ჩეხეთის პრეზიდენტობა ევროკავშირში: რეორიენტირება აღმოსავლეთით

ჩეხეთის პრეზიდენტობა ევროკავშირში: რეორიენტირება აღმოსავლეთით

პირველ ივლისს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ექვსი თვით ჩეხეთმა ჩაიბარა. როგორც ყოველთვის, მოცემული პოზიცია პრეზიდენტ ქვეყანას საშუალებას აძლევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გარკვეული გავლენა იქონიოს და კონკრეტულ საკითხებსა და მათთან დაკავშირებულ დიპლომატიურ საქმიანობაში წამყვანი პოზიციაც დაიკავოს.

ჩეხეთი ევროკავშირის მიმდინარე საპრეზიდენტო ტრიოს ქვეყნებთან, საფრანგეთსა და შვედეთთან, ევროსაბჭოს 18-თვიანი პრეზიდენტობის პერიოდისთვის რამდენიმე გრძელვადიან მიზანზე შეთანხმდა: მოქალაქეებისა და მათი თავისუფლებების დაცვა; ევროპის ზრდისა და ინვესტიციების ახალი მოდელის ხელშეწყობა; უფრო მწვანე, სოციალურად სამართლიანი ევროპის მშენებლობა, რომელიც უკეთესად დაიცავს ევროპელების ჯანმრთელობას; და ბოლოს, გლობალური ევროპის იდეის ხელშეწყობა. ამასთანავე, მიზნების ერთობლივი ჩარჩო თითოეულ პრეზიდენტ ქვეყანას საკუთარი ინტერესების წინ წამოწევისა და პრიორიტეტების სხვაგვარად დალაგების შესაძლებლობასაც აძლევს.

მაგალითად, საფრანგეთის მანდატის პერიოდში უპირატესობა ევროკავშირსა და აფრიკის კონტინენტს, ასევე ევროპასა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის არსებულ „სტრუქტურულ ინიციატივებს“ ენიჭებოდა.

ჩეხეთის ინტერესებში ძირითადად ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლოს საკითხები დომინირებს. ამასთანავე, არსებულ სამოქმედო გეგმაზე მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით კი რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო ომი უკრაინაში. ჩეხეთის მთავრობამ 15 ივნისს უკვე წარმოადგინა საკუთარი ხუთპუნქტიანი პრიორიტეტების მონახაზი, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო მანდატის მთავარი გამოწვევა იქნება უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა, ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა, ევროპის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, ევროპის ეკონომიკის სტრატეგიული მდგრადობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

უკრაინა და აღმოსავლეთის სამეზობლო – ახალი პრიორიტეტები

პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი ჩეხეთმა 2009 წელს ერთხელ უკვე დაიკავა. ამჯერად ჩეხეთის მთავარი სლოგანია „ევროპა, როგორც ამოცანა: გადაფასება, ხელახალი შენება და გაძლიერება“. ქვეყნის საპრეზიდენტო პრიორიტეტები ცხადყოფს, რომ სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული საკითხი მიმდინარე ექვსი თვის განმავლობაში უკრაინის ომი იქნება. ჩეხეთის მთავრობა უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამასთან, ჩეხეთის მთავრობას სურს ევროკავშირის ფარგლებში რუსული აგრესიის საკითხის გარშემო არსებულ დებატებში წამყვანი როლი დაიკავოს. ჩეხეთი მიზნად ისახავს, უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში რაც შეიძლება მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების გამოიყოს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა „უკრაინას სამხედრო და მატერიალურ დახმარებას გამოუყოფს და გააგრძელებს ქვეყნის ერთიანობის აქტიურ მხარდაჭერას“. დღეისათვის ჩეხეთის მიერ შესასრულებელი ამოცანა გარკვეულწილად გამარტივებულია, რადგან ივნისში უკრაინამ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. აქედან გამომდინარე, მთავარ ამოცანად რჩება უკრაინისთვის საჭირო დახმარების დროული უზრუნველყოფა. ჩეხეთს პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინისთვის დახმარების ეფექტიანად მობილიზებაში. ამავდროულად, უკრაინის მთავრობამ მიზნად უნდა დაისახოს რეფორმების დროული გატარება.

ამავდროულად, ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატის ერთ-ერთი მთავარი მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის განახლება და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის მშენებლობის ხელშეწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივა 2009 წელს სწორედ ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. მას შემდეგ ინიციატივა რჩებოდა ჩეხეთის დიპლომატიის პრიორიტეტად. პრაღა აქტიურად იყო ჩართული ბელარუსის კრიზისის მოგვარებასა და ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტში და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებასა და პროდემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ლუკაშენკას რეჟიმს გაქცეოდნენ. მეტიც, ჩეხეთის ახლანდელი მემარჯვენე ცენტრისტული პარტია პრემიერმინისტრ პერტ ფიალას თაოსნობით უფრო მეტადაა ორიენტირებული დემოკრატიის მხარდაჭერისკენ, ვიდრე მისი წინამორბედი ანრეი ბაბიშის პარტია ANO. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ჩეხეთმა ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიზაციას ხელი შეუწყოს. ამან შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების გატარებაც დააჩქაროს, რაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარება.

უფრო ხისტი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ?

ჩეხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ 2021 წელს გაუარესდა, როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთს დიპლომატიურად დაუპირისპირდა ჩეხეთში სამხედრო საწყობის აფეთქებაში რუსი ჯაშუშების მონაწილეობის გამო. უფრო პროევროპული მთავრობით სათავეში ჩეხეთმა შესაძლოა კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს დაუჭიროს მხარი. სანქციების მე-7 პაკეტის სავარაუდო დაწესებაზე საუბრები ევროკავშირში უკვე დაწყებულია. 15 ივნისს ჩეხეთის პარლამენტში საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირთან მიმართვაში ხაზი გაუსვა რუსულ ენერგიაზე სრული ემბარგოს დაწესების საჭიროებას. ამ განცხადებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრაღისთვის მაინც რთული იქნება ევროკავშირის საბჭოში სრულ თანხმობას მიაღწიოს მოცემულ გადაწყვეტილებაზე. წევრი ქვეყნების განსხვავებულმა ეროვნულმა და უსაფრთხოების ინტერესებმა მოცემული მიზნის მიღწევა შესაძლოა მიუღწეველიც გახადოს.

მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქვეყანას, როგორიცაა გერმანია, არ გამოუჩენია დიდი სურვილი უკრაინის დახმარებისა, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ევროპული ერთობაც გამოწვევების წინაშე დგას. განხილვის მთავარი საგანი რუსული გაზის იმპორტია. ენერგომომარაგებისა და საყოფაცხოვრებო მზარდი ფასები მწვავედ აღიქმება ევროპელი მომხმარებლების მიერ და დამატებითი სანქციებით ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი შესაძლოა არახელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ერთხმად შეთანხმდებიან მოსკოვის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოლიტიკის შემუშავებაზე, მათი გადაწყვეტილება ადგილობრივი მოქალაქეების მიერ არაპოპულარულად იქნება აღქმული. აქედან გამომდინარე, მათ მოუწევთ რუსულ ენერგიის ალტერნატიული ენერგიით ჩანაცვლება და მომავალი ზამთრისთვის ენერგომიწოდების უზრუნველყოფა. ამ პრობლემებმა ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატის პრიორიტეტებს შესაძლოა ხელი 2022 წლის მეორე ნახევრისთვის შეუშალოს.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, აღსანიშნავია, რომ ენერგოუსაფრთხოების პრობლემებმა ევროკავშირში არასამხედრო სფეროების სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერებას შეუწყო ხელი. ჩეხეთმა ევროკავშირი შესაძლოა გაზის მარაგით უზრუნველყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივი შესყიდვების ხელშეწყობით, როგორც ეს კოვიდ-ვაქცინების შემთხვევაში მოხდა. ამასთანავე, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტებში იწყებენ ფიქრს უკრაინის ომისშემდგომ დახმარებაზე, პრაღას შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს ტრანსატლანტიკური რეკონსტრუქციის გეგმის კოორდინირებაში, რაც მოიცავს ქვეყნებს შორის როლების, პასუხისმგებლობებისა და ფინანსების პრაგმატულად გადანაწილებას. უკრაინის აღმშენებლობის ერთიანი სამოქმედო ინიციატივა პოლიტიკური სიგნალი იქნება, რაც ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთიანობაზე, დასავლური დემოკრატიული სამყაროს მიერ უკრაინისა და სხვა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების სრულუფლებიანი წევრობის აღიარებაზე მიანიშნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *