თიბისის 30 წელი და ტექნოლოგიური მომავალი

თიბისის 30 წელი და ტექნოლოგიური მომავალი

2025 წელს თიბისის ყოველთვიურად 7 მილიონი მომხმარებელი უნდა ჰყავდეს – პრაქტიკულად ორჯერ საქართველოს მოსახლეობა. „ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – ამბობს თიბისის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე და კომპანიის 30 წელს „ფორბსთან“ აჯამებს.

თიბისი 30 წლისაა – ზუსტად იმდენის, რამდენისაც დამოუკიდებელი საქართველო და მისი ეკონომიკა.

ამ 30 წლის მანძილზე საქართველომ პატარა ზომის ბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული, რეგიონალური ამბიციების მქონე სისტემური ბანკი მიიღო და ბანკზე მეტიც – ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ტექნოლოგიების ათვისებისკენ მიისწრაფვის, რათა მომხმარებლის მოთხოვნას და ფეხის ხმას არცერთი წამით არ ჩამორჩეს და უკვე საკმაოდ განვითარებულ ბაზარზეც შეინარჩუნოს ის პოზიცია, რას მას ყოველთვის ეჭირა – ყინულმჭრელის და ლიდერის.

ვახტანგ ბუცხრიკიძესთან არაერთხელ მისაუბრია, უმეტესად – გამოწვევებით სავსე თემებზე, ეკონომიკური ზრდის სტრუქტურასა თუ პოლიტიკის გადაწყვეტებზე, ბიზნესის როლზე და ა.შ. და ა.შ. ხუთი წლის წინ მას „ფორბსის“ ყდაზე სტაბილური ბანკირიც კი დავარქვი – ამიტომ სანამ მარჯანიშვილზე, თიბისის ოფისში ინტერვიუს დავიწყებ, ჩემი მთავარი საფიქრალი ის არის, რა უნდა იყოს ამჯერად „ფორბსის“ მთავარი ინტერვიუს მთავარი სათქმელი.

ის დღე გავიხსენე, 1997 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, მამასთან ერთად როგორ გავხსენი ჩემი პირველი ანგარიში თიბისი ბანკში, ჭავჭავაძეზე და როგორ დავდე დეპოზიტზე ჩემი პირველი ჰონორარი – ამერიკიდან ახალჩამოსულმა პატარა წიგნი გამოვეცი და გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა თიბისის ვანდე. ჩვენი თანამშრომლობა მას შემდეგ გრძელდება.

გაამართლა: მივხვდი, რა უნდა მეჩვენებინა თქვენთვის.

ამიტომ ეს განსხვავებული, მარტივი ინტერვიუა ვახტანგ ბუცხრიკიძესთან იმაზე, თუ რატომ არსებობს თიბისი.

რო­გო­რი იყო ეს 30 წე­ლი თიბისისთვის?

ჩვენი განვითარება ამ 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად უნდა გავყოთ.

პირველი ეტაპი – 90-იანი წლები – ეს სტარტაპობის ეტაპია. თიბისი ძალიან პატარა ბანკი იყო და განვითარებას იწყებდა. მაშინ ძალიან სწრაფად ვიზრდებოდით, როგორც პატარა, სტარტაპ კომპანიები იზრდებიან – ბევრ სიახლეს ვნერგავდით და ამ პროცესში ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდით. ამ პერიოდში საქართველოში 200-300 ბანკი იყო. ჩვენ მეასე ვიყავით და მაშინ ჩვენი მიზანი იყო, თუნდაც ათეულში შევსულიყავით. 1998 წელს მეცხრე თუ მეათე ბანკი რომ გავხდით, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო.

მეორე ეტაპი – 2000-2010 წლები – ეს ის ეტაპია, როდესაც ბაზრის ლიდერი გავხდით, სამეულში შევედით და ჩვენი აქციონერები გახდნენ ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა EBRD-ი, IFC-ი. მათ კორპორაციული მართვის ახალი სტანდარტები და პრინციპები შემოიტანეს და ამით კიდევ უფრო მეტად დავაჩქარეთ განვითარება. დაახლოებით 2010 წლის შუა პერიოდიდან უკვე დავფიქრდით იმაზე, რომ უნდა განვვითარებულიყავით არა მხოლოდ როგორც ბანკი, არამედ როგორც ფინანსური ინსტიტუტი. ამ ეტაპზე დავიწყეთ ფიქრი, რომ შეგვექმნა ჩვენი სალიზინგო კომპანია, მეტი ყურადღება დაგვეთმო სადაზღვევო ბაზრისთვის და ჩვენი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა არა მხოლოდ საბანკო პროდუქტები, არამედ სხვა ფინანსური პროდუქტებიც, რის შეთავაზებაც მაშინ საქართველოში შეიძლებოდა.

