გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. ვირჯინიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს ფერმენტი, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს. ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აივ-ინფექციისგან, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. ჩინელმა მეცნიერებმა კი თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას ეფექტიანად შეძლეს პიგმენტოზური რეტინიტის, მხედველობის დაკარგვის წამყვანი მიზეზის მკურნალობა. ამასთანავე, Pfizer-მა კიბოს საწინააღმდეგო წამლის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია Seagen-ის შესაძენად $43-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა. სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც – Axiom Space-მა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis-ის მთვარის პროგრამისთვის ასტრონავტების სკაფანდრების პროტოტიპი წარადგინა.

გამოავლინეს ფერმენტი, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

აშშ-ში მდებარე ვირჯინიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს ფერმენტი, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული ფერმენტი სხვა კუთხით აქამდეც კარგად იყო შესწავლილი, რამაც შესაძლოა, უფრო მალე მიგვიყვანოს დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის შექმნასთან.

დაბერების საწინააღმდეგო ფერმენტი მკვლევრებმა მიკროსკოპული ჭიების, სახელწოდებით Caenorhabditis elegans-ის შესწავლის მეშვეობით გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ნიადაგში მცხოვრებ ამ არსებების გენებსა და ჩვენს გენებს 70% აქვთ საერთო, რაც მათ მსგავსი კუთხით კვლევებისთვის შესანიშნავ კანდიდატებად აქცევს. უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ ჭიებზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული ორი აღმოჩენისთვის მედიცინის დარგში ნობელის პრემია გაიცა.

ჭიებზე დაკვირვებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაბერების საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელსაც ისინი AMAR-ს უწოდებენ – ალკოჰოლისა და ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის შუამავლური, დაბერების საწინააღმდეგო რეაქციის მექანიზმს. ეს უკანასკნელი სპეციფიკური გენის გააქტიურებით მუშაობს, რომელსაც adh-1 ეწოდება. ამ პროცესის მეშვეობით გენმა შეძლო მეტი ალკოჰოლის დეჰიდროგენაზას (ფერმენტის) გამომუშავება, რითაც გამოდევნა სხეულის ცხიმის ტოქსიკური ქვეპროდუქტები, კერძოდ, გლიცეროლი და გლიცერალდეჰიდი. ეს ქვეპროდუქტები დროთა განმავლობაში ასაკის მატებასთან ერთად გროვდება, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გართულებებს წარმოქმნის.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის შემდეგ ჭიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ზე მეტით გაიზარდა და ისინი ჯანმრთელობითაც გამოირჩეოდნენ. მიგნების დასადასტურებლად, მეცნიერებმა AMAR-მექანიზმი სხვა ლაბორატორიულ მოდელზე, მათ შორის საფუარის სოკოზეც გამოცადეს. ამ ერთუჯრედიან მიკროორგანიზმს ადამიანების მსგავსი გენეტიკური შემადგენლობა აქვს. აღმოჩნდა, რომ მკვლევრები ამ ექსპერიმენტმაც მსგავს შედეგამდე მიიყვანა.

აივ-ინფექციისგან, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქალი, რომელსაც კონფიდენციალურობის დასაცავად „ნიუ-იორკის პაციენტის“ სახელით მოიხსენიებენ, ლეიკემიის სამკურნალოდ ჭიპლარის სისხლიდან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, სავარაუდოდ, აივ-ინფექციისგან განიკურნა. ამის შესახებ მკვლევრები Cell-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერენ.

როგორც ცნობილია, პაციენტი HIV-ის გარეშე 2017 წლიდან ცხოვრობს და ვირუსის საწინააღმდეგო თერაპიას აღარ მიმართავს. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გადაჭრით რაიმეს თქმისგან თავს იკავებენ და შემთხვევას, როგორც გრძელვადიან რემისიას, ისე აღწერენ.

აღსანიშნავია, რომ დღემდე აივ-ინფექციისგან მთლიანად სულ სამი ადამიანის განკურნება დადასტურდა. მოსალოდნელია, რომ ამ ჯგუფს „ნიუ-იორკის პაციენტიც” შეუერთდება. ხაზგასასმელია, რომ თითოეულმა განკურნებულმა ვირუსი მას შემდეგ დაამარცხა, რაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაიტარა HIV-ის მიმართ ბუნებრივად რეზისტენტული დონორებისგან.

UNAIDS-ის მონაცემებით, აივ-ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე შიდსთან დაკავშირებული დაავადებებით 40 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით კი, 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 38.4 მილიონი ადამიანი იყო ვირუსით ინფიცირებული. 1.5 მილიონი HIV-ით ამავე წელს დაინფიცირდა, დაახლოებით 650,000 ადამიანი კი შიდსთან დაკავშირებული დაავადებებით გარდაიცვალა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი ადამიანი, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა, ტიმოთი რეი ბრაუნია. მას მკვლევრები 2009 წელს გამოქვეყნებულ დასკვნებში „ბერლინის პაციენტის“ სახელით მოიხსენიებენ.

Axiom Space-მა Artemis-ის მთვარის პროგრამისთვის ასტრონავტების სკაფანდრების პროტოტიპი წარადგინა

კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია Axiom Space-მა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis-ის მთვარის პროგრამისთვის ასტრონავტების სკაფანდრების პროტოტიპი წარადგინა.

„ჩვენ ვაგრძელებთ NASA-ს მემკვიდრეობას მოწინავე კოსმოსური კოსტიუმის შექმნით, რომელიც ასტრონავტებს საშუალებას მისცემს, მთვარეზე უსაფრთხოდ და შედეგიანად იმუშაონ“, – განაცხადა მაიკ სუფრედინიმ, Axiom Space-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, 2022 წელს, NASA-მ Axiom-ს 228.5 მილიონი აშშ დოლარის შეკვეთა მისცა $1.26-მილიარდიანი კონტრაქტის ფარგლებში, რომლის მიზანიც „არტემისის“ მისიებისთვის შემდეგი თაობის სკაფანდრების შექმნაა. კომპანიამ NASA-ში მომუშავე სპეციალისტების მიერ დამზადებული xEMU-ის გამოყენებით, ახალი Axiom Extravehicular Mobility Unit-ის (AxEMU) სახელწოდებით ცნობილი სკაფანდრი შექმნეს, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს, ასევე უკეთეს დაცვას მკაცრი გარემოსგან და მფლობელს აძლევს წვდომას სპეციალიზებულ ინსტრუმენტებზე, რომელიც საძიებო საჭიროებებისა და სამეცნიერო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი.

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, AxEMU ასტრონავტებს „მთვარის ზედაპირის იმაზე უკეთ შესწავლის საშუალებას მისცემს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი“, – ნათქვამია Axiom-ის აღწერაში.

Axiom-ის მიერ შექმნილ სკაფანდრებს, რომლებსაც NASA-ს ასტრონავტები მთვარეზე გამოიყენებენ, თეთრი გარე ფენა ექნება. ის სითბოს აირეკლავს და მფლობელს ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურისგან დაიცავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროტოტიპს Axiom-ის ლოგო ამშვენებდა და კომპანიის ბრენდის ლურჯ, შავ და ნარინჯისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი.

Axiom-ი სკაფანდრის შესაქმნელად ესთერ მარკიზთან თანამშრომლობდა, Apple TV+-ის სატელევიზიო სერიების “For All Mankind” კოსტიუმების დიზაინერთან. გარდა ამისა, კომპანიის პარტნიორები იყვნენ ინდუსტრიის ექსპერტთა გუნდები, მათ შორის: KBR, Air-Lock-ი, Arrow Science and Technology, David Clark Company, Paragon Space Development Corporation-ი, Sophic Synergistics-ი და A-P-T Research-ი.

ცნობისთვის, Artemis III-ის ისტორიული მისიის გაშვება, რომლის ფარგლებში ადამიანის მთვარეზე დაბრუნება მოხდება, ბოლო ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ მისიის ფარგლებში NASA დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე პირველ ქალს დასვამს.

მეცნიერებმა გენის რედაქტირების ახალი ტექნიკის გამოყენებით თაგვებს მხედველობა აღუდგინეს

Eurekalert-ში გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჩინელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას ეფექტიანად შეძლეს პიგმენტოზური რეტინიტის, მხედველობის დაკარგვის წამყვანი მიზეზის მკურნალობა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკვლევართა მიერ Journal of Experimental Medicine-ში დაბეჭდილ ნაშრომშია მოცემული.

მეცნიერების ჯგუფმა მღრღნელებში პიგმენტოზური რეტინიტის სამკურნალოდ CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი მეთოდი გამოიყენა, რომელიც განსაკუთრებულად ადაპტირებადია და პოტენციურად შეუძლია გამოასწოროს მრავალი გენეტიკური მუტაცია, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე.

უფრო კონკრეტულად კი, სპეციალისტებმა გამოიყენეს გენის რედაქტირება, რათა აღედგინათ მხედველობა თაგვებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გენეტიკური დარღვევები, როგორიცაა ლებერის თანდაყოლილი ამავროზი. ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს ბადურას პიგმენტურ ეპითელიუმზე, თვალის არანეირონული უჯრედის შრეზე, რომელიც სინათლის მგრძნობელობის ღეროსა და კონუსის ფოტორეცეპტორული უჯრედების გამართულ მუშაობას განაპირობებს.

როგორც ცნობილია, პიგმენტური რეტინიტი მსოფლიოში 4000-დან ერთ ადამიანს აწუხებს და შეიძლება გამოწვეული იყოს 100-ზე მეტი სხვადასხვა გენის მუტაციით. ეს მდგომარეობა პირველ რიგში გავლენას ახდენს უჯრედებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მკრთალი სინათლის შეგრძნებაზე. დარღვევა იწვევს მათ დისფუნქციასა და სიკვდილს. შემდგომში, მას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს ფერადი ხედვისთვის საჭირო კონუსურ უჯრედებზე, რაც საბოლოოდ მხედველობის შეუქცევად დაკარგვას იწვევს.

მკვლევართა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა პიგმენტური რეტინიტის გამომწვევი გენის მუტაციაზე, რომელიც პასუხისმგებელია კრიტიკული ფერმენტის PDE6β კოდირებაზე. ახალი, PESpRY სისტემის გამოყენებით, გუნდმა მუტაციის ეფექტიანად გამოსწორება და ფერმენტის აქტივობის აღდგენა შეძლო. ამ ჩარევამ თავიდან აიცილა ფოტორეცეპტორული უჯრედების გადაგვარება და აღადგინა მათი ელექტრული რეაქციები სინათლეზე.

მკვლევრებმა ნამკურნალებ თაგვებს სხვადასხვა ქცევითი ტესტები ჩაუტარეს, რომლებმაც აჩვენა, რომ ცხოველებმა კარგად შეინარჩუნეს მხედველობა ხანდაზმულ ასაკამდე. მაგალითად, მათ შეძლეს ნავიგაცია წყლის ლაბირინთში ვიზუალურ მინიშნებებზე დაყრდნობით.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანებში PESpRY სისტემის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად დამატებითი კვლევებია საჭირო.

Pfizer-მა კიბოს წამლის მწარმოებელი კომპანია $43 მილიარდად შეიძინა

Pfizer-მა კიბოს საწინააღმდეგო წამლის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია Seagen-ის შესაძენად $43-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა. COVID-19-ის ვაქცინების გაყიდვების შემცირებასთან ერთად, ბიოტექნოლოგიური გიგანტი ამჟამად უკვე კიბოს თერაპიის მიმართულებით განვითარებასა და მედიკამენტების წამყვანი მწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს.

ვაშინგტონში დაფუძნებული Seagen-ი ბოლო პერიოდში Pfizer-ის უმსხვილესი შენაძენია. Seagen-ი იმუნური მედიკამენტების შენაერთების პიონერია, რომელიც კიბოს გასანადგურებლად შექმნილი „მართვადი რაკეტების“ პრინციპით მუშაობს და არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის ონკოლოგიური პორტფოლიო უკვე 24 დამტკიცებულ თერაპიას აერთიანებს, მათ შორის შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სამკურნალო განკუთვნილი მედიკამენტები.

გასულ ორშაბათს Seagen-ის აქციების სავაჭრო ფასი $200.93-ს უტოლდებოდა, რაც გაცილებით დაბალია Pfizer-ის $229-იან შემოთავაზებაზე. აქციების დაბალი ფასი სავარაუდოდ ინვესტორთა გაურკვევლობის შედეგია, რაც ანტიმონოპოლიურ საკითხთან დაკავშირებულ გახანგრძლივებულ გადახედვის პროცესს უკავშირდება. გარიგების მოცულობიდან გამომდინარე, ანტიმონოპოლიური მარეგულირებლები დიდი ალბათობით ზედმიწევნით შეისწავლიან საკითხს, თუმცა Pfizer-ი მიიჩნევს, რომ ტრანზაქცია 2023 წლის ბოლოს, ან 2024 წლის დასაწყისში საბოლოოდ დასრულდება.

COVID-ვაქცინების გაყიდვების შემცირებისა და პატენტების ვადის ამოწურვის გამო, Pfizer-ი 2030 წლამდე დაახლოებით $17 მილიარდის დაკარგვას პროგნოზირებს. BioNTech-თან თანამშრომლობით შექმნილმა COVID-ის ვაქცინამ, პრეპარატ Paxlovid-თან ერთად, Pfizer-ს 2022 წლისთვის $90 მილიარდის გაყიდვები მოუტანა.

Seagen-ისა და სხვა შენაძენებით კი 2030 წლისთვის Pfizer-ის კომბინირებულმა გაყიდვებმა შესაძლოა $20 მილიარდ დოლარზე მეტს მიაღწიოს. ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა გიგანტმა $5.4 მილიარდად Global Blood Therapeutics-ი, ხოლო $11.6 მილიარდად შაკიკის სამკურნალო წამლების მწარმოებელი Biohaven Pharmaceutical Holding-ი შეიძინა.