გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირაში გაეროს კლიმატის სამიტი დასრულდა და შედეგებიც გახდა ცნობილი. მიუხედავად რიგი გარიგებებისა და შეთანხმებებისა, რომლებსაც ცალკეულმა სახელმწიფოებმა COP27-ის სამიტზე მიაღწიეს, რამე კონკრეტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქვეყნებს მაინც არ მიუღიათ. თუმცა მთავარი „ზიანისა და ზარალის“ კომპენსაცია იყო, რომლის შესასრულებლადაც მდიდარმა სახელმწიფოებმა ფონდის დაარსების პირობა დადეს და დაფინანსების ინსტრუმენტების რეფორმებზეც ისაუბრეს.

მიუხედავად ამისა, კლიმატის ცვლილება მსოფლიოზე კვლავ დამღუპველ გავლენას ახდენს და სახელმწიფოების ეროვნულ სტატისტიკებზე დაყრდნობით, ათიათასობით  ადამიანის გარდაცვალების მიზეზიც ხდება. ოფიციალური მონაცემებით, ევროპის ყველაზე ცხელი ზაფხულის განმავლობაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში სიკვდილიანობის 20,000 „გადაჭარბებული“ შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგაშო მაჩვენებელი სწორედ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებს უკავშირდება.

COP27: გაეროს კლიმატის სამიტის მთავარი შედეგები

ეგვიპტეში, შარმ-ალ-შეიხში, გაეროს კლიმატის ყოველწლიური სამიტი დასრულდა. შეხვედრებზე, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდებები იმ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელთაც კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის პროცესში გარდამტეხი როლი აკისრიათ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოებს COP27-ის სამიტზე რამე კონკრეტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

კლიმატის ცვლილებისთვის, ე.წ. „ზიანისა და ზარალის“ კომპენსაცია წლევანდელი სამიტის ოფიციალურ დღის წესრიგშიც მოხვდა. მდიდარმა ქვეყნებმა კომპენსაციის მომთხოვნ სახელმწიფოებს ადრეული გაფრთხილების სისტემები და დაზღვევა შესთავაზეს, განვითარებად ქვეყნებს კი ახალი სპეციალური ფონდის შექმნა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ევროკავშირმა ფონდის მხარდაჭერისთვის რამდენიმე კრიტერიუმი წამოაყენა: დონორთა ბაზის გაფართოება, ყველაზე დაუცველი განვითარებადი ქვეყნებისაკენ მიმართული დაფინანსების უზრუნველყოფა და COP27-ის შეთანხმება ემისიების შესამცირებლად უფრო ძლიერ მოქმედებებზე.

REUTERS/Mohammed Salem

შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა მდიდარი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, დააარსონ ფონდი „ზიანისა და ზარალის“ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის. ახლა უკვე გარდამავალი კომიტეტი შეისწავლის დაფინანსების მოცულობისა და მისი მიღების საკითხებს, ასევე დონორთა ბაზის გაფართოებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და კატარი.

Cop27-ზე ყველაზე ფართოდ განხილულ რეფორმებს შორის განვითარების ბანკების რეკაპიტალიზაციის საკითხიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კლიმატთან დაკავშირებული საკითხების ეკონომისტის ნიკოლას სტერნის გამოთვლით, განვითარებად სამყაროს, კრიზისთან საბრძოლველად, 2030 წლის შემდეგ, ყოველწლიურად $2.4 ტრილიონი დასჭირდება. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების განცხადებით, საფინანსო ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ საჭირო დაფინანსებას ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ემისიების შემცირება და კლიმატურ კრიზისთან ადაპტაცია.

წყალდიდობისგან დამცავი საშუალებების აშენება, ჭაობების შენარჩუნება, ტყეების აღდგენა – იმ ზომებს შორისაა, რომლებიც მსოფლიოს კლიმატურ კრიზისთან ადაპტაციაში დაეხმარება. თუმცა ღარიბი ქვეყნებისთვის, მსგავსი აქტივობებისთვის, დაფინანსების მოპოვება ძალიან რთულია. მდიდარი ქვეყნების მიერ დაპირებული $100 მილიარდიდან კი მხოლოდ $20 მილიარდი ხმარდება ადაპტაციის საკითხებს. გლაზგოში ქვეყნები ამ პროპორციის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ, ეგვიპტეში კი ადაპტაციისთვის თანხის გაორმაგების საჭიროება კიდევ ერთხელ დადასტურდა.

