9 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის აქტს ხელი მოაწერა. ეს ისტორიული მოვლენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების მიწოდების გზებს ასე ამარტივებს. როგორც მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-მ ლენდ-ლიზის წყალობით დიდ ბრიტანეთსა და სხვა მოკავშირეებს სამხედრო დახმარება გამარტივებულად მიაწოდა, რითიც საბრძოლო სულისკვეთება აამაღლა და ომში გამარჯვებაში გარდამტეხი როლიც შეიტანა.
სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სფეროს ექსპერტები ჯო ბაიდენის მიერ ლენდ-ლიზის აქტისათვის ხელმოწერის თარიღად 9 მაისის არჩევას სიმბოლურად მიიჩნევენ. „უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისათვის ყოველდღე იბრძვიან. ამ ბრძოლის ფასი იაფი ნამდვილად არაა, თუმცა აგრესიისადმი მიდრეკილება კიდევ უფრო ძვირი ჯდება“ – განაცხადა ბაიდენმა მას შემდეგ, რაც კანონს ხელი მოაწერა.
ლენდ-ლიზის პირველი ვერსია 1941 წლის მარტში დამტკიცდა. ამ დროს შეერთებული შტატები ოფიციალურად ომში ჯერ კიდევ ნეიტრალურ მხარეს წარმოადგენდა. თუმცა, პრეზიდენტმა რუზველტმა დიდი ბრიტანეთისათვის სამხედრო დახმარების მიწოდება მაინც გადაწყვიტა. მოგვიანებით, შტატებმა სამხედრო ტვირთი საბჭოთა კავშირსაც მიაწოდა. დღეს კი ყველაფერი საპირისპიროდაა. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, რუსეთი ლენდ-ლიზის აქტის ანტაგონისტი გახლავთ. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის“ აქტი სწორედ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გულისხმობს რუსული აგრესიისაგან თავის დასაცავად. აქტი ყველა საჭირო ბიუროკრატიისაგან გვერდის ავლით, უმოკლეს დროში იარაღის მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.
ცნობისათვის, 9 მაისს რუსეთი და საბჭოთა კავშირის 12 ყოფილი სახელმწიფო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს.