ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, Gucci-ის მაღაზიათა ნაწილში კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება დაშვებული იქნება. იტალიური ბრენდის მომხმარებელს რამდენიმე კრიპტოვალუტის გამოყენებით, მათ შორის ბიტკოინით, ეთირიუმითა და ლაიტკოინით შეეძლებათ გადახდა.
Gucci-ის ახალი სერვისი მიმდინარე თვის ბოლოსთვის რამდენიმე ფლაგმანურ მაღაზიაში, მათ შორის ლოს-ანჯელესის Rodeo Drive-სა და ნიუ-იორკის Wooster Street-ში იქნება ხელმისაწვდომი. ბრენდის განცხადებით, მომავალში ანგარიშსწორება ე.წ. “meme” კრიპტოვალუტებში, დოჯკოინსა და შიბა ინუშიც იქნება შესაძლებელი. ახალი სერვისის დანერგვა უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ ამერიკაში არსებულ Gucci-ის ყველა მაღაზიაში იგეგმება.
ფრანგული Kering-ის მფლობელობაში არსებული Gucci იმ კომპანიათა მზარდ რაოდენობას შეუერთდა, რომელთაც ვირტუალური ვალუტის გამოყენება უკვე დაუშვეს. კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელია ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა Microsoft-ი, ამერიკული ტელეკომის ფირმა AT&T და ყავის ქსელი Starbucks-ი. მსგავსი მასშტაბის ბრენდების გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბიზნესის ფართო ნაწილში კრიპტოვალუტით გადახდის დანერგვას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად ორ სახელმწიფოში, ელ-სალვადორსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშია აღიარებული. ცენტრალურ აფრიკაში კრიპტოვალუტა გადახდის ოფიციალურ საშუალებად გასულ თვეში აღიარეს, რასაც ელ-სალვადორის მსგავსად ეკონომისტების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.