Cop27-ის საბოლოო ტექსტი შეიცავს დებულებას „დაბალი ემისიების ენერგიის“ გაზრდის შესახებ. ამას კი ფართო განსაზღვრება აქვს და შესაძლოა მოიცავდეს ქარის, მზისა და ბირთვული რეაქტორების ენერგიას, ასევე ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებსაც, რომლებიც აღჭურვილია ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის ტექნოლოგიებით. „დაბალი ემისიების ენერგია“ შეიძლება განიმარტოს როგორც ბუნებრივი აირიც, რომელსაც ნახშირზე ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, თუმცა მაინც ძირითად წიაღისეულ საწვავის კატეგორიაში გადის.

ევროპაში, რეკორდულად ცხელი ზაფხულის შედეგად, სიკვდილიანობის 20,000 შემთხვევა დაფიქსირდა

ოფიციალური მონაცემებით, ევროპის ყველაზე ცხელი ზაფხულის განმავლობაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, სიკვდილიანობის 20,000 „გადაჭარბებული“ შემთხვევა დაფიქსირდა. სიკვდილიანობის ჭარბი რაოდენობა – სხვაობა 2022 წლის ზაფხულში დაღუპულთა საერთო რაოდენობასა და ისტორიულ საშუალოს შორის – განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში, ივნის-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირებული სიცხის სამი ინტენსიური ტალღის დროს გაიზარდა.

ექსტრემალური სიცხე საფრთხის შემცველია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, აუარესებს ჯანმრთელობის ყველა არსებულ პრობლემას, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად ჯგუფებში, როგორებიც არიან ბავშვები, მოხუცები და ადამიანები, რომელთაც უმეტესად ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა. სიცხეს სითბური ინსულტის გამოწვევა შეუძლია.

REUTERS/Eric Gaillardევროკავშირის „დედამიწაზე დაკვირვების სააგენტო“ Copernicus-ის თანახმად, ევროპა, ზედიზედ უკვე მეორე წელია, რეკორდულად ცხელი ზაფხულის მომსწრეა. World Weather Attribution-ის ანგარიშით, კლიმატის ცვლილებამ, ივნისში, გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული სიცხის ტალღები 10-ჯერ უფრო გაამძაფრა. სახელმწიფოში ტემპერატურის ახალი რეკორდი 40.3 გრადუსი ცელსიუსი 19 ივლისს დაფიქსირდა, რაც 1.6 გრადუსი ცელსიუსით მაღალი მაჩვენებელია, 2019 წლის რეკორდულ მონაცემთან შედარებით.

ეროვნული სტატისტიკის სამსახურმა (ONS) ინგლისსა და უელსში, 1-ელი ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, სიკვდილიანობის 3,271 ჭარბი რაოდენობა დააფიქსირა. ONS-ი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ დაღუპულთა ყველაზე მაღალი რიცხვი შედარებით ცხელ დღეებში აღინიშნებოდა. ეროვნული სამსახურების მონაცემებით, ივნის-აგვისტოს განმავლობაში, ესპანეთსა და გერმანიაში, შესაბამისად სიკვდილიანობის 4,600 და 4,500 ჭარბი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამთავრობო სააგენტო Santé Publique France-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ზაფხულის თვეებში საფრანგეთში 10,400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მოხსენების თანახმად, გარდაცვალების ყოველი მეოთხე  შემთხვევა დაფიქსირდა მაღალი სიცხის დროს, ჭარბი სიკვდილიანობა კი 20 პროცენტით მეტი იყო იმ რეგიონებში, სადაც ექსტრემალური ტემპერატურის გამო ე.წ. „წითელი განგაში“ გამოცხადდა.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველ ეროვნულ სტრატეგიაში კანადა $1.2 მილიარდის ინვესტირებას განახორციელებს

გასულ კვირას კანადამ ქვეყნისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი ეროვნული სტრატეგია წარადგინა. სტრატეგია ახალი ფედერალური დაფინანსების ვალდებულებაში $1.2 მილიარდის ინვესტირებას ითვალისწინებს, რაც გლობალური დათბობის მზარდი ზემოქმედებისგან საზოგადოების დაცვას მოხმარდება.

მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური ამინდის შედეგად ზიანი კანადასაც ადგება. მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემებით, სტიქიების შედეგად ქვეყნის საშუალო წლიური ზარალი 2030 წლისთვის 15.4 მილიარდ კანადურ დოლარს მიაღწევს. ადაპტაციის სტრატეგიის მიზანიც სწორედ ფედერალური პოლიტიკისა და ინვესტიციების საშუალებით ფინანსური დანაკარგების შემცირებაა. სამთავრობო კვლევების თანახმად, ადაპტაციის ზომებზე დახარჯული ყოველი დოლარი 15 კანადურ დოლარამდე ხარჯს დაზოგავს.

REUTERS/Artur Gajda/File Photo„კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლამ ჩვენამდე მოაღწია. ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევამციროთ ემისიები, რომლებიც კლიმატურ კრიზისს იწვევს, არამედ უნდა მოვერგოთ იმ ცვლილებებსაც, რომლებიც ჩვენ წინაშეა“, – განაცხადა კანადის ფედერალური გარემოს დაცვის მინისტრმა სტივენ გილბომ.

ცნობისთვის, კანადა მსოფლიოში ნავთობის მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია, G20-ის სახელმწიფოებს შორის კი ერთ სულ მოსახლეზე ნახშირბადის გამონაბოლქვით მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ახალი მშენებლობებისთვის წყალდიდობისა და ხანძრის უახლესი სტანდარტების დანერგვამ შესაძლოა, კანადის ხარჯები, წლიურად, C$4.7 მილიარდით შეამციროს. ურბანული ტყეები ქალაქ ტორონტოში ქვეყანას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და გაგრილების ხარჯების შემცირებაში დაეხმარა.

სტრატეგია ხუთ პრიორიტეტზეა ფოკუსირებული: ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მდგრადი საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და შენარჩუნება, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკონომიკის მხარდაჭერა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების გავლენის შემცირება. სტრატეგიის შემუშავებამდე, კონსულტაციები, რომლებიც ერთი მხრივ ფედერალურ მთავრობასა და მეორე მხრივ პროვინციებს, მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მიმდინარეობდა, ორი წელი გაგრძელდა.

აშშ-ში, მიმდინარე წელს, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ქვანახშირზე მეტი ენერგია იწარმოება

ამერიკის შეერთებული შტატები ქვანახშირზე მეტი ენერგიის წარმოებას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან შეძლებს. აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მთლიანი ენერგიის მეხუთედზე მეტი ჰიდროენერგეტიკიდან, მზისა და ქარის წყაროებიდან იქნება წარმოებული.

შედეგად, განახლებადი წყაროების წილი, ქვეყნის ენერგიის მთლიან მოცულობაში, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ქვანახშირისა (20%) და ბირთვული (19%) ენერგიის წარმოების შემთხვევაში. მსგავსი ფაქტი მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, რაც პანდემიის შედეგად ენერგიის გამომუშავების შემცირებით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან აშშ-ში მზისა და ქარის ენერგია 58%-ით გაიზარდა.

REUTERS/Matthew Childs

„ჩვენი პროგნოზით, 2022 წელს განახლებადი ენერგიის წყაროები აშშ-ის ელექტროენერგიის 22%-ს უზრუნველყოფენ, 2023 წლისთვის კი მათი წილი 24%-მდე გაიზრდება. მიზეზი ბუნებრივი აირის გამომუშავების შემცირებაა, რომელიც 2022 წლის 38%-დან 2023 წელს 36%-მდე დაიკლებს“, ნათქვამია მოხსენებაში.

ათი წლის წინანდელი პიკის შემდგომ, ქვანახშირის წილმა ენერგიის წარმოებაში კლება დაიწყო. EIA-ის მონაცემებით, ქვანახშირის წილი წარმოებულ მთლიან ენერგიაში 2022 წლის 20%-დან 19%-მდეც შემცირდება. თუმცა, მკვლევართა გაფრთხილებით, განახლებადი ენერგიის სწრაფი ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებს კლიმატური მიზნების მისაღწევად კვლავ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი, ათწლეულის ბოლომდე, 2005 წლის დონესთან შედარებით, ემისიების 40%-ით შემცირებაა. პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევართა შეფასებით, აშშ-ს 2022-დან 2024 წლამდე დაახლოებით 50 გიგავატი განახლებადი ენერგიის გამომმუშავებელი ობიექტების განთავსება სჭირდება, რაც 2020 და 2021 წლების მონაცემებთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მოცულობაა.

აშშ-ს ბრაზილიის ტყეების გამნადგურებელთათვის სანქციების დაწესება სურს

ამერიკის შეერთებული შტატები ბრაზილიაში ამაზონის ტყეების გამნადგურებელთათვის სანქციების დაწესებას განიხილავს. შტატების მიზანი ამაზონის ტყის გაჩეხის შეჩერებაა, რისთვისაც ე.წ. Magnitsky-ის სანქციების გამოყენებას არ გამორიცხავს.

