციალიზაციას და ლიდერის პოზიციების განმტკიცებას ვგეგმავთ.
სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის პროცედურებზეც მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი გამოცდილება ამ კუთხით და რას შეცვლიდით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში? მოთხოვნებში?
იმისათვის, რომ სამშენებლო კომპანიამ შეძლოს ტენდერში კარგი წინადადების წარდგენა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ტენდერი სწორედ „დიზაინ-ბილდის“ მიდგომით გამოცხადდეს. ამ შემთხვევაში კომპანიას ეძლევა საშუალება, პროექტში საერთაშორისო გამოცდილება გამოიყენოს, ინოვაცია და უნიკალური ნაწილი შემოიტანოს და, საბოლოოდ, თავისი ხელწერით განახორციელოს ის. ამ ფორმატში სახელმწიფო ტენდერები იშვიათად ცხადდება. ძირითადად სახელმწიფო წარადგენს პროექტს და შემდეგ მის განხორციელებაზე ცხადდება ტენდერი, სადაც მკაცრი ჩარჩოები და მოთხოვნებია. მაგალითად, არის მოთხოვნა, რომ გქონდეს იმავე მასშტაბის პროექტი განხორციელებული, თუ არ გაქვს – ვერ მიიღებ მასში მონაწილეობას. მსგავს მოთხოვნებს თავისი გამართლება აქვს, მაგრამ საერთო ჯამში ამის გამო სახელმწიფოც ზარალდება, ვინაიდან ვერ იღებს იმ საუკეთესო შედეგს, რომლის მიღებაც იმავე რესურსით და „დიზაინბილდის“ ფორმატით გამოცხადებული ტენდერით შეეძლო.
„პრაიმ ბეტონს“ რომ დავუბრუნდეთ, თქვენ ამბობთ, რომ კომპანიის მისია ევროპული ინფრასტრუქტურის შექმნაა. რას გულისხმობთ ამაში და რა ნაბიჯებს დგამთ მიზნის მისაღწევად?
ჩვენი მიზანია, რომ რასაც ვაშენებთ, იყოს მრავალ წელზე გათვლილი, ხარისხიანი, თანამედროვე და იმ იერსახის, რასაც ევროპაში ვხედავთ. შრომის უსაფრთხოებაც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ევროპულ ინფრასტრუქტურაში ასევე ვგულისხმობთ არა მხოლოდ, მაგალითად, ლამაზ ქუჩებს და შენობებს, არამედ მთლიანად კომპანიის ეკოსისტემას, სადაც თანამშრომელთან, დამკვეთთან თუ პროცესის ნებისმიერ მონაწილესთან სწორად აგებული ურთიერთობები არსებობს. აქ არის გარემო, სადაც ადამიანები შრომობენ საუკეთესო შედეგისთვის, ამიტომ ისინი თავს კარგად უნდა გრძნობდნენ. ისინი იმ სიკეთეებს ქმნიან, რაც ბევრ ჩვენგანს ევროპაში უნახავს.
ჩვენ მიერ შესრულებულმა პროექტებმა სწრაფი ზრდის და გარკვეული რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა. ახლა იწყება ზრდის ახალი ეტაპი, რომელიც გამოწვევად ახლებური მენეჯმენტის მიდგომების დანერგვას გვიყენებს. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ კომპანიის ზრდა იყოს გრძელვადიანი და მდგრადი, შიდა რესურსების ოპტიმიზაციასა და სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული.
ჩვენ ვსწავლობთ საერთაშორისო ბაზრისგან და ვიღებთ მაგალითს ამერიკული და ევროპული სამშენებლო კომპანიებისგან. ახლა გავდივართ სრულ რეორგანიზაციას და ვყალიბდებით პროექტ-მენეჯმენტის აზროვნებაზე დაფუძნებულ კომპანიად. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევებია.
რა პროექტებზე მუშაობს ამჟამად კომპანია APMის გარდა? და როგორია 2022 წლის გეგმები?
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, გეგმები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, მიმდინარე წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ვმუშაობთ ორი ბაგა-ბაღის პროექტზე სენაკსა და ფოთში. ასევე ყულევში თევზის ქარხანას ვაშენებთ და იგეგმება მასთან ნავმისადგომის მშენებლობაც.
მნიშვნელოვანი გეგმაა ჩვენთვის ანაკრები კონსტრუქციების წარმოების კიდევ უფრო განვითარება. ასევე ვგეგმავთ ანაკრები ხიმინჯების წარმოებას და ფუნდამენტებში აქტიურად გამოყენების დანერგვას. ამგვარი 12-მეტრიანი ხიმინჯებით ფუნდამენტების მოწყობის გამოცდილება საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯების წარმოებას. ეს ტექნოლოგია თვისებრივად ცვლის საპორტო ნაგებობების და ინდუსტრიული შენობების ფუნდამენტების მოწყობის ტექნოლოგიას სუსტ გრუნტებში.
კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტის დაგეგმარების პროცესში ვართ და დეტალებს სულ მალე გავასაჯაროებთ