მესამე ეტაპი 2012 წლიდან იწყება – ბაზრის ლიდერობის ეტაპი, რომელიც, ერთი მხრივ, ორ დიდ ტრანზაქციას უკავშირდება და, მეორე მხრივ, ჩვენს გადაწყვეტილებას, გავსულიყავით საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მესამე ეტაპის მიმართულებები რამდენიმე მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. 2014 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, გავმხდარიყავით საჯარო კომპანია – აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განვათავსეთ. 2014-2020 წლებში განვითარებისთვის წინ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით: შევიძინეთ „კონსტანტა ბანკი“ და ამით მიკროსესხების მიმართულებით გავაქტიურდით; 2016 წელს ზომით მესამე ბანკთან – „რესპუბლიკასთან“ შერწყმით, ჩვენი ზომა და მასშტაბი გაცილებით გავზარდეთ და, რაც ყველაზე მთავარია, როგორც საჯარო კომპანიამ, კარგად გავაცნობიერეთ, რომ გვყავს ინვესტორები ბრიტანეთში, კონტინენტურ ევროპაში და გვაქვს ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რამაც საშუალება მოგვცა, ჩვენი ბიზნესი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგვეფართოებინა. 2015-2020 წლებში უკვე რეგიონში – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში – ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი გავხდით.

მომდევნო წლებში განვითარების ამ ხაზს გავაგრძელებთ.

რა იყო თი­ბი­სის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში?

ალბათ მთავარი მაინც ის არის, რომ სულ სიახლის შემოტანა გვინდოდა: ყველა მიმართულებით, ყოველთვის, ინოვაციები და სიახლეები გვინდოდა.

90-იან წლებში ყველგან დახურული ფილიალები და არმირებული ფანჯრები იყო. მაშინ ვთქვით პირველად, მოდი, ეს მიდგომა დავანგრიოთ. შედარებით ნათელი მაგალითი მაშინ სულ მთლად ახალი ხილი – სუპერმარკეტები იყო. ჩვენც ვთქვით, რომ ჩვენ ვართ სუპერმარკეტი, რომელიც განსხვავებულ პროდუქტს – ფინანსურ პროდუქტებს – ყიდის. დღეს ეს ყველასთვის ბუნებრივია, მაგრამ მაშინ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ღია ფილიალები დავამკვიდრეთ.

2000-იან წლებში დავნერგეთ წესი, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი მომხმარებელს ღიმილით შეხვედროდა და მისთვის სახელით მიემართა. დღეს შეიძლება სასაცილოა, მაგრამ მაშინ ჩვენს მენტალობაში სერვისკომპანია საერთოდ ახალი სიტყვა იყო. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მომსახურების ეს კულტურა შემოვიტანეთ და შემდეგ უკვე გავრცელდა სხვა კომპანიებში, ბანკებში, მაღაზიებში…

იგივე დამოკიდებულება გვქონდა ტექნოლოგიების მიმართაც. თუკი სადმე რამე სიახლე გამოჩნდებოდა, მთელი გულისყურით ვაკვირდებოდით და შემდეგ თიბისიში ვნერგავდით. სულ ვცდილობდით, პირველები ვყოფილიყავით. ცვლილებებისთვის მუდამ მზად ვიყავით.

ყველა მომენტში, ყველა კომპანიას, გამოწვევების მიუხედავად, შეუძლია, სიახლეები შემოიტანოს და დანერგოს – სხვადასხვა დონის, თუმცა განვითარების ყველა ეტაპზე. მჯერა, თიბისისთვის ეს წარმატების მთავარი საფუძველი იყო.

რა­ტომ არ­სე­ბობს თი­ბი­სი?

