სუვერენული სიმდიდრის ფონდი (SWF), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ორგანიზაციაა, რომელიც ინვესტიციებს უძრავ და ფინანსურ აქტივებში დებს, მაგალითად როგორიცაა აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ზოგჯერ კი კერძო კაპიტალის ფონდები ან ჰეჯ-ფონდები. ინვესტირების მასშტაბები განუსაზღვრელია და მთელ მსოფლიოს მოიცავს. რაც შეეხება სუვერენული ფონების დაფინანსებას, ისინი ფულად სახსრებს ქვეყნის მიერ ექსპორტიდან ან ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვიდან მიღებული შემოსავლებიდან იღებენ.
ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF), რომელმაც სპორტში, კერძოდ კი გოლფსა და ფეხბურთში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის PIF-ის მართვის ქვეშ არსებული აქტივების საერთო ღირებულება დაახლოებით 600 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. Global SWF-ის მიხედვით, რომელიც სუვერენულ სიმდიდრის ფონდებს აკვირდება, ამის შემდეგ ზემოხსენებული მაჩვენებელი 700 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა საერთაშორისო ყურადღება სპორტში ინვესტიციების გამო მიიპყრო, PIF-მა თავისი გლობალური სტრატეგიული ინვესტიციები გასულ წელს შეამცირა, მათი წილი მართვის ქვეშ არსებულ მთლიან აქტივებში 20-დან 10%-მდე შემცირდა. ხოლო შიდა ინვესტიციებმა წლის ბოლოს მართვის ქვეშ არსებული ინვესტიციების 77% შეადგინა.
PIF-ი, რომელსაც ხშირად „სპორტვოშინგში“ ადანაშაულებენ, წლიურ ანგარიშში თავისი საერთაშორისო ინვესტიციების მიზანს მკაფიოდ აყალიბებს – „სტრატეგიული ურთიერთობებისა და პარტნიორობის დამყარება ინოვაციურ კომპანიებთან, ინვესტიციების სფეროს მენეჯერებთან და გავლენიან ინვესტორებთან, რათა საუდის არაბეთს მიეცეს საშუალება, გააფართოოს თავისი გლობალური მიღწევები და გავლენა“. ამის მიზანი კი, ფონდის განცხადებით, მსოფლიოში საუდის არაბეთის პოზიციის გამყარებაა, როგორც გლობალური ეკონომიკის მომავალი ლიდერის.
მიუხედავად იმისა, რომ სტატიის დიდი ნაწილი, მისი აქტიურობიდან გამომდინარე PIF-ს დავუთმეთ, ის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულებით სუვერენული სიმდიდრის უმსხვილეს ფონდებს შორის ხუთეულშიც კი არ არის. აღნიშნული კუთხით მოწინავე პოზიციას ნორვეგიის მთავრობის საპენსიო ფონდი იკავებს. ეს უკანასკნელი, Global SFW-ის მონაცემებით, 1.38 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს. მას მცირედით ჩამორჩება ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია, რომლის დაქვემდებარებაშიც 1.35 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებია.
მიუხედავად იმისა, რომ სიის ლიდერი ევროპული სახელმწიფოა, სუვერენული სიმდიდრის უდიდესი ფონდების უმეტესობა აზიასა და არაბულ სახელმწიფოებშია განლაგებული, ნორვეგია კი შესამჩნევი გამონაკლისია.
ნორვეგიული ფონდის შექმნის მიზანია, მთავრობის შემოსავლები მისი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგებიდან უფრო მდგრადად მიჩნეულ სექტორებში ჩაიდოს. ეს ნორვეგიას სამომავლოდ, მაშინ როდესაც ქვეყანა შემოსავალს წიაღისეული საწვავიდან ვეღარ მიიღებს, ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის მთავრობას ყოველწლიურად შეუძლია გამოიყენოს ფონდის მოცულობის სამი პროცენტი სოციალური მიზნებისთვის – ეს რიცხვი ამჟამად დაახლოებით 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
სუვერენული სიმდიდრის უდიდესი ფონდები მსოფლიოში, მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულების მიხედვით:
ნორვეგიის სამთავრობო საპენსიო ფონდი – $1.375 ტრილიონი
ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია – $1.351 ტრილიონი
SAFE საინვესტიციო კომპანია (ჩინეთის სუვერენული ფონდის ჰონგ-კონგის ფილიალი) – $1.034 ტრილიონი
აბუ-დაბის საინვესტიციო ორგანო – $993 მილიარდი
ქუვეითის საინვესტიციო ორგანო – $801 მილიარდი
GIC Private Limited (სინგაპურის სუვერენული სიმდიდრის ფონდი) – $769 მილიარდი
საჯარო საინვესტიციო ფონდი (საუდის არაბეთი) – $700 მილიარდი
კატარის საინვესტიციო ორგანო – $450 მილიარდი