საქართველოს სტრუქტურული ტრანსფორმაცია – აქცენტი ინფრასტრუქტურასა და გარე სამყაროსთან უკეთეს კავშირზე

საქართველოს სტრუქტურული ტრანსფორმაცია – აქცენტი ინფრასტრუქტურასა და გარე სამყაროსთან უკეთეს კავშირზე

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დღეს არსებული ძლიერი ფუნდამენტის მიუხედავად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში წარმატება გარანტირებული არ არის. საბაზისო სცენარის მიხედვით, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა დღეს არსებული 4-5%-დან 2030 წლისთვის შესაძლოა 3.5%-მდე შემცირდეს, ხოლო 2050 წლამდე ზრდა 1.9% იყოს. დოკუმენტში შეჯამებულია ის პრიორიტეტები, რაც საქართველომ შესაძლოა აირჩიოს იმისთვის, რომ მომავალშიც გაზარდოს თავისი პოტენციალი: მიმდინარე სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნის ხელშეწყობა; პროდუქტიულობის ამაღლება დარგებისა და ფირმების დონეზე; ინფრასტრუქტურის, კავშირებისა და საგარეო ვაჭრობის გაფართოება; ადამიანური რესურსების განვითარება და უკეთ გამოყენება.

„ფორბსი“ შეეცადა, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორისგან სამხრეთ კავკასიაში – სებასტიან მოლინეუსისგან მოესმინა პასუხი მთავარ კითხვაზე: რა სჭირდება საქართველოს ეკონომიკური წარმატებისთვის და რა გამოწვევების გადალახვა მოუწევს ქვეყანას პროგრესის მისაღწევად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში?

დიდი მადლობა, ბატონო სებასტიან. დავიწყოთ იმ მთავარი გზავნილებით, რაც თავმოყრილია ამ ანგარიშში.

პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. ვფიქრობ, მთავარი გზავნილი თავად ის გასაოცარი გზაა, რაც საქართველომ ბოლო 10 წლის მანძილზე გაიარა. მიმოხილვა აჩვენებს, რომ საქართველომ სერიოზული სტრუქტურული ტრანსფორმაცია განიცადა – მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ამ 10 წლის განმავლობაში – 2019 წლამდე, სანამ კოვიდი დაიწყებოდა – 5.2%–ით არის გაზრდილი. ეს არის მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ევროპისა და ცენტრალური აზიის მთელ რეგიონში. ამავე 10–წლიან პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.5–8%–ით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით, საქართველო ლიდერი ქვეყანაა. ამის შედეგს კი სიღარიბის დონის შემცირებაზე ვხედავთ – სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 40–იდან 20%–მდე შემცირდა. შემდეგ კოვიდპანდემია იყო, რომელმაც ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა პანდემიის შემდეგ რთული, მაგრამ სწორი ნაბიჯების გამო, ზრდის ტრაექტორიას დავუბრუნდით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ბოლო ორი წლის განმავლობაში. დიახ, ეს ზრდა ნაწილობრივ გარე ფაქტორებით არის განპირობებული, მაგრამ არა – სრულად, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.

თუმცა, ეკონომიკური ზრდის ისტორია სწორედ ახლა რთულდება – უფრო კომპლექსური ხდება. ბევრი რეფორმაა ახლა გასატარებელი იმისთვის, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე რეფორმა შეიძლება ჩავთვალოთ პრიორიტეტულად: განათლება და უნარები; კომპანიების პროდუქტიულობა უნდა გაიზარდოს; ადგილობრივი დანაზოგების მოცულობა უნდა გაიზარდოს როგორც ქვეყნის, ეკონომიკის მასშტაბით, ისე ოჯახების დონეზეც; სივრცითი ტრანსფორმაციაც დაუსრულებელია – რეგიონებს მეტი განვითარება სჭირდება, უთანასწორობის მაღალი მაჩვენებელია. ამდენად, ეს ის რეფორმებია, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გატარდეს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ განაგრძოს ზრდა და მომდევნო ათი წლის თავზე უკვე იყოს მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა.

დიდი აქცენტი ამ ანგარიშში დასმულია დაკავშირებადობაზე – რა სახის კავშირებია საჭირო, ეს ერთი და მეორე – დღეს არსებულმა შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა რეალობამ რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ მიზნების დაჩქარების პროცესში და რა შემთხვევაში?

ძალიან კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ საქართველო მდებარეობს სრულიად გამორჩეულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე, რომელსაც კვეთს როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის, ისე ჩრდილო–სამხრეთის სავაჭრო მარშრუტები. ასევე თვითონ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც დიდი შესაძლებლობებია და საქართველო ყოველთვის იყო ამ გზაჯვარედინზე. თუმცა ინვესტირებაა საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – როგორც ფიზიკური, ისე არაფიზიკური ინფრასტრუქტურის, – რომ საქართველომ გაზრდილი სარგებელი ნახოს თავისი მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობისგან. მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია – ამის მაგალითია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი და მსოფლიო ბანკი ამ პროექტის ერთ–ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს მაგისტრალის როგორც დასავლეთის, ახლა უკვე აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებასაც; თუმცა მეტის გაკეთება შეიძლება საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, რკინიგზის განვითარების თვალსაზრისით. ვხედავ თურქეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, რომლებიც მასშტაბურ ინვესტიციებს დებენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამართვაში, ვფიქრობ, საქართველოც უნდა დაეწიოს ამ ქვეყნებს. ეს რაც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურას.

ახლა რაც შეეხება არაფიზიკურ ინფრასტრუქტურას – ვფიქრობ, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ლოგისტიკის გაუმჯობესებას – რომ კონტეინერმა, რომელიც ჩინეთიდან დაიძვრება, შეძლოს რამდენიმე საზღვრის გადაკვეთა და შუა დერეფანი რეალურად მიმზიდველ ალტერნატივად აქციოს. მეორე – საქართველოს ექსპორტი, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ დიდია, თუმცა ამ ექსპორტში მცირეა იმ პროდუქციის წილი, რაც საქართველოში იწარმოება – ამის მაგალითია ავტომობილები, რომლებიც იმპორტირებულია საქართველოში და შემდეგ ქვეყანა მათ ექსპორტზე უშვებს სომხეთში, აზერბაიჯანში ან ცენტრალურ აზიაში – და კიდევ ერთხელ, ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მე მირჩევნია, საქართველოში არსებულმა კომპანიებმა მეტი აწარმოონ ადგილობრივად და ექსპორტზე საკუთარი წარმოების პროდუქცია და საქონელი გაიტანონ. ვფიქრობ, ამის პოტენციალი საქართველოს აქვს და ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის ესეც დიდი შესაძლებლობაა.

აქ მილიონდოლარიანი კითხვაა – როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, რა ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს, პრაქტიკაში რა ტიპის ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რა უნდა იყოს სახელმწიფოს როლი – მაგალითად, თქვენ ახსენეთ, რომ 30 წელიწადში საქართველო სოფლის მეურნეობიდან სერვისების ეკონომიკაზე გადავიდა და რომ ეს კარგია, მეც გეთანხმებით – მაგრამ დღევანდელი პოლიტიკაც შევაფასოთ – იგივე სუბსიდირების პოლიტიკა, რომლის ნაწილზეც თავად კერძო სექტორი ამბობს, რომ საქმეს აფუჭებს; ან სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დასაქმების პროგრამა, რომელიც ბუნდოვანია, გრძელ ვადაში რა მიზანს ემსახურება – ისე ხომ არ გამოდის, რომ სახელმწიფო, მისი ბიუჯეტი საქართველოში ნელ–ნელა კერძო სექტორის, ინვესტორის მთავარი კონკურენტი ხდება და თუ ეს ასეა, ასეთ გარემოში რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ არა მხოლოდ უცხოელ, ადგილობრივ ინვესტორებსაც?

ჩემი არგუმენტი აქ ის იქნება, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა. ამასთან, ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კერძო სექტორი უნდა იყოს. ეს ცალსახაა. ამდენად, სახელმწიფოს აქვს როლი, მაგრამ მისი როლი, ჩემი აზრით, გარემოს შემქმნელის როლია, მხარდამჭერის როლია, რომ ეკონომიკაში მოიზიდოს და ჩართოს კერძო სექტორი. მისი როლია, გამართოს საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემო; ხელი შეუწყოს თავისუფალ კონკურენციას ყველა საკვანძო სექტორში; გაატაროს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა იმისთვის, რომ არ ჰქონდეს ისეთი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც ბლოკავენ ეკონომიკური განვითარების დინამიკას ზოგიერთ სექტორში; ჰქონდეს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც კომპანიებს ზრდაში დაეხმარება და პირიქით, ხელს არ შეუშლის მათ. მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და გამართული სასამართლო სისტემა – ეს ყველაფერი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რომელიც საქონლის ერთი ბოლოდან მეორეში მისვლას უზრუნველყოფს, არსებითია ინვესტორებისთვის. ყველა ამ სფეროში მე ვხედავ სახელმწიფოს როლს. თუმცა, კიდევ ერთხელ, მისი როლი უნდა იყოს მხარდამჭერისა და გარემოს შემქმნელის, რომ კერძო სექტორმა გაზარდოს ეკონომიკა და ამასთან, კერძო სექტორიც მზად უნდა იყოს, რომ ეს მისია იტვირთოს და უფრო მეტად გამოამჟღავნოს ის ანტრეპრენიორული სულისკვეთება, რომელიც ვიცი, რომ არსებობს საქართველოში. აქამდეც ასე იყო და მომავალშიც მგონია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კერძო სექტორი იქნება.

გისმენდით და ასეთი კითხვა მაქვს – რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან წამოსული გზავნილები, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა – აი, მაგალითად რომ ავიღოთ ანაკლიის პორტი – მთავრობა ამბობს, გადასახადების გადამხდელების ფულით ავაშენებ პორტს, რომელზეც ადრე ამბობდა, რომ კომერციული მიმზიდველობა არ ჰქონდა და ამიტომაც ვერ აშენდა. რა ანტრეპრენიორული სული თუ დამოკიდებულება უნდა გაუჩნდეს ამ ყველაფრის შემდეგ ინვესტორს ამ პროექტის მიმართ?

აქ მინდა გავიხსენო ინვესტორთა გამოკითხვა, რომელსაც მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები რეგულარულად ატარებენ. ინტერვიუები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და აჩვენებს, რა არის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები ინვესტორებისთვის. საქართველოს შემთხვევაში, პირველი, რასაც ასახელებენ, ეს კანონის უზენაესობაა – აქაც სახელმწიფოს აქვს თავისი როლი და მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რაც ინვესტორებს ამ კუთხით ესმით. მეორე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია – ეს ძლიერი ინფრასტრუქტურაა: საქართველოში ამ მხრივ ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა დაუსრულებელია და ეს გასაგებია, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან რთული და ძვირია. საქართველოს აქვს ფოთის პორტიც, რომელიც მოქმედია – დაბოლოს, და ბოდიში რომ ამას ვიმეორებ, მაგრამ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია უნარიანი მუშახელი. ინვესტორების უმრავლესობას არა აქვს წვდომა პროფესიონალ სამუშაო ძალაზე და ესეც აჩერებს ინვესტორებს, რომ შემოვიდნენ საქართველოში და ის სარგებელი მიიღონ, რასაც ელოდებიან ამ ქვეყანაში ინვესტირების შედეგად. რაც შეეხება ინდივიდუალურ პროექტებს, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს.

დიახ, მესმის, რომ ინდივიდუალურ პროექტზე კომენტარს არ გააკეთებთ. ეს გასაგებია. ანაკლიაც რეალურად მხოლოდ ერთი მაგალითია, ბევრი სისტემური ინვესტიციის მოყვანა შეიძლება როგორც მთავრობის შეცვლილი რიტორიკის, ისე პრობლემური პროექტების მაგალითად.

აქ იმის თქმაც მინდა და ესეც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას აქვს სტრატეგიული ხედვა, როდესაც საქმე ეხება ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიების, საკვანძო შესაძლებლობების განვითარებას – ჩვენც აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, განსაკუთრებით შარშანდლიდან მოყოლებული, რომ მთავრობას ჰქონდეს მკაფიო სტრატეგიები – ხედვა 2030 გამოქვეყნდა, ასევე სექტორული სტრატეგიები – ჩვენც ვიყავით ამ ყველაფერში ჩართული. მე მჯერა, რომ ეს ჯანსაღი სტრატეგიებია, რომლებიც საქართველოს წინ წასწევს.

მადლობას გიხდით საქართველოს მხარდაჭერისთვის – ასევე შედარებით ახალი, ადამიანური კაპიტალის პროგრამითაც – ეს მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანია შრომით ბაზარზე იმ ღიობების ამოსავსებად, რაზეც მე და თქვენ უკვე ვისაუბრეთ. რადგან კონკრეტული მაგალითებით დავიწყე – ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მზად არის, რეალურად დაუჭიროს მხარი შავი ზღვის კაბელის პროექტს. ოლივერ ვარჰეიმ კონკრეტული რიცხვიც დაასახელა – 2 მილიარდ 300 მილიონი. რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ მზად დახვდეს ასეთი ტიპის შესაძლებლობებს?

ამ პროექტს ძალიან ვგულშემატკივრობ. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკს მოგვმართა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვიქნებით ერთ–ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს მთავრობასთან და უზრუნველყოფს იმას, რომ ეს დიდი ტრანსფორმაციული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. რატომ არის ეს პროექტი ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? ის დაეხმარება საქართველოს, გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და ენერგოუსაფრთხო ქვეყანა, რადგან საქართველო ჯერ კიდევ ეწევა ელექტროენერგიის იმპორტს რუსეთიდან. საქართველოში ელექტროენერგიის მიღება შესაძლებელია განახლებადი ენერგიების – მათ შორის, ჰიდრო (დიდი და მცირე), ასევე ქარისა და მზის ენერგოწყაროებიდან. თუმცა ეს პროექტი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, სადაც ქარის დიდი პოტენციალია, სომხეთთან, სადაც მზის დიდი პოტენციალია და შემდგომ საქართველომ შექმნას რეგიონული ენერგოჰაბი, დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა და ექსპორტზე გაიტანოს სუფთა, მწვანე ენერგია ევროპაში, სადაც დღეს ენერგიის შიმშილია. ეს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური შესაძლებლობა იქნება. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს პროექტი, რომელზეც მე და თქვენ ვსაუბრობთ, ერთ–ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური პროექტი იქნება – წარმოიდგინეთ, ყველაზე გრძელი ზღვისქვეშა კაბელი უნდა გაიჭიმოს – 1100 კმ სიგრძის კაბელი. შავი ზღვა ერთ–ერთი ყველაზე ღრმა ზღვაა – ანუ 2 კმ სიღრმეზე უნდა იყოს ეს კაბელი – ასეთი გრძელი კაბელის ასე ღრმად გაჭიმვა ურთულესი ამოცანაა. ამიტომ სწორად უნდა გავთვალოთ, ტექნიკურად და ეკონომიკურად რამდენად სიცოცხლისუნარიანი და პრაქტიკულად განხორციელებადია ეს პროექტი, რომ რეალურად სარგებლის მომტანი იყოს საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი მოსახლეობისთვის. ამასთან, დაგვჭირდება მმართველობისა და დაფინანსების სწორი ფორმების ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ეს პროექტი არ გადაიქცეს ვალის ტვირთად საქართველოსთვის, არამედ დაეხმაროს მას მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში. მსოფლიო ბანკი ახლა წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ჩართულია ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების კვლევაში და მზად არის ყველა პარტნიორთან თანამშრომლობისთვის – რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ერთად, რომ ეს პროექტი იქცეს რეალობად.

სტრუქტურული ტრანსფორმაციაა ჩვენი საუბრის მთავარი თემა. ამ ნაწილში რა როლს ანიჭებთ 12 წინაპირობას, რომლებიც ევროკავშირმა წარუდგინა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, და როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოს მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს თუ არა ვადების დაცვით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება?