ჩვენი მისიაა, გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. მთავარი, რასაც ამ წლებში მივაღწიეთ ის არის, რომ ჩვენმა 10 ათასმა თანამშრომელმა – და მნიშვნელობა არა აქვს, თიბისი ჯგუფის რომელ ბიზნესში მუშაობს ან რომელ ქვეყანაში – ზუსტად იცის, რისთვის არსებობს თიბისი და რაზე გადის მისი წარმატება – ეს ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

და რას ნიშ­ნავს ეს – რო­გორ შე­უძ­ლია ფი­ნან­სურ ინ­ს­ტიტუტს, გა­ა­მარ­ტი­ვოს ცხოვ­რე­ბა?

ყველა ბიზნესში სხვადასხვანაირად შეიძლება ამის მიღწევა – ბანკი ამას სხვანაირად მიუდგება, ვთქვათ, სადაზღვევო ბიზნესი ან ეკოსისტემა – სხვანაირად, მაგრამ მთავარი არსი ის არის, რომ ადამიანს უნდა დარჩეს მეტი თავისუფალი დრო, რომელსაც ჩვენთან ურთიერთობაში არ დახარჯავს, რადგან ჩვენთან ყველაფერი მარტივად და სწრაფად უგვარდება. გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება – ეს არის თიბისისთვის ყველაფრის საფუძველი.

პა­ტა­რა ბან­კი­დან ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე და­ლის­ტულ ფი­ნან­სურ ინ­ს­ტი­ტუ­ტამ­დე – ეს გზა გაგ­ვა­ტარეთ ამ მოკ­ლე დრო­ში – ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის სი­მარ­ტივეს რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ?

მთავარი გამოწვევა აქ ის არის, მივაღწიოთ იმას, რომ კომპანიის ზომა იზრდებოდეს, მაგრამ ჩვენ არ გავხდეთ ბიუროკრატიული ორგანიზაცია და, შესაბამისად, გავაგრძელოთ მარტივად მართვა ანუ დიდი ვერტიკალი არ შევქმნათ.

იდეალური, რასაც ვცდილობთ, არის ის, რომ ყველა პოზიციაზე ყველა ადამიანი იყოს „ვახო და იყოს დირექტორი“. გეღიმებათ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავის ნაწილში გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმაცია, საქმე, რომელსაც აკეთებს, მისთვის იყოს საინტერესო – ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სწორად იქნება მათზე დელეგირებული უფლებები და თუ სულ ემახსოვრებათ, რომ წარმატებას მიაღწევენ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენს მომხმარებელს გაუმარტივებენ ცხოვრებას.

ყვე­ლა­ზე არა­მარ­ტი­ვი პე­რი­ო­დი მინ­და გა­იხ­სე­ნოთ თიბი­სის ის­ტო­რი­ა­ში…

1998 წლის ფინანსური კრიზისი – მაშინ მივხვდით, რომ რაც რუსეთში მოხდა, ის აუცილებლად გადმოვიდოდა საქართველოზეც – ამიტომ გავზარდეთ ლიკვიდურობა და მოსალოდნელი კრიზისი შესაძლებლობად ვაქციეთ. მაშინ ზომით მეათე ბანკი ვიყავით. თუმცა თიბისიში ამ კრიზისს მომზადებულები შევხვდით და როცა კრიზისი მართლაც დადგა, საქართველოში პრაქტიკულად ერთადერთი ბანკი ვიყავით, რომელსაც ლიკვიდურობის პრობლემა არ ჰქონდა. კრიზისი რომ დასრულდა, ზომით მეორე თუ მესამე ბანკი გავხდით – ბევრმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი კლიენტი გამხდარიყო.

ცალკე უნდა გავიხსენო 2008 წლის აგვისტო, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოხდა. ძალიან რთული დრო იყო როგორც ჩვენთვის, თითოეული თიბისელისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის. მაშინ მაქსიმალური მობილიზაცია შევძელით და ამ დიდ კრიზისსაც გავართვით თავი.

აქ­ვე – ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი პე­რი­ო­დიც გა­იხ­სე­ნეთ…

მარტივი პერიოდი არ მახსენდება…

რა­ტომ­ღაც სწო­რედ ამ პა­სუხს ვე­ლო­დი…

უკან დაგიბრუნებთ ამ კითხვას – თქვენ გახსენდებათ ბოლო 30 წელი, როცა საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე არ იდგა? ჩვენი ზომიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი სისტემური მოთამაშეა – ქვეყანაში არსებული ყველა გამოწვევა თიბისიზეც აისახება. ხუმრობა რომ გვერდით გადავდოთ, ასეთი მიდგომა გვაქვს: ყოველთვის, როცა რაიმე გამოწვევის წინაშე ვდგებით, ვცდილობთ, ეს გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციოთ.

მეც გე­თან­ხ­მე­ბით, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ველოს ეკო­ნო­მი­კა და თი­ბი­სი პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თი ასაკი­სა­ა, მხარ­დამ­ხარ მო­დი­ხართ, იზ­რ­დე­ბით…

არა მარტო თიბისი, ჩვენი ბევრი პარტნიორიც. ამ წელს ჩვენი პარტნიორების უმრავლესობაც 25–30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს დამაფიქრებელია: ბევრი კომპანია, რომლებიც დღეს ბაზრის ლიდერად ითვლება, ჩვენთან ერთად გაიზარდა. 30 წლის წინ პრაქტიკულად ყველა ეს კომპანია ასევე სტარტაპი იყო, საქმიანობა ნულიდან დაიწყეს და დღეს საქართველოში ლიდერი კომპანიები არიან.

ეკონომიკას რაც შეეხება, მისი როგორც აღმასვლა, ისე დაღმასვლა მოქმედებს საფინანსო ინსტიტუტის საქმიანობაზე – მით უფრო, რომ ჩვენ სისტემური ბანკი ვართ – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წილი ბაზარზე საკმაოდ დიდია და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, ბაზარზე დიდი ცვლილებები მოახდინოს. ჩვენ გვყავს მილიონობით ფიზიკური პირი მეანაბრე, ჩვენს დეპოზიტებზე მილიარდობით ლარია განთავსებული, სესხების კუთხით ჩვენ ვაფინანსებთ მსხვილ, მცირე და საშუალო ბიზნესს, ბაზრის 35-40% გვიჭირავს – აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენი ქმედება გავლენას ახდენს მთელ ეკონომიკაზე და არა მხოლოდ – კონკრეტული ინდუსტრიის მოკლევადიან ცვლილებებზე.

და პირიქით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ჩვენზე მოქმედებს – სისტემური მოთამაშე რომ ვართ, აქაც იგრძნობა. ამიტომ ვცდილობთ, პროგნოზები სწორად ვაკეთოთ, ბევრი რამ წინასწარ გავთვალოთ და, შესაბამისად, სწორი ნაბიჯები გადავდგათ.

რიცხ­ვე­ბი ახ­სე­ნეთ და ეს ხა­ზი გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ: ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რიცხ­ვი თი­ბი­სის­თ­ვის თა­ვი­სი განვი­თა­რე­ბის გზა­ზე?

თიბისის დღეს ჰყავს 12 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი; ყოველთვიურად 3 მილიონ მომხმარებელზე მეტი – რაც დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ტოლია. სამწლიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია, ყოველთვიურად თიბისის სხვადასხვა პროდუქტს მოიხმარდეს 7 მილიონი მომხმარებელი – საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე დაახლოებით ორჯერ მეტი ადამიანი. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ 2025 წლისთვის ამას მივაღწევთ. ეს არის თიბისის სამიზნე.

ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ა, სი­ახ­ლე­ე­ბი – რაც ჩვე­ნი ინტერ­ვი­უს და­საწყის­ში თი­ბი­სის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვარ სა­ფუძ­ვ­ლად და­ა­სა­ხე­ლეთ – გაგ­რძელ­დე­ბა?

21-ე საუკუნეში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მომხმარებლის მოთხოვნები და სურვილები იზრდება და ჩვენ ამას ფეხი უნდა ავუწყოთ: უნდა ვეცადოთ, რომ მომხმარებლებს ისეთი სიახლეები შევთავაზოთ, რაზეც შესაძლოა, თავად არც კი უფიქრიათ. წელს ჯგუფის დონეზე ტექნოლოგიებში 230 მილიონი ლარის ინვესტიციას ვდებთ – აქედან მნიშვნელოვანი წილი მოდის ტექნოლოგიურ განვითარებაში ინვესტირებაზე.

თიბისი თავისი განვითარების ყველა ეტაპზე განიცდიდა ტრანსფორმაციას. ახლა ვხდებით რეგიონალური და ტექნოლოგიური კომპანია – ტრანსფორმაციის ამ ეტაპს გავდივართ ახლა – თავისი სირთულეებით, გამოწვევებით და შესაძლებლობებით.

ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ა­ზე გუგ­ლი ან ფე­ის­ბუკი მახ­სენ­დე­ბა – თი­ბი­სის კონ­ტექ­ს­ტ­ში რას გულის­ხ­მობთ უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად?

თიბისიში ფინანსური პროდუქტების ტრანზაქციების მხოლოდ 1 პროცენტი ტარდება ფილიალებში – 99 პროცენტი სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებით ხორციელდება. ჩვენი გვინდა, რომ არა მხოლოდ ტრანზაქციებში, არამედ სხვა მიმართულებებითაც მივაღწიოთ ასეთ განვითარებას. ამას ვერ მივაღწევთ, თუ კომპანიის შიგნით ძალიან სწრაფად არ განვავითარებთ ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, პროდუქტები ტექნოლოგიურად ვმართოთ.

და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ ვი­სა­უბ­რეთ ამა­ვე ფორ­მატ­ში და მა­შინ თქვენ­თან ინ­ტერ­ვი­უს ასე და­ვარ­ქ­ვი – სტა­ბილუ­რი ბან­კი­რი. რო­გორ ფიქ­რობთ, მო­მა­ვალ­შიც ეს იქ­ნება თქვე­ნი მთა­ვა­რი სტა­ტუ­სი?

როგორც კომპანია იზრდება და ტრანსფორმაციას განიცდის, ისე მეც ტრანსფორმაციას განვიცდი და ვიზრდები: დღეს, მაგალითად, თიბისიში ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მუშაობს 1200 ადამიანი – გაცილებით მეტი, ვიდრე საკრედიტო მენეჯერი ან ოპერატორი, ან მოლარე. დღეს ჩვენ ნაწილობრივ უკვე ვართ ტექნოლოგიური კომპანია, ამიტომ მეც, როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ტრანსფორმაციას განვიცდი.

თუ მაშინ ასე დამინახეთ, როგორც სტაბილური ბანკირი – დღეს ჩემი მთავარი გამოწვევაა, ვიყო ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ჩემი დილა ყოველთვის იწყებოდა იმის შეფასებით, როგორი გვაქვს საკრედიტო პორტფელი, ლიკვიდურობა როგორი გვაქვს. დღეს სხვანაირია ჩემი დილა – უფრო მნიშვნელოვანია, წინა დღეს რამდენი ტექნოლოგიური სიახლე დავნერგეთ – ამ სიახლეებს შესაძლოა, მომხმარებელი ვერც ხედავდეს, მაგრამ ეს სიახლეები აისახება მომსახურების ხარისხზე, შესაძლებლობაზე – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.

ამდენად, ტრანსფორმაციას მეც განვიცდი – დღეს ისევ ვარ სტაბილური ბანკირი, მაგრამ ამავდროულად ვარ ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც უნდა მართოს სწრაფად განვითარებადი კომპანია და ამას ვუყურებ, როგორც უდიდეს შესაძლებლობას.

ჩე­მი ბო­ლო კითხ­ვა: ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ თი­ბი­სი დღეს არის?

მთავარი ის ათი ათასი თიბისელია, რომელთაც ძალიან კარგად ესმით, რატომ არის თიბისი წარმატებული, რა არის მისი მისია.

ამ 30 წლის მანძილზე ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ, როგორც გითხარით, ახლა გვინდა, ეს შედეგები ბევრად უფრო მოკლე დროში გავაორმაგოთ და 2025 წლისთვის ყოველთვიურად 7 მილიონ მომხმარებელს გავუმარტივოთ ცხოვრება. გვაქვს ამის ამბიცია და გვჯერა, რომ ათი ათასი თიბისელი ერთიანი, გუნდური მუშაობით ერთგულად გავაგრძელებთ იმის შენებას, რისთვისაც არსებობს თიბისი.

 

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia