სი ძინპინი: რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ღრმავდება, მომავალში სავაჭრო ბრუნვა რეკორდულად გაიზრდება

სი ძინპინი: რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ღრმავდება, მომავალში სავაჭრო ბრუნვა რეკორდულად გაიზრდება

სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც რუსული დავოსის სახელითაც მოიხსენიებენ, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთს შორის თანამშრომლობა ღრმავდება, უახლოეს მომავალში კი სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.

„დღეს რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ღრმავდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოველით, რომ მომდევნო თვეებში სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს, რაც ჩვენი თანამშრომლობის დასტურია“, – განაცხადა სი ძინპინმა ვიდეოჩართვისას.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ $65.8 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.9%-ით მეტია.

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე ჩინეთის ლიდერმა სავაჭრო ბარიერების გაუქმებაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ბარიერების გაუქმება ორ ქვეყანას კიდევ უფრო მეტად დააახლოებს.

სი ძინპინის განცხადებას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა. პუტინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, თუმცა მისი და რუსეთის ხედვა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ არის და ჩინეთი რუსეთის მიერ „მეგობრულ“ სახელმწიფოდ უნდა იქნეს განხილული, რომელიც, შესაძლოა, ყველაფერში არ ეთანხმებოდეს მოსკოვს, თუმცა ეს აუცილებელი არც არის.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დასავლეთის მოწოდებებისა, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და მმართველი კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია საჯაროდ ჯერაც არ დაუგმიათ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კი სანქციები და შეზღუდვები არ დაუწესებიათ.