დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა მწვავე პოლიტიკური კრიზისის წინაშეა – 48 საათში თანამდებობიდან რამდენიმე მინისტრი, მაღალჩინოსანი და, მათ შორის, კონსერვატიული პარტიის 50-მდე წევრი გადადგა.
პროტესტის ნიშნად თანამდებობა უკვე დატოვა თორმეტმა მინისტრმა და კაბინეტის ორმა წარმომადგენელმა, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ხაზინის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და საბინაო-საზოგადოებრივი საკითხების მინისტრი. საგულისხმოა, რომ გადადგომის ტალღა ჯერაც არ დასრულებულა და იმ თანამდებობის პირთა რაოდენობა, რომლებიც საქმიანობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ, ყოველდღიურად იზრდება.
აწ უკვე ყოფილი მინისტრების შეფასებით, ბორის ჯონსონსა და მის მთავრობას დაკარგული აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა: პატიოსნება, ღირსება, წესიერება, კანონმორჩილება და პროფესიონალიზმი.
გადამდგარი ოფიციალური პირები პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად მათი მოწოდებებისა, ბორის ჯონსონი პოსტის დათმობას არ აპირებს და გადამდგარი მინისტრების ადგილას მათ შემცვლელებს ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი და, ზოგადად, ბრიტანეთის მთავრობა კრიტიკის საგანი 2020 წელს მომხდარი ე.წ. ფართიგეითის სკანდალის შემდეგ გახდა. კოვიდპანდემიისა და უმკაცრესი რეგულაციების პირობებში, მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენიმე წვეულება გამართეს, სამს კი უშუალოდ პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.
საგულისხმოა, რომ მთავრობის მიერ წვეულებების გამართვის პერიოდში გაერთიანებულ სამეფოში ლოკდაუნი იყო დაწესებული. ქვეყანაში სრულად იყო აკრძალული ხალხმრავალი შეკრებები და წვეულებები, ღია სივრცეში კი მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა იყო ნებადართული.
კრიტიკოსების შეფასებით, წვეულების გამართვით მთავრობის წევრებმა უხეშად დაარღვიეს რეგულაციები და პრემიერ-მინისტრი, რომელიც კანონებს ასე დაუდევრად არღვევს, ქვეყნის მართვის ღირსი არ არის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ თვეს ბორის ჯონსონი პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების რისკის წინაშეც აღმოჩნდა, რომლის დაძლევაც მან ამჯერად შეძლო.