მიმაჩნია, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება და, მომავალში, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობაა. და აქვე ამასაც ვიტყვი – ეს შესაძლებლობაა ევროპისთვისაც. მჯერა მრავალფეროვნების, მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია, ბევრი რამ შემატოს ევროპას თავისი ხალხით, თავისი კულტურით, ანტრეპრენიორული და ინოვაციური სულისკვეთებით. მე გერმანელი ვარ და პირადად მე ძალიან მინდა, საქართველო ევროკავშირში ვიხილო. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ევროკავშირთან ჰარმონიზების ნაწილში საქართველოს უკვე აქვს ბევრი რეფორმა გატარებული – კანონებისა და რეგულაციების 98% დაახლოებულია ევროკავშირთან ან საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა აღსრულების ნაწილში მეტი სამუშაო რჩება. ესეც საკმაოდ ნორმალურია, თუმცა საჭიროებს მუდმივ ყურადღებას და აქცენტირებას. როგორც ვთქვი, ახლა იწყება რთული საქმე. ევროკავშირის წევრობას მოაქვს გარკვეული სარგებელი – ბაზრის გახსნა, სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება – მაგრამ ამავდროულად, თან ახლავს პასუხისმგებლობებიც – კომპანიებმა უნდა მიაღწიონ ევროპულ სტანდარტებს, რაც გაუძვირებს მათ ბიზნესის წარმოებას, მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ კონკურენტულობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად – ამდენად, კომპანიებს მოუწევთ ევროკავშირის სტანდარტებამდე განვითარება და მზადყოფნა, რომ შესაძლოა ევროპიდან საქართველოს ბაზარზე სხვა კომპანიებიც თავისუფლად შემოვიდნენ.

4–5%–იანი წლიური ეკონომიკური ზრდა – რაც ორგანულია არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში საქართველოსთვის, როცა გარე ფაქტორები შეწყვეტს დღეს არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დახმარებას და რასაც აჩვენებს ყველა პროგნოზი – რამდენად იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ის გეგმები შესრულდეს, რაც მე და თქვენ დავსახეთ ამ მოკლე ინტერვიუში – უფრო უნარიანი, უფრო კონკურენტული და გარე სამყაროსთან უკეთ დაკავშირებული საქართველოსთვის?

დავუბრუნდები იმ პირველ შეკითხვას, რომელიც დამისვით. საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ბოლო 10 წლის განმავლობაში 5.2%–ით გაიზარდა. ეს ძალიან, ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.2–4.5% იქნება მომავალ წელს და მინდა გაითვალისწინოთ, რომ ეს შედეგი მოსალოდნელია უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე – შესაძლო რეცესია ევროკავშირში, მიმდინარე ომი უკრაინაში, რაც საქართველოსთან სულ ახლოსაა, სანქციების რეჟიმი რუსეთზე და ეკონომიკა, რომელიც მცირდება, მაშინ როცა რუსეთი ისევ არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ვალის გლობალური დონე, რომელიც მზარდია, გლობალური ღირებულებითი ჯაჭვები, რომლებიც იცვლის კონფიგურაციას, კლიმატის ცვლილება, რომელიც ახდენს გავლენას, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე და სხვა სექტორებზე, შრომის შეცვლილი ბუნება, რაც მოაქვს გაციფრულების მაღალ დონეს – ეს ყველაფერი ზრდის გაურკვევლობას და საქართველო, რომელიც ამ მოცემულობაში ახერხებს, რომ 4–5%–თან ახლოსაც კი გაიზარდოს, ძალიან შთამბეჭდავია და მჯერა, რომ ამან შეიძლება მიგვიყვანოს უფრო უნარიან, უფრო კონკურენტულ და გარე სამყაროსთან უკეთ დაკავშირებულ საქართველომდე.

დიდი მადლობა ამ ოპტიმიზმისთვის, ბატონო სებასტიან. თქვენთან საუბარი დაუსრულებლად შემიძლია, მაგრამ მეტ დროს აღარ წაგართმევთ და დღეს ამ ნოტზე დავასრულოთ ინტერვიუ.

მადლობა ამ ინტერვიუსთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *