თურქეთში რეალური ინფლაცია 160%-იან ნიშნულზეა | კვლევა

თურქეთში რეალური ინფლაცია 160%-იან ნიშნულზეა | კვლევა

თურქეთში რთული ეკონომიკური ვითარება გრძელდება – ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე კი რეგიონსა და მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 79%-იან ნიშნულზეა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მიუხედავად თურქსტატის მიერ გასაჯაროებული შემაშფოთებელი მონაცემებისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალი, ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია.

აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს უმსხვილესი თურქული პროფესიული კავშირის – „საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის“ ყოველთვიური კვლევა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესახებ, რომლის თანახმად, თურქეთში რეალური წლიური ინფლაციის დონე 160%-ს შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ზემოხსენებული ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც, თავის მხრივ, განსხვავდება თურქსტატის გამოთვლის მეთოდისგან.

ექსპერტების შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევე, როგორც თურქეთის ეროვნული ბანკის, რომლის მონეტარულ პოლიტიკასაც უშუალოდ განსაზღვრავს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფალი – პრეზიდენტი ერდოღანი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლობამ დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. თურქსტატის მტკიცებით, ინფლაციის გამოთვლის მეთოდის მანიპულირებით არასამთავრობო ორგანიზაცია რეალობის დამახინჯებას და საჯარო უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას ცდილობდა. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში თურქსტატის ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ინფლაცია 17%-იან ნიშნულზე იყო, Inflation Research Group-ი კი ამტკიცებდა, რომ რეალური მაჩვენებელი 40%-ს აღწევდა.

თურქეთში ინფლაციის დონის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.

ერდოღანის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მთავრობისგან სხვას არაფერს არ უნდა მოველოდეთ.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 21 ივლისსაა დაგეგმილი – გაიზრდება თუ არა ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი, ჯერჯერობით, უცნობია.