სახელმწიფო სახელმწიფოში – ასე შეიძლება აღვწეროთ საქართველოს მთავრობის ის ნაწილი, რომელიც სხვა ყველასთან შედარებით ნაკლები კონტროლისა და ყურადღების ქვეშაა. საუბარია ათობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა საკუთრებასაც უმსხვილესი სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენენ.
ყველაზე საყურადღებოა ის გარემოება, რომ სახელმწიფო კომპანიების სექტორი წლიდან წლამდე სოლიდურ ზარალს განიცდის. 2015 – 2020 წლებში სახელმწიფო კომპანიები ყოველწლიურად ზარალზე იყვნენ, მათ შორის ყველაზე დიდი, 1.1-მილიარდიანი ზარალი პანდემიურ წელს დაფიქსირდა. 2021-ში კი მდგომარეობა შეიცვალა და ზარალის ნაცვლად ჯამში 537 მილიონის წმინდა მოგება დაფიქსირდა.
სახელმწიფო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი კონსოლიდირებული შემოსავალი 2021 წელს საპარტნიორო ფონდს ჰქონდა, რაც 1.96 მილიარდ ლარს შეადგენდა. თუმცა ეს თანხა, თავის მხრივ, რკინიგზისა და ნავთობის და გაზის კორპორაციის შემოსავლებს შეადგენდა, რადგანაც ნომინალურად ეს კომპანიები სწორედ ფონდის მფლობელობაშია.
სახელმწიფო კომპანიებში სულ 59 ათასი ადამიანი არის დასაქმებული, მათგან ყველაზე მეტი – 12 ათასი ადამიანი საქართველოს რკინიგზაში მუშაობს. საჯარო სექტორისგან განსხვავებით, სახელმწიფო კომპანიებში დასაქმების პოლიტიკა ნაკლები რეგულირების ქვეშაა, შესაბამისად, დირექტორებსა და მენეჯერებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი შეხედულებისამებრ აიყვანონ ესა თუ ის პირები მაღალანაზღაურებად პოზიციებზე სამუშაოდ.
2023 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გაფართოებას გეგმავს. კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა საქართველოს რკინიგზაში, გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და აეროპორტების გაერთიანებაში კორპორაციული მართვის ახალი სტანდარტები უნდა დაწესდეს. სახელმწიფო კომპანიების რეფორმა ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF), რომელიც წლების განმავლობაში მოუწოდებდა საქართველოს ამ რეფორმის გატარებისკენ. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ სახელმწიფო კომპანიებს აღებული აქვთ ასობით მილიონი დოლარის მოცულობის სესხები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ამ კომპანიებს არ ექნათ ვალების გასტუმრების დამოუკიდებელი რესურსი, მაშინ აღნიშნული სესხების მომსახურება ცენტრალურ ბიუჯეტს მოუწევს.
სახელმწიფო კომპანიების შემოსავლები 2021 წელს
სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგება 2021 წელს (ტოპ-10)
სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებენ
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი