ოსკარის ხსენებისას წარმოვიდგენთ ცნობილ მსახიობებს, პაპარაცებს და მოდელებს წითელ ხალიჩაზე. მაგრამ საქართველოში განსხვავებული ტიპის ოსკარი იხვეჭს პოპულარობას და რეალურ გავლენას ახდენს ქვეყნის ბიზნესკულტურასა და საინვესტიციო პოტენციალზე.
საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) რეგიონში „გამჭვირვალობის პირველი ოსკარია“, რომელიც 2019 წელს დაარსდა. ამ ყოველწლიურმა ღონისძიებამ ყურადღების ცენტრში მოაქცია კორპორაციული ფინანსური ღიაობა და ბიზნესის გამჭვირვალობა, რითაც ხელი შეუწყო გამჭვირვალე კორპორაციული წლიური ანგარიშგების კულტურის ფორმირებას და კომპანიები ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების დაცვისკენ წაახალისა, რაც აუცილებელია უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემოს შესაქმნელად.
BARTA 2021 წლის დაჯილდოება თბილისში დეკემბრის თვეში გაიმართა და პირდაპირი ეთერით გადაიცა. საზეიმო ცერემონია, რომელსაც ბიზნეს საზოგადოების, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელი საერთაშორისო ჟიურის წევრები ესწრებოდნენ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. კონკურსი ღია იყო საჯარო დაინტერესების პირებისთვის, საბირჟო ვაჭრობაში მონაწილე კომპანიების, ბანკების, სადაზღვეო კომპანიების და სახელმწიფო საწარმოების ჩათვლით, რომელთაგან ყველას შეეძლო თვითწარდგენა. 2021 წლის დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო 18 ნომინანტი, რომელთა შერჩევაც მტკიცე მეთოდოლოგიით განხორციელდა. აღნიშნული მეთოდოლოგია, სხვა ასპექტებთან ერთად, ყურადღებას ამახვილებდა კორპორაციული ღირებულების განმაპირობებელი არასაფინანსო ინფორმაციის წარდგენაზე არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა ბრენდი, მომხმარებლის რეპუტაცია, „ნოუ-ჰაუ“ და გუდვილი.
BARTA 2022 მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება და მასში კომპანიების უფრო აქტიური მონაწილეობაა მოსალოდნელი. ჯილდოც იხვეწება. მდგრადი განვითარება პრიორიტეტად იქნა მიჩნეული და 2022 წლის კონკურსში ორი ახალი ჯილდო იქნება წარმოდგენილი მდგრადი განვითარების შესახებ ანგარიშგების კატეგორიაში.
გზა BARTA-მდე: რეფორმებიდან შესრულებამდე
გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ფართომასშტაბიანი რეფორმები განახორციელა საგადასახადო, საბაჟო, ანტიკორუფციული, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, მმართველობის და საფინანსო მიმართულებით, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესებაში.
საქართველოს საფინანსო გამჭვირვალობის ზრდა დიდად განაპირობა ჯანსაღი კანონმდებლობის და ონლაინ პლატფორმის reportal.ge ამოქმედებამ, რომელმაც არსებითად შეცვალა წვდომა კომპანიის საფინანსო ინფორმაციასთან, რაც უკანასკნელ პერიოდამდე სრულიად გაუმჭვირვალე იყო. ეს პლატფორმა, რომელიც საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა შექმნა, ფართოდაა აღიარებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, ანალიტიკური ცენტრების, ბიზნესსაზოგადოების და აკადემიური წრეების მიერ.
აღნიშნული ყოვლისმომცველი რეფორმები კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების და ბიზნესის გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის დახმარებით და ევროკავშირის ინტენსიური მხარდაჭერით განხორციელდა – თავიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში აუდიტის და ანგარიშგების (STAREP) პროგრამის და მოგვიანებით საქართველოს ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის მეშვეობით. 2019 წელს საქართველომ დააწესა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით. BARTA შეიქმნა შაბლონების მიღმა მაღალი ხარისხის კორპორაციული ანგარიშგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით და დაინტერესებულ მხარეთა ფართო წრისთვის თხრობითი ანგარიშგების დასანერგად.
რატომ არის მნიშვნელოვანი კორპორაციული მართვა
გამჭვირვალობა და ინფორმაციის გამჟღავნება კორპორაციული მართვის ძლიერი სისტემის ძირითადი ელემენტებია, რომლებიც საფუძველს იძლევა აქციონერების და პოტენციური ინვესტორების მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად. როგორც წარმატებული კომპანიების მაგალითი აჩვენებს, კარგი კორპორაციული მართვა ფირმებს ეფექტიან ფუნქციონირებაში, რისკის შერბილებაში, კაპიტალთან წვდომის გაუმჯობესებაში და არასწორი მართვის თავიდან არიდებაში ეხმარება. ჯანსაღი კორპორაციული მართვის პრაქტიკა, კონკრეტულ ქვეყანაში კომპანიების დიდი რაოდენობის მიერ დანერგვის შემთხვევაში, ხელს უწყობს ახალ ინვესტიციებს და ეკონომიკურ ზრდას.
დაახლოებით ორი ათწლეულის წინ კორპორაციული მართვა საქართველოში თითქმის უცნობი თემა იყო. დღეს ეს კონცეფცია ფართოდაა აღიარებული და სულ უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს მის მნიშვნელობას. ქვეყანაში მოქმედებს კორპორაციული მართვის სამი კოდექსი: ბანკებისთვის, ემიტენტებისთვის და სახელმწიფო საწარმოებისთვის.
BARTA წარმოადგენს ინსტრუმენტს ამ კონცეფციის ხელშესაწყობად, აჯილდოებს კომპანიებს, რომლებიც დროულად ამზადებენ მაღალი ხარისხის წლიურ ანგარიშებს და ხელს უწყობს სხვა კომპანიებს, რომ გაჰყვნენ ამ ტენდენციას ჯანსაღი კონკურენციის შექმნის პარალელურად უკეთესი კორპორაციული ისტორიის გადმოცემის მიზნით.
გაუმჯობესებული სამეწარმეო გარემო = გაზრდილი ინვესტიციები
საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა საქართველოსთვის აუცილებელია რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად. ყველაზე რთულ წლებში საერთაშორისო პარტნიორები, კერძოდ მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი, საქართველოს დაეხმარნენ ეკონომიკური სტაბილურობის შექმნასა და შენარჩუნებაში და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაში. ამ სინერგიამ საერთაშორისო დონორებსა და საქართველოს დაინტერესებულ მხარეებს შორის ფასდაუდებელი ინსტრუმენტი შექმნა BARTA-ს სახით, რომელმაც მაგალითის როლი უნდა შეასრულოს სამხრეთ კავკასიის და ზოგადად რეგიონის ქვეყნებისთვის.
პანდემიის პირობებშიც კი გამჭვირვალობის ოსკარი გაფართოვდა და ბიზნესინტერესი შეინარჩუნა. საქართველოს კომპანიები განაგრძობენ მდგრადობის დემონსტრირებას და შეძლეს კიდევაც ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესება BARTA -ს ჯილდოს მიღების იმედით, რითაც გააძლიერეს თავისი რეპუტაცია და გაზარდეს საკუთარი ცნობადობა როგორც სანდო კომპანიებმა.
ყოველივე აღიშნული საფუძველს გვაძლევს ოპტიმისტურნი ვიყოთ, რომ გამჭვირვალობა და წლიური ანგარიშების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. დროთა განმავლობაში დაჯილდოების ცერემონია გამოიწვევს უფრო მეტ ნდობას კომპანიების ინფორმაციის მიმართ, რაც შესაძლებელს გახდის ინვესტორების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.
ასეთი პროგრესის მიღწევა იოლი არ ყოფილა, მაგრამ მომავლის ძლიერი ხედვით – მტკიცე ნაბიჯებით და მცირე გამარჯვებების აღნიშვნით, როგორიცაა მაგალითად წარმატება BARTA -ს დაჯილდოებაში, საქართველო დამაჯერებლად ხდება გაცილებით უფრო გამჭვირვალე, სანდო და მიმზიდველი ქვეყანა ბიზნესის საწარმოებლად.