ქართული სატვირთო ავიაციის პერსპექტივა

ქართული სატვირთო ავიაციის პერსპექტივა

გაიცანით ჩვენი ავიაბაზრის ახალი მოთამაშე, $10 მილიონის ინვესტიციით ფრთაშესხმული Gryphon AIR CARGO, რომელიც ქართულ ექსპორტს მსოფლიოს აათვისებინებს.

სატვირთო ავიაციის განვითარება საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, მსოფლიო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს როგორც ლოგისტიკურმა ჰაბმა. საქართველო ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, ახლო აღმოსავლეთს, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებს. ახალი პერსპექტივა საბოლოოდ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ გაამყარა. დოკუმენტი საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, ევროპის ბაზარი დაუბრკოლებლად აითვისონ.

Gryphon AIR CARGO-ს დამფუძნებლებმა სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და 2022 წელს, 10 მილიონი დოლარის პირველადი ინვესტიციით, კომპანიას ფრთები შეასხეს. პროექტში მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი „ბაზისბანკსაც” მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ კომპანიის უკლებლივ ყველა მეწილე საქართველოს მოქალაქეა.

„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველოს ავიაუსაფრთხოების კანონმდებლობა ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდა. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ავიაკომპანიებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს ეს შესაძლებლობა. მათთან შედარებით კი საქართველოს ადგილმდებარეობა უპირატესია. ეს ქვეყანა გეოგრაფიულად აერთიანებს ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ აზიას, ანუ ინდოეთსა და პაკისტანს, ასევე ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპას. სწორედ ამის გამო, როდესაც სხვადასხვა ავიაკომპანიასთან თვითმფრინავის შეძენაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მათგანაც იგრძნობოდა ინტერესი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთთან ბევრი რეგიონი დააკავშიროს და აუცილებელია, აქ მსხვილი ავიამზიდი ოპერირებდეს“. ამბობს Gryphon AIR CARGO-ს დირექტორი, გიორგი მარი.

Gryphon AIR CARGO-მ პირველ ეტაპზე ერთი თვითმფრინავი შეიძინა ბრიტანული კომპანია World Star Aviation-ისგან. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მისი ტვირთამწეობა და ფრენის მანძილი რეგიონული გადაზიდვებისათვის იდეალურია.

„თვითმფრინავის შერჩევისა და შემოწმების პროცესი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა, – განმარტავს გიორგი მარი. – გადავწყვიტეთ, პირველი თვითმფრინავი, ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების ნაცვლად, გვეყიდა, რათა სერტიფიცირებისა და ლიცენზირების პროცესი დაგვეჩქარებინა“.

ლიცენზიის მიღების შემდეგ Gryphon AIR CARGO გაფართოებას მალევე გეგმავს და დამატებით ორი თვითმფრინავის ლიზინგით აღებას აპირებს. აგრეთვე, სამომავლო გეგმებშია სასაწყობო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური მიმართულების განვითარებაც.

„იმისათვის, რომ საქართველო მართლაც გახდეს ავიაგადაზიდვების ჰაბი, ორი მიმართულების განვითარებაა აუცილებელი – ეს არის სასაწყობო ინფრასტრუქტურა აეროპორტში და მის ირგვლივ, და ტექნიკური მიმართულება, – აცხადებს Gryphon AIR CARGO-ს დირექტორი. – ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს თვითმფრინავის სრული ტექნიკური სერვისის მიღება“. კომპანიაში ამბობენ, რომ „აწარმოე საქართველოში“ ამ მიმართულებით უკვე მუშაობს, თუმცა სურთ, საქმეში საკუთარი წვლილიც შეიტანონ.

საქართველოში სატვირთო ავიაციის განვითარება ეკონომიკის სხვა მიმართულებების წინსვლას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ექსპორტი გაუადვილდებათ მეწარმეებს, რომელთაც საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტები გააქვთ. დღეს მათ საამისოდ სამგზავრო ავიახაზების გამოყენება უწევთ, რაც ტვირთის რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვებს იწვევს. Gryphon AIR CARGO-ს მომსახურება, უპირველესად, სწორედ ასეთი მეწარმეებისთვის იქნება ხელსაყრელი. კომპანია საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს ექსპორტის ასოციაციასა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მწარმოებლებთან. Gryphon AIR CARGO-ში ამბობენ, რომ გადაზიდვებს საწყისიდან საბოლოო წერტილამდე უზრუნველყოფენ გარანტირებული რეისებით, განსაზღვრულ დროს და გამართული ლოგისტიკური სისტემით.

ამ დროისათვის Gryphon AIR CARGO-ს უკვე ოცდაათამდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. თვითმფრინავების დამატებასთან და კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზეც. კომპანიის სამომავლო მიზნების გათვალისწინებით შემუშავებულია სამწლიანი კადრების განვითარების გეგმაც, რომელიც გულისხმობს მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადებას და დასაქმებას.