Google-ის პროდუქტების სამარხი: კომპანიის საუკეთესო, ყველაზე ცუდი და უცნაური იდეები

Google-ის პროდუქტების სამარხი: კომპანიის საუკეთესო, ყველაზე ცუდი და უცნაური იდეები

კომპანიის 25-წლიანი არსებობის ისტორიაში, Google-ს არაერთი პროდუქტი შეუქმნია, რომელთაც Chrome-ის, Docs-ის, Drive-ის, Earth-ის, Google Maps-ის, Gmail-ის, Meets-ის, Google Play-ის, Google Photos-ს, Translate-ისა თუ სხვა ათობით პროდუქტის მსგავს წარმატებას ვერ მიაღწიეს. მეტიც, ზოგიერთ მათგანს დღის სინათლეც კი არასდროს უნახავს. სკეპტიკოსები ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს ხშირად იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მან ბევრი პროდუქტი „იმსხვერპლა“, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი მათგანი დროსთან შეუფერებელი, გაუგებარი, განუვითარებელი, ანდაც ზედმეტად განვითარებული იყო. ამ სტატიაში Google-ის იმ პროდუქტების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს.

მალევე კრახით დასრულებული პროექტები

Googlerola phones: რომ არა 2014 წელს Google-ის მიერ Motorola-ს Lenovo-სათვის მიყიდვა, შესაძლოა ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ყოფილიყო. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ერთი წლით ადრე უკვე სმარტფონის წარმოებაც დაწყებული ჰქონდა. Moto X იმ დროისათვის არსებულ სმარტფონებზე მაღალტექნოლოგიური იყო. თუმცა, ხარჯების შემცირების მიზნით, Google-მა Motorola გაასხვისა და გადაწყვიტა, სმარტფონების ბაზარზე ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა. დღეს კი ვხედავთ, რომ კომპანიამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და ახალი ხაზი Pixel-ი ჩაუშვა.

Google Desktop: 2004 წელს შექმნილი ეს პროდუქტი მომხმარებლებს Windows-ის აპლიკაციის დახმარებით, ინტერნეტში ძებნის, კომპიუტერის ფაილებზე წვდომისა და მეილების გაგზავნის შესაძლებლობას აძლევდა. პროექტი 2011 წელს დაიხურა იმ მიზეზით, რომ Google-მა გადაწყვიტა Cloud-აპლიკაციებზე მეტი ყურადღება გაემახვილებინა.

Bump: აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა კონტაქტები და ფაილები მოწყობილობებს შორის მარტივად გაეზიარებინათ. Google-მა Bump-ი 2013 წელს შეიძინა და პროექტი იმავე წელს დახურა.

პროდუქტები, რომელთაც გასაქრობად არც ისე ცოტა დრო დასჭირდა

Google + : კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი. Google-ის სოციალური ქსელი, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ სხვა პროდუქტებიც გაანადგურა. Google Reader-ი და Latitude-ი ამ აპლიკაციებს განეკუთვნებიან. წლების განმავლობაში Google-ი Youtube-ის ვიდეოზე დასაკომენტარებლად Google +-ის ანგარიშს ითხოვდა. თუმცა, ამგვარმა აგრესიულმა მიდგომამ არ გაამართლა და კომპანიამ პროდუქტი 2019 წელს საბოლოოდ გააუქმა. მისი კორპორაციული ვერსია, Currents-ი კი მხოლოდ წელს გაუქმდა.

Google Buzz: Google +-მდე 1 წლით ადრე, კომპანიამ კიდევ ერთი სოციალური ქსელის ჩაშვება სცადა, რომელიც მომხმარებლებს მეილის საშუალებით ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობას აძლევდა. პროდუქტს პრივატულობის სიმცირის გამო მალევე პრობლემები შეექმნა. Google-ი ამ პრობლემების აღმოფხვრას შეეცადა და Buzz-ის ბაზაზე Google + შექმნა. Google Buzz-ი 2011 წელს დაიხურა.

Google Glass: $1,500-დოლარიანი სათვალის ჩარჩო მცირე ზომის ინტეგრირებული მონიტორით, რომელიც თვალის ზემოთ თავსდებოდა. პროდუქტი კულუარულად, არასაწარმოო დანიშნულებით 2012 წელს ჩაეშვა და პოპულარობის გასაზრდელად მოდის ვარსკვლავებს გადაეცათ. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ჯერ მსოფლიო მსგავსი ინოვაციისთვის მზად არ აღმოჩნდა. Google Glass-ის საწარმოო ვერსიამ 2017 წელს გაჟონა, თუმცა პროდუქტი საბოლოოდ მხოლოდ წელს გაუქმდა.

ყველაზე უცნაური პროდუქტები

Google Barges: 2013 წელს სან-ფრანცისკოში მოტივტივე გემები გამოჩნდნენ, რომლებიც, როგორც შემდეგ გაირკვა, Google-ის მორიგი პროდუქტი გახლდათ. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია Google-მა მისი მალევე გაუქმების შემდეგაც არ გათქვა. თუმცა, კომპანიის განმარტებით, ის ალტერნატიული სივრცის ძიებაში იყო, სადაც ხალხი ახალი ტექნოლოგიის გაცნობას შეძლებდა.

Nexus Q: Google-ის პირველი მრგვალი, ბურთის ფორმის პროდუქტი, რომელსაც ხმოვანი და ვიზუალური გამოსახულების მოცემა შეეძლო. Google-ი მოწყობილობის გაყიდვას $300 დოლარად გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით მისი წარმოების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

Google Wave: ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის პირველი კორპორაციული აპლიკაცია. Slack-ისა და Nition-ის მსგავსი პროდუქტი, რომელიც Google-მა 2009 წელს ჩაუშვა. ეს გახლდათ პროდუქტი, რომელიც ციფრულ სამუშაო სივრცეს ქმნიდა, სადაც თანამშრომლებს ერთმანეთთან მიმოწერა, დარეკვა, დავალებების გაკეთება და სხვა შესაძლებლობები ჰქონდათ. 2010 წელს Google-მა ის Wave Apache-ად გადააკეთა, რომელიც საბოლოოდ 2018 წელს გაუქმდა.

„ზედმეტი“ პროდუქტები

Google Inbox: 2014 წელს შექმნილი პროდუქტი, რომელიც ფაქტობრივად Gmail-ის ერთ კონკრეტულ გვერდს ასახავდა. ამიტომ, პროდუქტი 2019 წელს გაუქმდა.

Google Play Music: Youtube-ისა და ამ პროდუქტის ერთად ფლობა კომპანიისათვის აზრს მოკლებული გახლდათ. ამიტომ, მისი ინტეგრაცია Google-მა Youtube Premium-ში მოახდინა.

Google Now: პროდუქტი, რომელიც ახალ ამბებს მანამ გაწვდიდა, სანამ ამას სთხოვდი. 2012 წელს შექმნილი პროექტი მომხმარებლებს საცობის, ფრენებისა და ამანათების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. 2016 წელს Google Assistant-ის ჩაშვების შემდეგ კი პროდუქტი საჭირო აღარ გახლდათ.

საპატიო ადგილი Google-ის სამარხში

Google Labs: Google News-ი, Google Maps-ი, Google Calendar-ი და კიდევ უამრავი პროდუქტი სწორედ Google Labs-ის წყალობით შეიქმნა. ის, ფაქტობრივად, ახალი პროდუქტების სამჭედლო გახლდათ მანამ, სანამ კომპანიამ 2011 წელს მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და უფრო კორპორაციულ კულტურაზე გადაერთო.

შეიძლება სწორედ ამის დამსახურებაა, რომ კომპანიამ Google Labs-ის სიმბოლო ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას გააცოცხლა. როგორც ჩანს, დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, კომპანია საკუთარი ექსპერიმენტული ხასიათის დაბრუნებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვნახეთ, Google-ის ექსპერიმენტები, ყოველთვის არ ამართლებს.