გასული კვირის განმავლობაში სპორტის და განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება კატარისკენ იყო მიმართული, სადაც 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიაში საკმაოდ ბევრი დაიწერა. აქედან აღსანიშნავია ამერიკული Forbes-ის მიერ წლევანდელ მუნდიალზე მოასპარეზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგის გამოქვეყნება. ასევე, FIFA-ს განცხადება, რომლის თანახმად, ორგანიზაცია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან 7.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს მიიღებს.
ბოლო დღეებში სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია ინგლისური საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი მფლობელი გლეიზერების ოჯახი კლუბის მყიდველს ეძებს, ამის პარალელურად კი „იუნაიტედი“ კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა.
სპორტული სიახლეების წინამდებარე მიმოხილვა სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს ეთმობა.
Forbes: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები
სპორტის, და კერძოდ, ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება ამჟამად კატარისკენაა მიმართული, სადაც 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, კატარს ტურნირის მასპინძლობა, რომელიც შუა აღმოსავლეთში პირველად იმართება, 229 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.
გასულ კვირას, Forbes-მა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემები გამოცემის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგს ეყრდნობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მოთამაშეებს მუნდიალზე ასპარეზობით შემოსავლის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შემავალი ხუთივე მოთამაშე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. Forbes-ის შეფასებით, საერთო ჯამში ისინი მიმდინარე სეზონში 452 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებენ, მათ შორის $173 მილიონს მოედნის გარეთ აქტივობის წყალობით. თუ რომელიმე მათგანის ეროვნული ნაკრები ჩემპიონატის პლეიოფამდე მიაღწევს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი შემოსავლის გაზრდას შეძლებენ, თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად.
მაგალითად, საფრანგეთმა 2018 წელს მსოფლიო თასის მოგებისთვის საპრიზო თანხის სახით 38 მილიონი აშშ დოლარი მიიღო და 23 მოთამაშეზე 11 მილიონი აშშ დოლარი გადაანაწილა, რაც საშუალოდ ფეხბურთელზე დაახლოებით 480,000 აშშ დოლარს უდრის. FIFA-მ 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის $440-მილიონიანი საპრიზო ფონდი გამოყო. აქედან გამარჯვებული ქვეყნის ნაკრებს 42 მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა.
წარმოგიდგენთ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგს, რომელიც ამერიკულმა Forbes-მა შეადგინა:
- კილიან მბაპე (საფრანგეთი) – $128 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $110 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $18 მილიონი
- ლიონელ მესი (არგენტინა) – $120 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $65 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი
- კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – $100 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $40 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $60 მილიონი
- ნეიმარი (ბრაზილია)– $87 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $32 მილიონი
- რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)– $35 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $27 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $8 მილიონი
გლეიზერების ოჯახი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყიდის – ბოლო ცნობები სავარაუდო მყიდველების შესახებ
წლების განმავლობაში გულშემატკივართა უკმაყოფილების შემდეგ, რომელსაც ისინი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი მფლობელების მიმართ გამოხატავდნენ, გლეიზერების ოჯახმა პრემიერლიგის კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახმა, რომლის ქონებაც $4.7 მილიარდადაა შეფასებული შესაძლოა, „იუნაიტედის“ საკონტროლო წილი გაყიდოს. Sky News-ი არ გამორიცხავს, რომ პროცესი აუქციონშიც გადაიზარდოს.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი „მაჩესტერ იუნაიტედს“ $4.6 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბად აქცევს. გლეიზერებმა „იუნაიტედზე“ კონტროლი 2005 წელს მოიპოვეს, როდესაც კლუბი 800 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ანუ, იმ დროისთვის, დაახლოებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, „წითელი ეშმაკების“ შეძენის მსურველებს შორს არაერთი ცნობილი პირი და კომპანიაა. მათ შორის ერთ-ერთი ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფია, რომელმაც გაზაფხულზე „ჩელსის“ შეძენის სურვილიც გამოთქვა, თუმცა ლონდონურ კლუბს ტოდ ბოელის მეთაურობით დაკომპლექტებული კონსორციუმი დაეუფლა.
Forbes-ის შეფასებით, რეტკლიფის ქონება მოცემული დროისთვის 13.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Ineos Group-ის მფლობელის საკუთრებაში ფრანგული საფეხბურთო კლუბი „ნიცა“ შედის.
Financial Times-ის ინფორმაციით, „მაჩესტერ იუნაიტედის“ შეძენა კლუბის ყოფილ მოთამაშეს, დევიდ ბექჰემს სურს. მისივე ცნობით, დიდი ალბათობით, ინგლისის საფეხბურთო კლუბის ყოფილი კაპიტანი გარიგებაში დასახმარებლად ინვესტორებს მიმართავს და „მანჩესტერის“ შესყიდვას კონსორციუმის მეშვეობით ცდის.
შეგახსენებთ, დევიდ ბექჰემი „წითელი ეშმაკების“ რიგებში კარიერის საწყისი პერიოდიდან 2003 წლამდე ირიცხებოდა, ვიდრე ესპანეთში, კერძოდ მადრიდის „რეალში“ გადავიდოდა.
წარსულში გავრცელებული ხმების თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედით“ დუბაის სუვერენული ფონდი იყო დაინტერესებული. პოტენციურ მყიდველებს შორის შეიძლება, ნავთობით მდიდარი სხვა სახელმწიფოებიც მოიაზრებოდნენ, როგორიცაა ბაჰრეინი ან ქუვეითი, რომელთაც ევროპულ ფეხბურთში მოხვედრის რეალური სურვილი და შესაძლებლობა აქვთ.
აქვე, საყურადღებოა, რომ გაყიდვის პროცესის ექსკლუზიურ ფინანსურ მრჩევლად „მანჩესტერ იუნაიტედმა“ The Raine Group-ი დანიშნა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში „ჩელსის“ გაყიდვაშიც მონაწილეობდა. ნიუ-იორკში დაფუძნებული ჯგუფის არჩევა შესაძლოა, მიუთითებდეს იმ ფაქტზე, რომ კლუბი სავარაუდო ინვესტორებს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან განიხილავს.
ბოლო დღეებში „იუნაიტედის“ შეძენით ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების, მათ შორის Facebook-ის (Meta), Amazon-ისა და Apple-ის დაინტერესების შესახებ დაიწერა. თუმცა, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საკითხთან დაახლოებულ პირს ეყრდნობა, Apple-ის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დანარჩენ კომპანიებთან დაკავშირებით კი ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა
მიმოხილვას კვლავ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაკავშირებული ამბით ვაგრძელებთ – რამდენიმე დღის წინ, ინგლისური კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კრიშტიანუ რონალდუმ „იუნაიტედი“ დატოვა.
„კლუბი მადლობას უხდის მას ოლდ ტრაფორდზე გატარებული კარიერის ორივე ეტაპისთვის, რომლის განმავლობაშიც 346 მატჩში 145 გოლი გაიტანა და წარმატებებს უსურვებს მას და მის ოჯახს მომავალში“, – ვკითხულობთ ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რონალდუს „მანჩესტერიდან“ წასვლას წინ საკმაოდ მძიმე პერიოდი უძღოდა, რაც პორტუგალიელ ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს, ასევე „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭებაში გამოიხატა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში რონალდუს აგენტი მისთვის ახალ კლუბს აქტიურად ეძებდა, თუმცა ტრანსფერი ვერ განხორციელდა, ამიტომ პორტუგალიელს მანჩესტერში დარჩენა მოუწია.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „იუნაიტედს“ „იუვენტუსიდან“ 2021 წლის აგვისტოში შეუერთდა. მანჩესტერელებმა მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადეს. რონალდუ „წითელი ეშმაკების“ რიგებში 2003-2009 წლებშიც ირიცხებოდა.
ამჟამად პორტუგალიელი თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას 37 წლის ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ზე რონალდუს საბაზრო ღირებულება მოცემული დროისთვის 20 მილიონ ევროს შეადგენს. კარიერის განმავლობაში ის ყველაზე ძვირად, 120 მილიონ ევროდ, 2014-2015 წლებში, ასევე 2018 წელს ფასობდა.
ნონა გაფრინდაშვილმა სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა შორის სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) მიერ ორგანიზებული ტურნირი იტალიის ქალაქ ასისში გაიმართა.
81 წლის გაფრინდაშვილმა ჩემპიონატში 65+ ასაკობრივ კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნული ტიტული მერვედ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ის თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში.
წარმატებით დასრულდა სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ სტურუას გამოსვლაც. მან 50+ ასაკობრივ კატეგორიაში, მამაკაცთა შორის იმარჯვა. რაც შეეხება ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ქალთა შორის მოასპარეზე სოფიკო ტერელაძეს, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან FIFA $7.5 მილიარდს მიიღებს
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, FIFA 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წყალობით, რომელიც კატარში იმართება, 7.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს მიიღებს. ეს პროგნოზირებულ თანხას აჭარბებს, რაც სპონსორების პორტფელში გვიანდელი კონტრაქტების დამატებით არის განპირობებული.
FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ხარჯებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი $6.5 მილიარდს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას $1 მილიარდის წმინდა მოგება დარჩება. ინფანტინოს თქმით, აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ ჩაიდება მსოფლიოში ფეხბურთის განსავითარებლად.
შედარებისთვის, 2018 წელს რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან FIFA-მ $6.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ამ ნიშნულის გადალახვასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა. მაშინ FIFA 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან $6.44 მილიარდის მიღებას ელოდა.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში სპონსორობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმების წყალობით, ორგანიზაციის შემოსავალი დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, რეგიონული მხარდამჭერების კატეგორიაში დაემატა ჩრდილოეთ ამერიკისთვის YouTube-ი და ორგანიზაცია Visit Las Vegas-ი, შუა აღმოსავლეთი-ჩრდილოეთ აფრიკისთვის Fine Hygienic Holding-ი, ასევე აზია-წყნარი ოკეანისთვის ჩინური კომპანიები: Boss Zhipin-ი და Yadea.