Magnitsky-ის სანქციები კორუფციასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში ბრალდებულების დასჯას გულისხმობს. სანქციები აშშ-ში ნებისმიერ აქტივს ყინავს და უკრძალავს ყველა ამერიკელსა და ამერიკულ კომპანიას სანქცირებულ პირებთან ან სუბიექტებთან ურთიერთობას. სანქციებზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომელსაც ჯერ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განცხადება არ გაუკეთებია. კომენტარი არ გაუკეთებიათ ბოლსონარუსა და ლულას წარმომადგენლებსაც.

REUTERS/Bruno Kelly/File Photo/File Photo

აშშ-ის გეგმას საფუძველი ივნისში, „ამერიკის სამიტზე“ ჩაეყარა, სადაც აშშ-მა და ბრაზილიამ, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში უკანონო ტყის გაჩეხის წინააღმდეგ საბრძოლველად, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა დააანონსეს. აშშ-ის ოფიციალური პირების ნაწილმა, ანონიმურად, Reuters-თან დაადასტურა, რომ ვაშინგტონს გარემოსდაცვითი დანაშაულის ჩამდენი პირების დაჯარიმება სურს, ამაში კი როგორც ტყეების გაჩეხა, ასევე ოქროს უკანონო მოპოვებითი სამუშაოებიც იგულისხმება.

ცნობისთვის, ბრაზილიაში ტყეების განადგურებამ, 15-წლიან მაქსიმალურ დონეს, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მმართველობისას მიაღწია. ამაზონის საკითხთან დაკავშირებით, ბოლსონარუს გასამართლების მოთხოვნით გასულ წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც (ICC) მიმართეს. პრეზიდენტს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებდნენ ბრალს“,  რაც პირველი საქმე იყო, როდესაც ტყის განადგურება ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას პირდაპირ უკავშირდებოდა. ბოლსონარუ პასუხისმგებელია 400,000 ჰექტარი ტყის გაჩეხაზე, რაც 2019 წლიდან ტყის განადგურების 88%-იან ზრდას გულისხმობს.

თუმცა ახლა ბოლსონარუ უკვე არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტია, რომელსაც პირველი იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, ინასიუ და ლულა ჩაანაცვლებს. ახალი პრეზიდენტის ინიციატივით, ტროპიკული ტყეების მქონე ორ უდიდეს ქვეყანასთან, ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ტყის შენარჩუნებისთვის თანამშრომლობის შეთანხმება ოფიციალურად შედგა. სამმხრივ ალიანში ბრაზილია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ინდონეზია არიან გაწევრიანებულნი.

Nestle-ს Nespresso ყავას ქაღალდის კომპოსტირებად კაფსულებში გაყიდის

კომპანია Nestle-ს ყავის ბიზნესი Nespresso, თავისი პროდუქციის გაყიდვას ქაღალდის კომპოსტირებად კაფსულებში დაიწყებს. მართალია, მეტალის კაფსულები, რომლებშიც ამ დრომდე ყავა იყიდებოდა, გადამუშავებადია, ისინი ნაგავსაყრელზე ხშირად ხვდებოდა, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევდა.

Nespresso-ს აღმასრულებელი დირექტორის, გიომ ლე კანფის განცხადებით, ყველა მომხმარებელს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაფსულები გადამუშავებადია და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ქაღალდის შეფუთვაში ყავის გაყიდვა უფრო კომფორტული აღმოჩნდეს. ცნობისთვის, ქაღალდის კაფსულების შექმნის პროცესი 3 წელს გაგრძელდა და ჯერჯერობით შვეიცარიასა და საფრანგეთში დაიტესტა.

REUTERS/Denis Balibouse

„მიზანი არა ალუმინის ყველა კაფსულის ქაღალდით ჩანაცვლება, არამედ მომხმარებლისთვის უფრო მეტი, მდგრადი ვარიანტების ალტერნატივის მიცემაა. შესაბამისად, ქაღალდის კაფსულების კომპოსტირებასა და ალუმინის კაფსულების გადამუშავებას შორის არჩევანს მომხმარებელი თავად გააკეთებს“, – აღნიშნა ლე კანფმა Reuters-თან ინტერვიუში.

Nespresso-ს გაყიდვებმა 2021 წელს $6.7 მილიარდს მიაღწია, რაც ყავის ბიზნესს Nestle-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიან და უდიდეს ბრენდად აქცევს. გაყიდვები განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს გაიზარდა, შემდეგ კი შენელება დაიწყო. თუმცა ბრენდი წინა ეკონომიკურ კრიზისსაც გაუმკლავდა, რაც ლე კანფს კომპანიის მომავლის მიმართ პოზიტიურად განაწყობს.

ლე კანფს კაფსულების გაყიდვების მიზნები არ დაუსახელებია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ახალი წამოწყება ბრენდს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და არსებულების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *