რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საუდის არაბეთის მთავრობა საგარეო პოლიტიკას ცვლის – მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფო მზადაა, ნედლი ნავთობის მოპოვება და საერთაშორისო ბაზრისთვის მისი მიწოდება მნიშვნელოვნად გაზარდოს. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის მიერ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცებასთან და რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვასთან.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+), რომლის დე-ფაქტო ლიდერიც საუდის არაბეთია, „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებს და ინტერვენციებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და საერთაშორისო ბაზარზე ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირების მიუხედავად, OPEC-ს ნავთობის მიწოდება დაგეგმილზე მეტად არ გაუზრდია. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი არ გეგმავენ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩარევას და კონფლიქტში მხარეების არჩევას.
OPEC-ის ჯიუტი პოზიცია არაერთხელ გახდა აშშ-ისა და მოკავშირეების კრიტიკის საგანი, უკანასკნელ პერიოდში დიპლომატიური ურთიერთობები კი განსაკუთრებით დაიძაბა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდს შორის.
ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთის პოზიციის ცვლილება მოვლენების განვითარებასთან და მთავრობის მიერ პრიორიტეტების გადაფასებასთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ბაზრიდან რუსეთის გასვლით საუდის არაბეთისა და OPEC-ის წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა იხსნება.
ამასთან, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ზოგიერთი წევრი ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან რუსეთის გარიცხვას განიხილავს, რაც რუსეთის მიერ ნედლი ნავთობის წარმოების შემცირებისაკენ მიმართული საფუძვლიანი ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.