Forbes: ფორმულა 1-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტები
ნიდერლანდელმა პილოტმა მაქს ფერსტაპენმა, ინგლისელი ლუის ჰამილტონი ჯერ ფორმულა 1-ის გასული წლის სეზონში, შემდეგ კი უკვე ფინანსურ რბოლაშიც დაჯაბნა. 25 წლის პილოტმა, საერთო ჯამში, ხელფასისა და ბონუსის ჩათვლით, $60 მილიონი გამოიმუშავა და Forbes-ის 2022 წინ ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ფერსტაპენს მეორე ადგილზე $55 მილიონით ჰამილტონი მოსდევს. აღსანიშნავია, რომ თავად ჰამილტონი, Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში 2013 წლის შემდეგ მუდმივად გვხდება.
ფერსტაპენმა, სეზონის წინ, Red Bull-თან ახალი, მოგებიანი კონტრაქტი გააფორმა. ნიდერლანდელი 2022 წელს რეკორდულ თხუთმეტ რბოლაში გამარჯვებით და 146 ქულით, სიის ლიდერის სტატუსით ასრულებს. 2017-2020 წლების ჩემპიონი ლუის ჰამილტონის კონტრაქტი კი მომავალ სეზონში იწურება. კარიერის დასრულების შესახებ გავრცელებული ხმების მიუხედავად, თავად ჰaმილტონმა Mercedes-თან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.
Forbes-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების რეიტინგში ჰამილტონს Alpine-ის წარმომადგენელი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მოსდევს ($30 მილიონი), ხუთეულს კი ფერსტაპენის თანაგუნდელი სერხიო პერესი ($26 მილიონი) და Ferrari-ის პილოტი შარლ ლეკლერი ($23 მილიონი) ასრულებენ.
საერთო ჯამში, ფორმულა 1-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტის შემოსავალმა დაახლოებით $264 მილიონს მიაღწია, რაც 25%-ით მეტია 2021 წლის პროგნოზებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის პილოტების უმეტესობა დიდ ყურადღებას არ აქცევს გარიგებებს, რომლებიც უშუალოდ მათ კლუბს ან სპონსორს არ უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს ტრასის გარეთ $1 მილიონზე მაღალი შემოსავალი. ერთ-ერთი მათგანი ჰამილტონია, $8 მილიონით. ფერსტაპენის მიერ ტრასის გარეთ გამომუშავებული თანხა $2 მილიონს აღწევს, თუმცა ეს რიცხვები რეიტინგში გათვალისწინებული არაა.
მიუხედავად ამისა, ფორმულა 1-ის ვარსკვლავებს საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ მათი შემოსავალი მომავალ სეზონებში კიდევ უფრო გაიზრდება. გასულ წელს F1-ის ბიუჯეტისთვის ახალი ლიმიტი დაწესდა, რომელიც კლუბებს აიძულებს, მთავარ სფეროებში თავიანთი ხარჯები $135 მილიონამდე შეამცირონ. შედეგად, Mercedes-ი, Ferrari და Red Bull-ი ვეღარ შეძლებენ $300-$400 მილიონის დახარჯვას და დიზაინისა და კვლევის ხარჯების შემცირება მოუწევთ. თუმცა პილოტების ანაზღაურება ხარჯების კაპიტალის გაანგარიშებიდან გამორიცხულია და, შედეგად, ბიუჯეტის ლიმიტი მათ შემოსავალზე არ აისახება.
ფორმულა 1-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების ათეული:
- მაქს ფერსტაპენი, Red Bull Racing – $60 მილიონი (ხელფასი: $40 მილიონი; ბონუსები: $20 მილიონი), ნიდერლანდები
- ლუის ჰამილტონი, Mercedes – $55 მილიონი (ხელფასი: $55 მილიონი; ბონუსები: $0), გაერთიანებული სამეფო
- ფერნანდო ალონსო, Alpine – $30 მილიონი (ხელფასი: $30 მილიონი; ბონუსები: $0), ესპანეთი
- სერხიო პერესი, Red Bull Racing – $26 მილიონი (ხელფასი: $10 მილიონი; ბონუსები: $16 მილიონი), მექსიკა
- შარლ ლეკლერი, Ferrari – $23 მილიონი (ხელფასი: $12 მილიონი; ბონუსები: $11 მილიონი), მონაკო
- სებასტიან ფეტელი, Aston Martin – $17 მილიონი (ხელფასი: $15 მილიონი; ბონუსები: $2 მილიონი), გერმანია
- დანიელ რიკარდო, McLaren – $17 მილიონი (ხელფასი: $15 მილიონი; ბონუსები: $2 მილიონი), ავსტრალია
- კარლოს საინსი, Ferrari – $15 მილიონი (ხელფასი: $8 მილიონი; ბონუსები: $7 მილიონი), ესპანეთი
- ლანდო ნორისი, McLaren – $11 მილიონი (ხელფასი: $5 მილიონი; ბონუსები: $6 მილიონი), გაერთიანებული სამეფო
- ჯორჯ რასელი, Mercedes – $10 მილიონი (ხელფასი: $3 მილიონი; ბონუსები: $7), გაერთიანებული სამეფო